,,ხალხი მარტო არჩევნებისთვის არ უნდა ახსენდებოდეთ”
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც მოსახლეობაზე დადებითად აისახა. საპირისპიროს ამბობენ ადგილობრივები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, კოდექსის ამოქმედების შემდეგ სიტუაცია გაუარესდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი, 2014 წლისგან განსხვავებით, 65 ათასი ლარით გაიზარდა და 10855500 ლარი შეადგინა. გამგეობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტს თანხა საკუთარი შემოსულობების გაზრდის ხარჯზე დაემატა და ის სხვადასხვა პრიორიტეტულ მუხლებზე გადანაწილდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი აცხადებს, რომ 2015 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება. ბუჯიაშვილი ყურადღებას ხარჯების შემცირებაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ თანხა, რომელიც გამგეობიდან და საკრებულოდან დაიზოგა, სხვადასხვა მუხლებს დაემატა.
,,2015 წელს სოციალური სფერო ფინანსდება 395.4 ლარით, 2014 წელს 548.3 ლარი იყო, საიდანაც 48300 ლარი საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წლის 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშენებლო მასალების შესაძენად გამოიყო. 2014 წლის სექტემბრიდან აღნიშნული მიმართულებით 143,1 ლარით გავზარდეთ დაფინანსება საკუთარი შემოსულობების ხარჯზე, ასევე,საჭიროების შემთხვევაში მოხდება აღნიშნული სფეროსთვის თანხის დამატება. 2014 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯა 4545,9 ლარი, ხოლო2015 წელს დაგეგმილია 3855,3 ლარის გახარჯვა, ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გვაქვს 548,8 ლარი, ხოლო რეგიონული განვითრების ფონდიდან 1949,7ლარი. გარდა ამისა, საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებში ხარჯები შემცირდა 43500ლარით, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ვფიქრობ, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, უფრო ეფექტური და სრულყოფილი გახდა თვითმმართველობის მუშაობა. კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მეტად უზრუნველყო მოქალაქეთა ჩართულობა და მონაწილეობა მართვის პროცესში. შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების დელეგირების წესი და პირობები, საკრებულოსა და გამგეობის უფლებამოსილებები და ა.შ’’,– აცხადებს ოთარ ბუჯიაშვილი.
ბუჯიაშვილი განმარტავს, რომ გარდა სხვა საკითხებისა, რეფორმის შემდეგ, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მთავრობის ნებართვით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და საკუთარი სახელით კაპიტალური ინვვესტიცია განახორციელოს.
,,ახალი კოდექსის თანახმად, თვითმმართველობებს უფლება აქვთ,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აიღონ სესხი იურიდიული პირისგან და განახორციელონ სხვადასხვა სახის პროექტები. გარდა ამისა, ასევე, მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით დასაფინანსებელი გადასახადების მიმართულებებსაც.’’
თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას დადებითად აფასებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩხეიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით გამგეობას უფლებამოსილებები გაეზარდა, უწყება გადაწყვეტილებებს საკრებულოს თანხმობის საფუძველზე იღებს.
,,გამგეობა საკრებულოსთან ერთად,მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებებს.გარდა ამისა, რეფორმის შემდეგ შემოსავლები და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა. 2015 წელს შემოსავლები 9 144 900 განისაზღვრა, ხარჯვითი ნაწილი კი – ნაშთის ხარჯზე 10 885 500 ლარით’’, -აცხადებს ზურაბ ჩხეიძე.
საკრებულოსა და გამგეობაში აცხადებენ, რომ გარდა სხვა საკითხებისა, ახალი კოდექსის თანახმად, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა გაიზარდა. უწყების ინფორმაციით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება მორიგი თუ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის გამოქვეყნება და მასზე დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს აქვს.
საკრებულოსა და გამგეობისგან განსხვავებით საპირისპიროს ამტკიცებს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ნაციონალების’’ თავმჯდომარე ზვიად დუშმანაშვილი. მისი თქმით, რეფორმის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, თვითმმართველობის მუშაობა გაუმჭვირვალეა და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართვის საშუალება არ ეძლევათ. გარდა ამისა, დუშმანაშვილი ამბობს, რომ უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე თუ საკრებულოს სხდომების ჩატარების შესახებ, მოსახლეობას ინფორმაცია არ მიეწოდება.
