ახალი ამბები

გლეხები ატმის რეალიზაციისათვის დახმარებას ითხოვენ

ამ ეტაპზე, ატმის კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ფერმერ გური ზარდიაშვილის განცხადებით, ატმის საშუალო ფასი 50 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს.
,,გადამყიდველებს ნარჩევი ხილი მიაქვთ, სხვანაირს არ იბარებენ. ატამი, რომელსაც წუნი აქვს, თითქმის არ იყიდება, გვრჩება ჩვენ და აღარ ვიცით, სად წავიღოთ. სადაც ატმის უხვი მოსავალია, ამ სოფლებისთვის ერთი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება რა გახდა, რომ ჩვენც ამოვისუნთქოთ. მოსახლეობაც ნაკლებად ყიდულობს. გასულ წლებში უფრო მეტი გასაღება გვქონდა, ზოგს საკამპოტედ მიჰქონდა, ზოგს სამურაბედ. წელს ეს გაყიდვებიც შემცირდა”, – განაცხადა გური ზარდიაშვილმა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში მოსავლის საერთო რაოდენობამ 23 ათასი ტონა შეადგინა. ოთარ დანელიას უწყების ინფორმაციით, ქართული ხილი და, მათ შორის, ატამი ექსპორტზე გადის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.
,,წელს, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე 10 000 – მდე ტონა ატამი გავა. ექსპორტის მაჩვენებელი შარშან 4 000 ტონა იყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყსა და სოფელ ახაშენში ხილის გადამამუშავებელი საწარმოები სრული დატვირთვით იწყებს მუშაობს.
საწარმო შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთში ხილი მუშავდება, სუფთავდება და ფასოვდება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა. ანალოგიურ მომსახურებას გაუწევს ფერმერებსა და გლეხებს სოფელ ახაშენის გადამამუშავებელი/სამაცივრე საწარმო,” – აცხადებენ ოთარ დანელიას უწყებაში.

უწყებისვე ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, კახეთში 6 000-დან 7 000 ტონამდე ატამი დაკრეფილია, საიდანაც 700 ტონამდე ექსპორტზეა გასული.