კახელი ბალერონი სცენის მიღმა
მიუხედავად იმისა, რომ თეტარი მისთვის საცხოვრებელი სახლია რადგან უკვე წლებია იქ ცხვრობს, ყოველ დილას განსაკუთრებით ემზადება სამსახურში წასასვლელად და ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს. დიდი თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი 20 წელზე მეტია გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ხელმძღვანელობს და ბავშვების განათლებასა და კულტურაზე ზრუნავს.
ცეკვით 8 წლის ასაკიდან არის გატაცებული და ამ სფეროში წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა დასჭირდა. ცეკვაზე შეყვარებული ყმაწვილი 17 წლის იყო მამიდამ ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში, დავით ჯავრიშვილთან მიიყვანა.
რამდენიმე წელის შემდეგ კი, ის თეატრში სტაჟიორად მიიღეს. მოგვიანებით საბალეტო მსახიობი გახდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი წინსვლა ხელოვნებაში. ,,ორი წელი დავდიოდი ცეკვის წრეზე და ძალიან შემიყვარდა. როცა ჩემმა მშობლებმა თბილისში წამიყვანეს, მამაჩემმა ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიყვანა და ჩამსვეს ჯგუფში. შემდეგ თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანი მოვიდა და მისი ინიციატივით, მოზრდილთა ჯგუფში გადამიყვანეს. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ავუღე ალღო, ვსწავლობდი კლასიკურ სამეჯლისო, ხალხურ და საბალეტო ცეკვებს და სხვა. ენერგიას არ ვზოგავდი. ერთხელაც სპექტაკლი გვქონდა სახელწოდებით ,,წითელი ყაყაჩო’’ და მთავარი როლის შემსრულებელი ავად გახდა, მისი ჩატარების დრო კი, დანიშნული იყო. მთხოვეს, მის მაგივრად მეცეკვა და დავთანხმდი. ძალიან კარგად შევასრულე და ამის შემდეგ, 1952 წელს მიმიწვიეს ოპერისა და ბალეტის თეატრში სტაჟიორად, შემდეგ კი, შტატში ჩამსვეს.’’
ტაბახმელაშვილი ოპერის და ბალეტის თეატრში მუშაობის წლებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ თავდაუზოგავი შრომით და ცეკვის სიყვარულით მან ბევრ წარმატებას მიაღწია. საერთაშორისო ფესტივალებზე ვახტანგ ჭაბუკიანთან, ვერა წიგნაძესთან და სუხიშვილების საბალეტო დასთან ერთად არაერთი ქვეყნის სცენა დაიპყრო. ოპერისა და ბალეტის თეატრში 21 წლიანი მუშაობისას 36 ქვეყანის მაყურებლის წინაშე წარდგა, რაზეც უამრავი ჯილდო და ღირსების ორდერი მეტყველებს, 2008 წელს კი საპატიო გურჯაანელის წოდება მიენიჭა.
,,ძირითადად ვცეკვავდი კლასიკას, ბოშურ, ქართულ და ესპანურ ცეკვებს. ქართულ კლასიკურ ბალეტებში უფრო ხშირად ვმონაწილეობდი, ასევე, საზღვარგარეთ მსოფლიო ფესიტივალებზე დავდიოდი სუხიშვილებთან ერთად. მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ხალხთა ფესტივალშიც და უამრავი ჯილდოც დავიმსახურე. ბოლოს ინგლისში ვიყავი ცნობილ ქართველ ბალერინა მარინა გოგიჩაიშვილთან ერთად და იქ ვასახელეთ საქართველო. 21 წელი ვცეკვავდი, შემდეგ ფეხი ვიტკინე და პენსიაზე გავედი, ამის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმეისტერმა გოგი ალექსიძემ ქართული ბალეტის რეპეტიტორად და დირექტორად დამნიშნა, მევალებოდა ახალგაზრდების მომზადება და მათთვის რეპეტიციის გავლა’’,- აღნიშნავს ტაბახმელაშვილი.
კახელი ბალერონი იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა ჰქონდა, როდესაც გაიგო გურჯაანში კულტურის განვითარებისთვის პროფესიონალი კადრი სჭირდებოდათ, გადაწყვიტა ბალეტი დაეტოვებინა, თოჯინების თეატრს სათავეში ჩასდგომოდა და თავისი გამოცდილება მომავალი თაობისთვის გაეზიარებინა. მაშინ, როდესაც თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა, ცარიელი შენობა ჩააბარეს. საკუთარი ენთუზიაზმით, კულტურის და ხელოვნების სიყვარულით კახეთის რეგიონში ერთჶერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი კულტურული კერა შექმნა, თოჯინების თეატრი თავადაც შეიყვარა და ბავშვებს საყვარელი სპექტაკლები დღემდე შემოუნახა. წარმატების მიუხევედავად, სათანადო დაფინანსების არქონის გამო, თოჯინების თეატრის 58 თანამშრომლიდან დღეს მხოლოდ 12 დარჩა. ამ პროცესში მონაწილეობას თავადაც იღებს. იგი თეატრის დირექტორობის გარდა, შენობის დაცვის ფუნქციასაც ითავსებს და დარაჯად მუშაობს.
