სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლის ბუფეტებს ამოწმებს
მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდა 290 ინსპექტირება (გეგმური – 40 საბავშვო ბაგა-ბაღსა და 4 სკოლაში, არაგეგმური – 2 სკოლაში, გადამოწმდა 213 საბავშვო ბაგა-ბაღი და 31 სკოლის ბუფეტი).
გადამოწმებისას რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 5 საბავშვო ბაღი 400 ლარით დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა და, შესაბამისად, არცერთი საბავშვო ბაღის კვების ბლოკსა და სკოლის ბუფეტს საწარმოო პროცესი არ შეჩერებია. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოწმებისას გამოვლინდა ჭურჭლის გასარეცხი და ხელსაბანი ნიჟარების არასაკმარისი რაოდენობა, ცხელი წყლისა და შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების, სათანადო ვენტილაციის, დეზობარიერების, მწერებისაგან დამცავი ბადის არარსებობა, დამცავი ტანისამოსის არქონა და ა. შ.
,,აღნიშნული შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები და ვადები, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები გადამოწმებას განახორციელებენ. 2015 წლის იანვრიდან დღემდე, წინასწარი მონაცემებით, სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებულია 2011 ინსპექტირება, მათ შორის, საბავშვო ბაგა-ბაღებში 1650 (გეგმური – 941, არაგეგმური – 13, გადამოწმება 696) და სკოლის ბუფეტებში – 361 (293 – გეგმური; 4 – არაგეგმური; 64-გადამოწმება).
ინსპექტირების პროცესი კვლავ გრძელდება”,- განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.