თხილის ექსპორტმა ღვინოს პირველად გაუსწრო
ერთ წელიწადში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა და შარშან ქვეყანაში 826 მილიონი დოლარი შემოიტანა. სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია აცხადებს, რომ თხილმა სულ ახალი პერსპექტივა გაუხსნა ქართულ აგროწარმოებას და მას უთოუდ ხელს შეუწყობენ, მათ შორის დღგ-ს მოხსნით, რაც ქართული თხილის ფასს გლობალურ ბაზრებზე კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის; ეს კი მით უფრო მარტივია, რომ გლობალური მოთხოვნის ზრდის ფონზე თხილის ფასი სწრაფად იზრდება, -თუკი გასულ წლებში 1 კგ გაურჩეველი თხილის ტიპური ფასი 4 ლარი იყო, შარშან ფასმა 8-9 ლარს მიაღწია და ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო ტენდენციის შედეგია. შარშან თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია, ყინვების გამო მოსავალი გაუნახევრდა, რამაც გლობალური ფასი გაზარდა და ამით ქართველმა მწარმოებელმა იხეირა.
ყვარელში თხილის პირველი ქარხანა „ნატექსი“ უკვე 5 წელია ფერმერებისგან პროდუქციის ჩაბარებას ახდენს. კომპანია ახალ ქარხანას თხილის ტრადიციულ მხარეში, სამეგრელოში აშენებს, რაზეც 600 ათასი ლარის იაფ აგრო-სესხს მთავრობა აძლევს. ”მე შემიძლია გავხდე მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი” – ამბობს მამუკა ბერიაშვილი, თხილის საწარმოს მფლობელი კახეთში:
„ევროპაში თხილი მე ადრეც გამქონდა, თუმცა ახლა ექსპორტის პროცედურები გამარტივდა, თანაც ადრე ეს დროებითი ნებართვის ფარგლებში ხდებოდა, ახლა კი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, ევრო-1 სერთიფიკატით, რომელიც აქვე, საქართველოში გაიცემა. ჩვენი უშუალო და უმსხვილესი კონკურენტი, თურქეთი ევროპაში ექსპორტზე 3%-იან მოსაკრებელს იხდის და შედეგად ჩვენთან საფასო კონკურენციას აგებს, ახლა მთავარია პროდუქციის მოცულობა გავზარდოთ და მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია ჩვენი გახდება“ – ამბობს 38 წლის ბიზნესმენი.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ თხილი ახალი ბიძგია ქართული აგრო – წარმოებისთვის, მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში მეთხილეებსისათვის დღგ-ს მოხსნა იგეგმება.
თხილის პირველი პლანტაციები კახეთში სულ 7 წელია რაც გაჩნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა და კახელებსაც ვაზის ალტერნატივის ძებნა მოუწიათ. იმ პირველმა ნარგავებმა მოსავალი 3 წლის შემდეგ მოიტანა და მამუკას ბერიაშვილს, ეს არ გამორჩენია, 2010 წელს მან ყვარელში თხილის პირველი ქარხანა „ნატექსი“ გახსნა და ფერმერებისგან პროდუქციის ჩაბარება დაიწყო. ახლა კი მეორე ქარხანაც აქვს, „ნათსი“ და მესამეს თხილის ტრადიციულ მხარეში, სამეგრელოში აშენებს, რაზეც 600 ათასი ლარის იაფ აგრო-სესხს მთავრობა აძლევს.
კახეთში მამუკას თხილის 120-ზე მეტი მიმწოდებელი ჰყავს, მათგან 20-ს 10 ჰექტარზე მსხვილი პლანტაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთი ყურძნის გარდა თხილის მწარმოებელ რეგიონადაც ყალიბდება, და, ეს მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზეც აისახება, – სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შარშან თხილის ექსპორტმა პირველად გაუსწრო ღვინოს და უმთავრესი საექსპორტო აგროპროდუქტი გახდა, ხოლო აგრო-ექსპორტი პირველად ქვეყნის მთლიან ექსპორტში 29%-იანი წილით მესამე ადგილზე გავიდა. ერთ წელიწადში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა და შარშან ქვეყანაში 826 მილიონი დოლარი შემოიტანა.
„თუკი პირველ წელს, 2011-ში სულ 500 ტონა გაუტეხავი თხილის შეგროვება მოვახერხეთ, წელს, ანუ 4 წლის თავზე, ეს მოცულობა 6-ჯერ გავზარდეთ და ევროკავშირში 3 ათას ტონამდე თხილი გადავტვირთეთ. ძირითადი პარტნიორი ჩეხეთში გვყავს, თუმცა გერმანიასა და საფრანგეთშიც ვყიდით, და, სხვა ქვეყნებიდანაც გვაქვს შეკვეთები, უბრალოდ საკმარისი რაოდენობის პროდუქტი არ არის. მთავარი პრობლემა, ცოდნის დეფიციტია, გლეხმა ნარგავების სწორი მოვლა არ იცის, რის გამოც 1 ჰექტარზე 1-1.5 ტონა თხილს იღებს, მაშინ როცა წესით ეს ციფრი მინიმუმ ორჯერ მეტი, 3 ტონა უნდა იყოს; ამიტომ ჩვენს მომწოდებლებს პერიოდულად წვრთნას ვუტარებთ, ვასწავლით ახალ ტექნოლოგიებს და წარმოების გაორმაგების უკვე პირველი შედეგებიც გვაქვს“ – ამბობს მამუკა ბერიაშვილი, უკვე სამი თხილის ქარხნის მეპატრონე.
რას იძლევა ევროპასთან ინტეგრაცია? – ეს კითხვა ქართულ მედიაში ყველაზე ხშირად შარშან გაისმოდა, – ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების პროცესში, – და თუკი მაშინ, პასუხი მხოლოდ ექსპერტებს ჰქონდათ და ისიც თეორიული, დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე ამ კითხვაზე უკვე მეწარმეებიც პასუხობენ, პირველ რიგში კი ფერმერები, რადგან საექსპორტო პოტენციალის მასობრივი წარმოება დღეს სწორედ ქართულ აგრო-სფეროს აქვს. ექსპერტები შარშან 2-3 წელიწადს ასახელებდნენ ვადად, როცა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პირველ ეფექტს ფერმერი დაინახავდა, და რადგან ეს უკვე პირველივე წელიწადს მოხდა, ესეც თავისთავად პასუხია კითხვაზე – რას იძლევა ევროპასთან ინტეგრაცია?