ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გამოძიება 10 თვეა დუმს
წინასწარი ვერსიით, დაჭრილი გუსეინოვი მეუღლის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა. სასამართლომ კი აჯი გასანოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საგარეჯოში მომხდარი ამ საზარელი შემთხვევიდან 10 თვე გავიდა. მიუხედავად უტყუარი ფაქტებისა, სამართალდამცავი ორგანო გამოძიების შეწყვეტის მიზეზად ასახელებს მტკიცებულებების არარსებობას, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხანუმ ჯეირანოვა მეუღლის ნათესავებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ფეხშიშველი ჩამოატარეს და სცემეს.
რუსთავი 2-თან საუბარში კი სოფელ იორმუღანლოს რამდენიმე მკვიდრმა ღიად დაადასტურა ხანუმ ჯეირანოვას ქმრის ნათესავების მიერ ქალის სასტიკად მოპყრობის ფაქტი.
„ყვირილი და კივილი გავიგონე. გამოვედი მაღაზიიდან. რამდენიმე ბიჭი სცემდა გოგოს. ხალხი იყო შეკრებილი და ამას უყურებდა ყველა. შენობის უკან გაიყვანეს და იქაც სცემეს“, – ამბობს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, შემთხვევის თვითმხილველი, რომელიც სახელისა და გვარის გამხელისაგან თავს იკავებს.
„ყვიროდა კი არა ქვეყანას ჰყრიდა. მთელი სოფელი აქ იყო“, – ადასტურებს რუსთავი 2 -თან მიცემულ ინტერვიუში ადგილობრივი მამაკაცი.
ამჟამად ქმრის ნათესავების მიერ ხანუმ ჯეირანოვას სასტიკად შეურაცხყოფის ფაქტზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა ადგილობრივები პირად საუბარში 30 წლის ქალის სოფელში სახალხოდ ცემასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ადასტურებენ.
საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია საგარეჯოში ტრაგიკულად დაღუპული ქალის საქმის მასალები მთავარ პროკურატურას მოსთხოვეს. საგამოძიებო ორგანომ საიას მასალების გადაცემაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია 30 წლის ჯეირანოვას საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა.
„ხანუმ ჯეირანოვას საქმის მოკვლევა თავიდანვე დავიწყეთ. პროკურატურისაგან მოვითხოვეთ ჯეირანოვას საქმის მასალოები. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ იძიებდნენ ამ საქმეს, რა საგამოიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა პროკურატურამ გვაცნობა, რომ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან არ ხართ მხარე. ეროვნული კანონმდებლობის თანხმად, შემდგომი სამართლებრივი მექანიზმი, რომ პროკურატურას ინფორმაციის მოცემა ვაიძულოთ, არ გვაქვს, რადგან ჯეირანოვას ქმარი და მამა დაზარალებულის სტატუსით ამ ეტაპზე არ სარგებლობენ. დაზარალებულის სტატუსს იმ შემთხვევაში ანიჭებენ თუ ადგილი აქვს დანაშაულის შედეგად მიყენებულ მორალურ ან მატერიალურ ზიანს”, – განუცხადა Knews.ge-ს საიას იურისტმა, თამარ აბაზაძემ.
ხანუმ ჯეირანოვას ტრაგიკული სიკვდილის დღიდან ოჯახი საგამოძიებო ორგანოსგან ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებული პირებს ტელმან და აფკან გუსეინოვების, აივაზ და ნოვრუზ გასანოვების და ელჩინ დეიხანოვის დასჯას ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.
30 წლის ქალის თვითმვლელობიდან 4 თვის შემდეგ ხანუმას მეუღლემ, აჯი გასანოვმა ჯეირანოვას წამების ერთ-ერთი მონაწილე აფკან გასანოვი ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ხანუმას მამა, ზახიდ ჯეირანოვი საგამოძიებო ორგანოს უმოქმედობაზე მიუთითებს და სიძის ქმედებას იმით ხსნის, რომ მისი შვილის წამების არც ერთი მონაწილე ამ დრომდე დაკავებული არ არის.
