საწარმოები რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ
შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების დანერგვის აუცილებლობაზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
საქართველოში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბების კომპონენტის კოორდინატორის, ნიკოლოზ ჯავშანაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ახორციელებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროგრამას (RECP), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ქვეყანაში.
მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მოხდება ტრენინგის მონაწილეებისთვის საწარმოების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობა და ერთგვარი რეკლამირება ფართო საზოგადოების წინაშე.
,,პროექტის განხორციელება მიზნად ისახავს საწარმოებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, დახმარების აღმოჩენას. მისი ამოცანაა, პრაქტიკული დახმარება გაუწიოს 8-10 საწარმოს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის განხორციელებაში, რაც გულისხმობს საწარმოს მიერ დაზოგილ ენერგიას, უფრო მეტ ფინანსურ სარგებელსა და დაზოგილ ნედლეულს/მასალებს.
პროგრამის დამთავრების შემდეგ ყოველ საწარმოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმა და დაწყებული უნდა ჰქონდეს საქმიანობა მის განსახორციელებლად.
ტრენინგების დასრულების შემდეგ, საწარმოებს გადაეცემათ სერთიფიკატები იმის დასტურად, რომ მონაწილეობდნენ პროგრამაში და გაიარეს გადამზადების კურსი. შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონში არსებული სხვადასხვა საწარმოების წარმომადგენლები.
ჩვენი ორგანიზაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს პროგრამებს ამ კუთხით. გასულ წელს 10 საწარმო გვქონდა აღებული, ჩავატარეთ მსგავსი ტიპის შეხვედრები, ასევე გაკეთდა შეფასებები კომპანიებში, ადგილზე შევისწავლეთ ორგანიზაციებში არსებული სიტუაცია. შემდეგ გავეცით რეკომენდაციები იქ არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად.
საწარმოებმა რეკომენდაციების ნაწილი რაც შეეძლოთ გაითვალისწინეს, ის საწარმოები კი, რომლებიც ინვესტიციებს საჭიროებდნენ, ამ საკითხზე წელს ვმუშაობთ. გვინდა, რომ გამოიყოს მცირე თანხა მათ დასაფინანსებლად, რაც ერთ-ერთი დამატებითი სარგებელი იქნება კომპანიისთვის ამ პროექტიდან,’’– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ჯავშანაშვილმა.