,,მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში არის ნული. ამ კუთხით ყვარელში ცუდი სიტუაციაა. ორი დღით ადრეც რომ გაიაროს მოქალაქემ ან მედიამ რეგისტრაცია აპარატში საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად, აპარატის რეაქცია ამაზე ძალიან მწვავეა. აქ ცდილობენ, რომ ვერცერთი მოქალაქე ვერ დაესწროს სხდომას. მას ართმევენ სხდომაზე დასწრების უფლებას. გარდა ამისა, თვითმმართველობის საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. საიტზე ,,კვარელი.გე”ვერანაირ ინფორმაციას ვერ ნახავთ პიარისა და არაფრისმთქმელი ფოტოების გარდა. იქ საკრებულოს შესახებ ინფორმაციას ვერ ნახავთ, ვერ წაიკითხავთ საკრებულოს სხდომების შესახებაც და სხვა, მაშინ, როცა ჩვენ მოვითხოვეთ საიტზე განთავსებულოყო ინფორმაცია საკრებულოს შესახებაც, აღმოჩნდა, რომ თურმე ის საკრებულოს კი არა, გამგეობის გვერდი ყოფილა’’,- ამბობს დუშმანაშვილი.
ფრაქცია ,,ნაციონალების’’ თავმჯდომარე ყურადღებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესსა და გამგეობაში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციაზეც ამახვილებს. მისი თქმით, უწყებაში დასაქმებულთა უმეტესობა ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტი და არაპროფესიონალი კადრია. დუშმანაშვილი გაბერილ შტატებსა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე შექმნილ პრობლემებზეც საუბრობს.
,,ბიუჯეტს ადგენს გამგეობა და მისი დაქვემდებარებული სამსახურები. იქ რამდენიმე ადამიანია პროფესიონალი, რომლებმაც თავისი საქმე კარგად იციან, მაგრამ უმეტესობა დილეტანტები არიან. ზოგი ისეთია, მრავალციფრიან რიცხვებს მეათედებსა და მეასედებში ვერ კითხულობს და არც სწავლა უნდათ. მე, მაგალითად, საკრებულოს წევრი რომ გავხდი, რაც არ ვიცოდი, წლების განმავლობაში ვიჯექი და ვსწავლობდი. გარდა სხვა საკითხებისა, თანხა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება. შექმნილია ბევრი აიპი, რომლებიც სავსეა თანამშრომლებით. იმდენად გაბერილია შტატები, რომ ბიუჯეტის თითქმის 50% ხელფასებზე იხარჯება. გადავსებულია სამსახურები ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტებით. ამ ინფორმაციის უკეთ გასაცნობად 15-ჯერ მაინცსაჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე, მაგრამ პასუხი დღემდე არ მომსვლია. გარდა ამისა, შეიქმნა ა(ა)იპ,,სოციალური ცენტრი’’, სადაც 4 ადამიანი მუშაობს. როცა ვეკითხები, რა არის მათი საქმიანობის მიზანი და რას აკეთებენ, ვერ მეუბნებიან. რა საჭირო იყო ამის შექმნა, როცა არსებობს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების სამსახური. ჩემი დასკვნა ასეთია, რომ ადამიანებს ასაქმებენ არჩევნებში დამსახურების და არა საჭიროების მიხედვით და პროფესიული კუთხით. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ჩემი აზრით, ემსახურება არა ხალხს, არამედ ,,ქართულ ოცნებას,’’–ამბობს დუშმანაშვილი.
დუშმანაშვილის მსგავსად მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მიმდინარე თუ განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ისინი განმარტავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სოფლების მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რათა არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღონ.
,,არ ვიცი, როდის იმართება საკრებულოს სხდომები და რა პროექტები ხორციელდება. ან საიდან უნდა ვიცოდე, ტელევიზორში მაგას არ აჩვენებენ და ჩვენთან მაგის სათქმელად არავინ მოდის. ჩემი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ავირჩიეთ, ხშირად უნდა მოდიოდნენ და გვაწვდიდდნენ ინფორმაციას ყველაფრის შესახებ. მარტო არჩევნების დროს არ უნდა ახსენდებოდეთ ხალხი’’,- აცხადებს ყვარლის მკვიდრი ლეილა გელიაშვილი.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.