სტატიები

„ამათთვის მთავარია, ცოლ-შვილი ჰყავდეთ კარგად, დანარჩენი წყალსაც წაუღია“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პირველ პირს გაზეთ ,,კახეთის ხმასთან“ არ სურს თვითმმართველობის რეფორმის შედეგებზე საუბარი. ორი კვირაა, რაც გიორგი გზირიშვილი მედია საშუალების ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეფორმის შედეგად განხორციელებულ ცვლილებებზე უწყებისაგან მწირი ინფორმაციის შემცველი წერილობითი პასუხი მივიღეთ. გზირიშვილი მხოლოდ მედიასთან ურთიერთობის პრობლემით არ შემოიფარგლება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ადგილობრივები გამგებელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობასაც უჩივიან და აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი პირად კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ფლობენ ინფორმაციას, რეფორმის შედეგად ყველაზე მეტად რა მიმართულებით განხორციელდა ცვლილება რაიონში და როგორ აისახა სახეცვლილი კოდექსი მოსახლეობაზე. უწყებაში პასუხი არც იმაზე აქვთ, უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში და როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები.
„როდესაც ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის და რეგიონალური განვითარების პროგრამები, თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობაც იზრდება. ამ დროს უშუალოდ მოსახლეობა იკრიბება, ხვდება თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სოფლის პრობლემებს პრიორიტეტებად აყალიბებენ. რის შემდეგაც, მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტები ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების სახით“, – აღნიშნულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ წერილში.
,,კახეთის ხმამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შედარებით სრულყოფილი პასუხი 2015 წლის ბიუჯეტის გადანაწილებაზე მიიღო. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტი შეადგენს 12 306 818 ლარს. გამგეობაში ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფინანსება ყველა მიმართულებით გაიზარდა. 2014 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ გათვალისწინებული იყო 4 484 199 ლარი ხოლო 2015 წელს კი ამ მიმართულებაზე 449 690 ლარი განისაზღვრა. განათლების სფეროში წინა წელს 1 928 367 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო წლევანდელი წლის მიხედვით 2 154 832 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეყობისა და სპორტის სფეროების დაფინანსება გასული წლის ბიუჯეტით 1 103 691 ლარით განისაზღვრებოდა, ხოლო 2015 წელს 1 209 893 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მხრივ 2014 წელს ბიუჯეტიდან 685 306 ლარი გამოიყო. წლევნდელი მთავარი საფინანსო დოკუმენტით ამ მიმართულებაზე 824 649 ლარია გათვალისწინებული.
პრემიერმა ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანის ყველა საჯარო სტრუქტურაში უნდა დაწყებულიყო ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ადგილობრივ ბიუჯეტში შემცირებულიყო წარმომადგენლობითი და ადმინისტრაციული ხარჯები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯებისათვის 198 500 ლარი იყო გათვალისწინებული. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში კი ხარჯები 23 400 ლარით შემცირდა.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები თითქმის არ შემცირებულა და ყოველ კვირას, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გადაუდებელი აუცილებლობისათვის საწვავზე თანხის გამოყოფის მოთხოვნა განიხილება. ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი გარი ბუხნიკაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულების მიხედვით ბიუჯეტის არასწორ გადანაწილებაზეც საყვედურობს. ის განმარტავს, რომ ბიუჯეტის არასწორის დაგეგმვის გამო ყოველ კვირას მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შედის.
„მაგალითად ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე თანხები არასწორად არის გადანაწილებული. ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი წლით უნდა განისაზღვროს და ხარჯთაღრიცხვებიც ამ დროს შედგეს. როდესაც წინასწარ დავგეგმავთ ბიუჯეტს, დეკემბრისათვის უკვე გვეცოდინება რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ და რა არის მისი ღირებულება. ეს მოგვცემს მომავალი წლის ბიუჯეტის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელისუფლება ამას არ ითვალისწინებს. როდესაც ხდება ბიუჯეტის ფორმირება, იქ საორიენტაციო თანხებს წერენ. წინასწარ ერთი წლის განმავლობაში გამგებელი ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად აქტიურად უნდა ხვდებოდეს სოფლის მოსახლეობას და ეს მონაცემები უნდა მუშავდებოდეს. ასე რომ არ იგეგმება ბიუჯეტი, იმიტომაა, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ყოველ კვირა შედის ცვლილება. გარდა მაგისა, ბიუჯეტის შედგენის დროს ჯერ თანხას ანაწილებენ ადმინისტრაციულ ხარჯებზე და რაც დარჩება, შემდეგ, ყოველგავრი დაგეგმვის გარეშე, ანაწილებენ სხვადასხვა მიმართულებაზე. ასე არასწორად, საორიენტაციოდ არის გადანაწილებული თანხა დანარჩენ მიმართულებებზეც. გარდა ამისა, გამგებელს კომუნიკაცია აკლია მოსახლეობასთან. მოსახლეობასთან შეხვედრების ნაკლებობა ესეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა“, – განუცხადა ,,კახეთის ხმას“ გარი ბუხნიკაშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთ წელს უარყოფითად აფასებს. ისინი ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ. საგარეჯოელების შეფასებით, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
„ამათთვის მთავარია ცოლ-შვილი ჰყავდეთ კარგად, დანარჩენი წყალსაც წაუღია. XXI საუკუნეში წყალი რომ იქნება პრობლემა, რაღაზე უნდა ვილაპარაკო. თანხები დაიხარჯა, მაგრამ წყალი მაინც არ გვაქვს. გამგებელი მაინც შეგვხვდეს და დაგველაპარაკოს, მოისმინოს ჩვენი გასაჭირი, მაგრამ სად არის?,“ – განაცხადა საგარეჯოელმა აკაკი ბურდილაძემ.
„საგარეჯოს ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარით განისაზღვრება, მაგრამ არავინ იცის, ეს თანხა სად მიაქვთ. ყოველ წელს ამბობენ, რომ ბიუჯეტი შესრულდაო. რათ მინდა მასეთი შესრულება, თუ უფრო უარესად ვიქნები? კარგია, რომ ის მთავრობა აღარ არის, მაგრამ ესენი რაღას აკეთებენ?“, – აღნიშნა საგარეჯოს მკვიდრმა ავთანდილ აბესაძემ.

 

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.