,,გურჯაანის თეატრის ცარიელი კედლები ჩამაბარეს, ყველაფერი მე გავაკეთე, ყველა ტექნიკა და აუცილებელი ნივთებით სულ მე მოვამარაგე. თოჯინების თეატრმა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად 1991 წელს მიიღო სახელმწიფო თეატრის წოდება. რეპერტუარში დღეისთვის 29 სპექტაკლი გვაქვს, თუმცა ცოტა ვართ. ადრე 58 თანამშრომელი მყავდა აქედან 8 მსახიობი იყო. ბოლოს კი, ისე შეგვამცირეს, რომ დავრჩით ორი მსახიობი. აქ ყველა სხვა თანამშრომლის ფუნქციასაც ითავსებს, მაგალითად ხმის გამშვები, ხშირად დეკორაციების გადაადგილებაში გვეხმარება, მხატვარი გამნათებლის ფუნქციასაც ითავსებს, აკეთებს დეკორაციებს, მეც მასე ვარ და დარაჯის მოვალეობასაც ვითავსებ. სულ 12 თანამშრომელი ვართ და ისე ვინახავთ ყველაფერს, არაფერი დაზიანებულა.’’
ტაბახმელაშვილი მეუღლესთან ერთად დღეს გურჯაანის კულტურის სახლის შენობაში ცხოვრობს. მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, მისი მეუღლე თინათინ ბარძიმაშვილი ამბობს, რომ ხელოვან და ღირსეულ ადამიანთან ერთად ცხოვრება ეამაყება. მისი თქმით, სასიამოვნოა როცა ქალს გვერდით წარმატებული მეუღლე ჰყავს.
მსახიობი და დრამატურგი, გივი გორხელაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში თეატრის ხელმძღვანელობის გარდა, სპექტაკლებისთვის დეკორაციებსაც თავისი ხელით ამზადებდა, გივი ტაბახმელაშვილის თაოსნობით გურჯაანში 49 სხვადასხვა სახეობის წრე ქალთა კაპელა, ქალთა ანსამბლი, ცეკვის და სახალხო ანსამბლები შეიქმნა, რომლებმაც გურჯაანს წარმატება მოუტანეს.
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ სწორედ ტაბახმელაშვილის დამსახურებაა გურჯაანის თეატრი თოჯინების სახელმწიფო თეატრის სახელს რომ ატარებს. გორხელაშვილის თქმით, აუცილებელია მას ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილის შეტანისთვის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭოს.
,,როდესაც 1987 წელში გურჯაანის თეატრის შენობა აშენდა, გივი გორხელაშვილი სპეციალურად გამოგზავნეს დირექტორად. მე მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. ძალიან ბევრს ცდილობდა, თეატრი წინ წასულიყო. დეკორაციებსაც თავისი ხელით აკეთებდა. მისი მეთაურობით აქ 49 სხვადასხვა სახეობის წრე მუშაობდა. აქ იყო ქალთა კაპელა, ქალთა ანსამბლი, ცეკვისა და სახალხო ანსამბლები. 1992 სახალხო თეატრი სახელმწიფო გახდა და ის კახეთის რეგიონში ერთადერთია. იმდენად უყვარს ეს საქმე, რომ ხშირად სცენაზე თვითონაც თამაშობს. ეს ადამიანი ხელოვნებისთვის არის დაბადებული და ცდილობს, გურჯაანი ყველგან ჩანდეს. ამ წლების განმავლობაში უერთმანეთოდ ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. მას დიდი დამსახურება აქვს, ძალიან მინდა კულტურის სამინისტრომ მოინდომოს და ეს დიდებული ადამიანი გახდეს სახალხო არტისტი.’’
კახელი ბალერონი ოცნებობს, რომ შექმნას ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, სიმღერას, დახვეწილად მეტყველებას და მსახიობის ოსტატობას შეასწავლის. მანამდე კი, ვიდრე სანუკვარი ოცნება აუხდება, თეატრის ერთგული დარაჯი და დირექტორი, ყოველ პარასკევს თეატრის ფარდის გახსნას ბავშვების ჟრიამულს ელის.
ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი
ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი
ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი
მსახიობი და დრამატურგი, გივი გორხელაშვილი
მსახიობი და დრამატურგი, გივი გორხელაშვილი
ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი