თელავში არჩევნების შესახებ ონლაინ სასწავლო პროგრამა დაიწყო
საარჩევნო სამართლის ონლაინ პროგრამით გათვალისწინებულია 10 სასწავლო და 3 პრაქტიკულ ვიდეო-ლექცია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების, ასევე სტუდენტებისა და საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითრებას.
საარჩევნო სამართლის ონლაინ პროგრამის კოორდინატორის, ლალი შალვაშვილის განცხადებით, ონლაინ პლატფორმა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს დროის ნაკლები დანახარჯითა და სამუშაოს პარალელურად, მათთვის მოსახერხებელ დროს აიმაღლონ კვალიფიკაცია, მიიღონ ინფორმაცია და მოემზადონ არჩევნებისთვის.
„გვინდა, რომ პოლიტიკური პარტიების გარდა დავაინტერესოთ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც, რათა მათ იცოდნენ საარჩევნო სამართლის გარკვეული დეტალები. ეს ხელს შეუწყობს არჩევნების ნორმალურად წარმართვას, დემოკრატიული პრინციპების განვითარებას და თითოეული ადამიანის საარჩევნო ხმის უფლებას. სასწავლო პროგრამაზე სწავლების ორი მეთოდია: თავისუფალი მსმენელი და რეგისტრირებული მონაწილე. ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამის რეგისტრირებული მონაწილეები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა თავისუფალ მსმენელს საშუალება ეძლევა მოისმინოს და იხილოს 13 ვიდეო–ლექცია არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე“, – განუცხადა Knews.ge-ს ლალი შალვაშვილმა.
სასწავლო პროგრამას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით.