საქართველოს კონსტიტუციაში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე დაწევას. „ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხს, რომელიც ფორმულირებულია შემდეგი სახით. საქართველოს პარლამენტის წევრები აირჩევიან პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. მაგალითად. კახეთში 8 მაჟორიტარული ოლქია. შესაძლებელია იყოს 12, 15 ან ისევ 8 ოლქი. გააჩნია ეს საარჩევნო კოდექსით როგორ განისაზღვრება. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები შეიძლება მხარეებს დაემთხვას. შესაძლოა ერთ მხარეში იყოს ორი დეპუტატი“, – განუცხადა Knews.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტის წევრის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე. ამ ცვლილების შესაბამისად ჩატარდება 2020 წლის უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს არჩევნები.