16 წლის პირს ქორწინება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეეძლება
ცვლილების მიხედვით, 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი იცვლება. კერძოდ, ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ცვლილებებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძვლები და ერთადერთ პატივადებ საფუძვლად განისაზღვრება გოგონების შემთხვევაში ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში – ბავშვის დაბადება. დღეს მოქმედი ნორმით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, დღეს მოქმედი მშობლის თანხმობის წესი პრაქტიკაში ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა.
“სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი წინადადება კიდევ უფრო დაიხვეწა და არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება დაზუსტდა. წინადადების მომზადებას და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად უდევს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანგრძლივი შესწავლის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ასევე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და გენდერული თანასწორობის სფეროში წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა. შეიძლება ვისაუბროთ, რომ საზოგადოება მზად არ არის ამგვარი ცვლილების განსახორციელებლად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ადრეულ ასაკში ქორწინების მასშტაბები და პრობლემის სიმძაფრე. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების მხრიდან მიმღებლობას, თუმცა გვსურს ხაზი გავუსვათ ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის პრინციპებს, რომლებიც მიგვითითებენ ბავშვების/გოგონების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, რაც უპირატესია საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებსა თუ პრაქტიკებთან მიმართებით”, – განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.