ახალი ამბები

„ნასვამი მძღოლების 70% სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებით გამოირჩევა – არსად შემხვედრია, რომ ნასვამობაზე წამახალისებელი ზომები ყოფილიყო“

„პრაქტიკაში არსად შემხვედრია, რომ ნასვამობაზე მსგავსი წამახალისებელი რეგულაციები ყოფილიყო“ – ასე ეხმაურება საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იზორია „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ ამნისტიას.

როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვის შემთხვევებზე, პირიქით, გასამკაცრებელია რეგულაციები.

„გარკვეული ქვეყნები სარგებლობენ წამახალისებელი სისტემით, მაგრამ ამ ნაწილში ნასვამობის დროს საჭის მართვის შემთხვევების შეყვანა კატეგორიულად მიუღებელია. ეს შესაძლოა, ეხებოდეს ქულათა ამოწურვას, მაგალითად, როცა მძღოლმა წითელზე გაიარა, არ დაუთმო გზა ან პარკირების გამო ქულები ჩამოაკლდა – ასეთ დროს შესაძლოა, წამახალისებელი ზომების გატარება, თუმცა, ასე ხელაღებით რომ 20 ათას ადამიანს დავუბრუნოთ მართის უფლება, ეს არ უნდა ხდებოდეს. სხვა ქვეყნებში მძღოლები გადიან სპეციალურ კურსებს და ამ კურსის გავლის დამადასტურებელ ცნობას რომ მიიტანენ შესაბამის უწყებაში, შემდეგ შესაძლოა წამახალისებლად დაუბრუნონ ქულები, მაგრამ პრაქტიკაში არსად შემხვედრია, რომ ნასვამობაზე ყოფილიყო მსგავსი წამახალისებელი რეგულაციები. ქვეყნები პირიქით ამკაცრებენ ამ წესებს.

საქართველოში გვაქვს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2023-2025 წლებს მოიცავს და ამ სტრატეგიაში პირდაპირ წერია, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში საგზაო შემთხვევები და სიკვდილიანობა შემცირებული უნდა იყოს. პრობლემების წინაშე ვდგავართ, ფაქტობრივად, ვერ შევასრულეთ დოკუმენტში აღწერილი ამოცანა. ამ ფონზე წამახალისებელი ღონისძიებები კი არ უნდა გავატაროთ, არამედ, უფრო სიღრმისეულად უნდა მოხდეს იდენტიფიცირება იმის, თუ რა საგზაო შემთხვევები გაიზარდა და ამის მიხედვით, უფრო დახვეწილი საგზაო სტრატეგია უნდა მივიღოთ. ალბათ, 2026 წელს დამტკიცდება ეს სტრატეგია და დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები არ იქნება ჩადებული, რადგან არ უნდა წავახალისოთ მძღოლები, რომლებიც სამართალდარღვევებს ჩადიან, რადგან საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე. რეგულაციებში რა ხარვეზებიცაა იმის აღმოფხვრაზე უნდა ვიზრუნოთ და არა წამახალისებელ ზომებზე“, – აღნიშნავს ირაკლი იზორია.

ამასთანავე, მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს 2025 წლის ბოლომდე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები უნდა შეემცირებინა, თუმცა, ამოცანა ვერ შესრულდა. იზორია აღნიშნავს, რომ ამ ფონზე ამნისტიის ნაცვლად, რეგულაციები უნდა მკაცრდებოდეს.

„ბოლო პერიოდში გაზრდილია ავარიების შედეგად გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა. როდესაც ავტომობილში ვსხედვართ, ტრანსპორტი საგზაო მოძრაობის წესების დაცვით ისე უნდა ვმართოთ, რომ ერთმანეთს არ შევუქმნათ პრობლემები. არამარტო სახელმწიფოს, არამედ ყველას პასუხისმგებლობაა, როცა ქუჩაში გამოვდივართ ავტომობილით, გადავადგილდეთ უსაფრთხოდ. ნასვამი მძღოლების 70% სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებით გამოირჩევა და ვერ აკონტროლებენ საჭეს სიჩქარის განვითარების დროს. ეს ყველაფერი – ნასვამობა, სიჩქარე, ურბანული ლიმიტები, სასკოლო ზონები ერთმანეთთან არის ბმაში. არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები და მიდგომები უნდა გადმოვიტანოთ, ზოგ ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ საერთოდ ადამიანი არ დაიღუპოს საგზაო შემთხვევით, ამას ჰქვია ნულოვანი ხედვა და რატომ არ შეიძლება ეს ნულოვანი ხედვა ჩვენც გადმოვიღოთ. მით უმეტეს საქართველო არ არის ძალიან დიდი ქვეყანა, რომ სასწაული შესაძლებლობა სჭირდებოდეს აღსრულებისთვის – ამას სჭირდება სწორი დაგეგმვა და მენეჯმენტი“,
– განაცხადა ირაკლი იზორიამ.