სტატიები

“უმჯობესია, მევენახემ სუბსიდია ყურძნის გადამუშავებაზე მოითხოვოს“

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით თამარაშვილი მეღვინეებს ურჩევს, რომ მთავრობისაგან სუბსიდირება ყურძნის გადამუშავებაზე მოითხოვონ. თამარაშვილის განმარტებით, ღვინის დაყენებით და შემდეგ მისი რეალიზაციით მეღვინე უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ყურძნის ჩაბარებიდან მიღებული შემოსავლით. 
„მიმდინარე სეზონისთვის ყურძნის მსხვილმა მწარმოებლებმა, ვისაც აქვს 5, 10, 20, 50, 100 თუ მეტი ფართობის ვენახი, მთავრობისაგან უმჯობესია, სუბსიდია ყურძნის გადამუშავებაზე მოითხოვონ, რათა საკუთარი ყურძნიდან ღვინო დააყენონ და საკუთარი შრომიდან უფრო მეტი შემოსავალი მიიღომ. 
ყურძენის ფასზე ზემოდან დადებული 35 ანდა 15 თეთრი სუბსიდიის თანხა მევენახეებს მისცემს ძალიან ცოტა შეღავათს, მაგრამ ყურძნის გადამუშავების და ღვინოდ დაყენების შემთხვევაში, ისინი უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ“, – განუცხადა Knews.ge-ს დავით თამარაშვილმა. 
ექსპერტი მევენახეებს ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ყურძნის გადამუშავებასა და ღვინის შენახვასაც ურჩევს. მისი განცხადებით, უმჯობესია, მთავბრობამ ქარხანას პროდუქციის გადამუშავებაზე, სუბსიდიის სახით, 1 კგ ყურძენზე 45-65 თეთრი მისცეს. 
„მევენახემ უნდა იცოდეს, რომ არსებობენ კეთილსინდისიერი ღვინის ქარხნები, რომლებიც ყოველ წელს იჯარით გასცემენ საკუთარ ქარხანას, დამკვეთს პირნათლად უსრულებენ ვალდებულებებს და ხარისხიან ღვინოსაც უმზადებენ მათ. ამ ქარხნებში 1 კგ ყურძნის გადამუშავება და ღვინის შენახვა მერყეობს 0,10 $ – დან 0,35 $-მდე ! უმჯობესია, მევენახემ ასეთ ქარხნებს მიმართოს. უმჯობესია, მსხვილმა მევენახეებმა დადონ ხელშეკრულება და საკუთარი მოსავალი გადაამუშაონ იქ, ხოლო მთავრობამ ამ ქარხანას მისცეს სუბსიდიის თანხა, საშუალოდ 1 კგ ყურძენზე 45-65 თეთრი, რათა ღვინის ქარხანამ თითოეულ მათგანს ხარისხიანი პროდუქცია დაუმზადოს“, – განაცხადა თამარაშვილმა. 
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყურძნის გადამუშავებაში გაცემული სუბსიდიით მთავრობასაც ექნება ფინანსური სარგებელი. თამარაშვილის განმარტებით, სახელმწიფო წარმოებული პროდუქციიდან სუბსიდიისა და მოგების გადასახადის სახით გარკვეულ თანხას ისევ უკან მიიღებს. 
„მთავრობას გაღებული სუბსიდიის თანხიდან გარკვეული ნაწილი წარმოებული პროდუქციიდან უკან მიუბრუნდება საშემოსავლო და მოგების გადასახადების ჩათვლით, რომელსაც მევენახე გადაიხდის. გადასახადის გადახდა არ ნიშნავს იმას, რომ მმევენახე შემოსავალს დაკარგავს. ის უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე ყურძნის რეალიზაციის შემთხვევაში. ასეთი მიდგომით ბიუჯეტის თანხაც ყაირათიანად დაიხარჯება. ამას ხაზგასიმით გეუბნებით. ამ დარგში ნელა, მაგრამ დაიწყება გამოცოცხლების პროცესი. მევენახე წინ წავა, განვითარდება. რთველის პროცესიც ნელა, მაგრამ აუცილებლად გავა პოლიტიკური დემაგოგიის სივრციდან“, – განმარტავს ექსპერტი. 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი კი ფიქრობს, რომ ყურძნის გადამუშავებაზე სუბსიდიის გაცემა საინტერესო მოსაზრებაა. მისი შეფასებით, მეღვინეობის მიმართულებით სუბსიდიის გაცემის კიდევ უფრო განსხვავებულ წესს მეტი შესწავლა და დამუშავება სჭირდება. 
„ვფიქრობ, რომ სუბსიდიის გაცემა ყურძნის გადამუშავებაზე საინტერესო იდეაა, რომელსაც უფრო მეტი შესწავლა სჭირდება. ყურძნის გაყიდვა გაცილებით ნაკლებ მოგებას იძლევა, ვიდრე ჩამოსასხმელი სახით ღვინის რეალიზაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენი მევენახეები გაძლიერდებიან და თავად დაიწყებენ ღვინის ჩამოსხმას. მსოფლიოში მიღებული წესია, რომ ხარისხიანი ყურძენი არ იყიდება, როგორც ეს კახეთში ხდება. ეს პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დამახასითებელი ფაქტორია. მევენახეობის მხრივ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხარისხიან ყურძენს აწარმოებენ, ამ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა. ისინი კი არ ყიდიან ყურძენს, პირიქით ცდილობენ, რომ თავად დააყენონ ღვინო და გაყიდონ. ხარისხიანი ღვინო, ზოგადად, კარგად იყიდება. ეს საინტერესო იდეაა და ალბათ ნელ-ნელა ეს დარგი ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაშიც განვითარდება“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა. 
მსხვილი მევენახეები კი ყურძნის გადამუშავებაზე სუბსიდიის გაცემას უარყოფითად აფასებენ. მევენახე ვაჟა ესიტაშვილს ორ პირივნებასთან ერთად დაახლოებით 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აქვს ვენახი გაშენებული. ის განმარტავს, რომ ღვინის რეალიზაციის მხრივ სერიოზული პრობლემა ექმნება და სანამ ქართული ღვინო არ გავა მსოფლიო ბაზარზე, სუბსიდიის გაცემის განსხვავებული წესი მევენახის ფინანსურად დააზარალებს. 
„თუ ბაზარი არ იქნება, რა აზრი აქვს ღვინის წარმოებას. გასაგებია, რომ კარგია ღვინის ქარხანამ დააყენოს მევენახის ღვინო და შესაძლებელი იყოს იქვე შენახვა. ეს მისაღებია, თუ ბაზარი ათვისებულია და ღვინის გაყიდვის პრობლემა არ დგას“, – განუცხადა Knews.ge-ს ვაჟა ესიტაშვილმა.