“ეს ქვეყანაა? აქამდე დამნაშავეები სოფელში არ ჩნდებოდნენ. დაახლოებ ერთი თვეა, რაც ისინი დათარეშობენ სოფელში და რაც სურთ იმას აკეთებენ. საჭირო გახდა და ჩემმა სიძემ ესროლა ერთ-ერთს, აფკან გუსეინოვს იმიტომ რომ დასაჭერი იყო და აქამდე არ დაიჭირეს. მაგასთან ერთად სხვებიც უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ ჩემი შვილის უბედურება მაგათ სულ არ ადარდებთ, არც ენაღვლებათ“, – განუცხადა Knews.ge-ს ზახოდ ჯეირანოვმა.
იმ შემთხვევაში თუ გამოძიება არ განახლდება და პროკურატურა დამნასავეებს არ დასჯის, ხანუმას მამა თავად აპირებს სამართლიანობის აღსრულებას. “მთელი სოფელი მოწმეა, რომ ჩემი ხანუმა აწამეს და სცემეს. პროკურატურა არაფერს არ იძიებს. თუ დამნაშავეებს არ დააპატიმრებენ, იქამდე მიმვანენ, რომ მე მოვკლავ მაგათ”, – აღნიშნავს ხანუმას მამა.
მაშინ როდესაც პროკურატურას ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიებაზე თავი არ შეუწუხებია, სამაგიეროდ სასამართლომ თვითმვლელობით დაღუპული ქალის მეუღლეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გასანოვის ადვოკატები სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში 20 აგვისტომდე გეგმავენ. ისინი საქმეზე კვალიფიკაციის შეცვალს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა შეუმსუბუქდეს და გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1 ნაწილით, რომელიც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ადვოკატების განმარტებით, აფკან გუსენოვი განზრახ მკვლელობის მცდელობაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუსეინოვის მკვლელობა რომ არ ჰქონდა განზრახული, ეს დადასტურებულია საქმეში არსებული ყველა გარემოებით, ჩვენებებით, ფაქტობრივი მდგომარეობებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეთა ჩვენებებით და ა.შ. საინტერესოა მოწმე სამირ ბაირამოვის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დაჭრილი აფკან გუსეინოვი გაიქცა და მანქანაში საკუთარი ფეხით ჩაჯდა. პროკურატურა კი ამბობს, რომ სროლის შემდეგ იგი წაიქცა, რის შემდეგაც მას აჯი გასანოვმა იარაღი შუბლზე მიაბჯინა და მოკვლით დაემუქრა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამორიცხულია, რომ აჯი გასანოვი მივიდა წაქცეულ კაცთან და შუბლზე იარაღი დაადო. შემთხვევის დათვალიერების შედეგად ერთი წვეთი სისხლი არ ფიქსირდება. როგორ შეიძლება, რომ სისხლი დასდენოდა ფეხიდან და იქ ერთი წვეთი სისხლი მაინც არ ყოფილიყო? სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ აჯი გასანოვს ჰქონდა აფკან გუსეინოვის განზრახ მკვლელობის მცდელობა განზრახული. ამიტომ, ვითხოვთ ბრალის გადაკვალიფიცირებას“,– განუცხადა Knews.ge-ს აჯი გასანოვის ადვოკატმა ნუგზარ გულბანმა.
უფლებადამცველ ბაია პატარიას შეფასებით, ეს ფაქტი არის ხანუმ ჯეირანოვას წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის გაგრძელება, რადგან არც ერთი დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცა.
“მინდა ვთქვა, რომ ჩადენილი დანაშაული არის იმ დაუსჯელი და სასტიკი დანაშაულის გაგრძელება, რაც დაემართა ხანუმ ჯეირანოვას. ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ იქნა გამოძიებული, არავინ არ მიეცა პასუხისგებაში“, – განმარტავს პატარაია.
ხანუმ ჯეირანოვასა და აჯი გასანოვს ჰყავთ სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ბებია-პაპასთან იზრდებიან. დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ჯერ არ განელებიათ, როდესაც მამას ზედმეტად მკაცრი განაჩენი გამოუტანეს. მათ მძიმე ხვედრი ხვდათ წილად. მათ, სავარაუდოდ, ბავშვობის ობლად გატარება და მოსალოდნელი პრობლემების გამკლავება მამის მზრუნველობის გარეშე მოუწევთ.