სტატიები

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – დანამატი თუ ადგილობრივი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო?

 პლატონ კალმახელიძის უწყებაში მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობას გაზრდის. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებისათვის საზოგადოება ჯერ მზად არ არის და თვითმმართველ ერთეულში სათათბირო ორგანო იქნება ერთგვარი დანამატი. 
უკვე განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში შევლენ მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. 
ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი არ აპირებს გაწევრიანებას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში, რომელიც პლატონ კალმახელიძის ახლო მომავალში შეიქმნება. მოსიაშვილი ფიქრობს, რომ ეს იქნება ერთგვარი დანამატი, რომელსაც ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენელი საბჭოს დამოუკიდებლობას გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ სათათბირო ორგანო მმართველი გუნდის საწინააღმდეგო მოსაზრებას არასოდეს დააფიქსირებს. 
„ქალაქში რომ იყოს სხვა გარემოება, აუცილებლად გავწევრიანდებოდი, მაგრამ ვთვლი, რომ მრჩეველთა საბჭო იქნება ისეთივე არაფრის მომცემი არ იქნება, როგორიც იყო მაგალითად საკონკურსო-საატესტაციო კომისია, სადაც ჩართული იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, მაგრამ რეზონანსი ვერ მივიღეთ. ანალოგიურად ვთვლი, რომ მეს სდაბჭოც იქნება მერზე და მერის პირად ინტერესზე მორგებული და შესაბამისად არ მინდა, რომ ამ საბჭოს წევრი ვიყო. ჩემი ნებისმიერი ინიციატივა იქნება ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, – განაცხადა მოსიაშვილმა. 
შენიშვნები აქვს ოპოზიციასაც. ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი საქართელოს პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი ძამუნაშვილი მიიჩნევს, რომ კანონში ამ ცვლილების შეტანა ნაადრევი გადაწყვეტილება იყო, რადგან მოქალაქეები არ არიან მზად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავად იყვნენ ამა თუ იმ ინიციატივის ავტორები. 
„აუცილებელია, საზოგადოება ჩაერთოს მუნიციპალიტეტის მუშაობაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეების აქტიურობა არ იქნება. ეტყვიან კონკრეტულ პირებს, შესთავაზებენ გაწევრიანებას და როგორც ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც ეს ორგანო ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს თვითმმართველობის ეფექტურ განხორციელებაზე. საზოგადოებაში ნიჰილიზმია. ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას ესწრებოდა სულ 3 ადამიანი. აქედან თქვენ თავადვე განსაჯეთ, რა შედეგს მოიტანს ეს საბჭო“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ძამუნაშვილმა. 
მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილი კი პოზიტიურ მოვლენად აფასებს მუნიციპალიტეტის სათათბირო მორგანოს შექმნას, თუმცა მრჩეველთა საბჭოს ეფექტურობაზე წინასწარ ვერ პროგნოზირებს. მჭედლიშვილი ყურადღებას ამახვილებს მერიის სათათბირო ორგანოს კომპეტენტური და პრინციპული ადამიანებით დაკომპლექტებას, რომელიც განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას. 
„თეორიულად ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითია, თუმცა ჯერ არ ვიცით, პრაქტიკაში რა იქნება. ჯერ არავინ არ იცის, რამდენად კომპეტენტური ადამიანებისაგან იქნება ეს საბჭო დაკომპლექტებული. თუ ამ ორგანოში 15 ან მეტი ადამიანი იქნება გაწევრიანებული, შესაძლოა გაორებასთან გვქონდეს საქმე, რადგან საკრებულოს დეპუტატები მოქალაქეების არჩეულები არიან. ჯერ არ ვიცი, რა პრინციპით უნდა განისაზღვროს მრჩეველთა საბჭო. თუ ესენი იქნებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ეს იგივე საკრებულო გამოდის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ საბჭო არ იქნება ანგარიშვალდებული მოსახლეობის წინაშე“, – განმარტა არჩილ მჭედლიშვილმა. 
თელავის მერიაში ფიქრობენ, რომ დეცენტრალიზაციის პროცესში და ადგილობრივი პრობლემების ფოკუსირებაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ცალსახად მნიშვნელოვანია. ვიცე მერი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს იქნება ხელისუფლების ერთგვარი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 
„ვერ გავიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა და ეს მოხდა საზოგადოებასთან შეთანხმებით. თელავს ჰყავს მართლა ღირსეული აქტიური საზოგადოება, რომელიც ამ პროცესებში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. შესაძლოა ამას გარკვეული დრო, უფრო მეტი აქტიურობა სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მაზდ ვართ“, – განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას დაამტკიცებს თელავის მერი. თვითმმართველი ერთეულის სათათბირო ორგანო არანაკლებ 10 წევრით დაკომპლექტდება. განსაზღვრულია გენდერული კვოტირებაც. საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.