გაზგასამართ სადგურებს უსაფრთხოების დაცვის წესები გაუმკაცრდათ
კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონში ცვლილებებით, გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოების დაცვის წესები საგრძნობლად მკაცრდება. ცვლილების მიხედვით, გაზგასამართი სადგურები უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ გაზგასამართი სადგურის საქმიანობა, რომელიც არანაირ კონტროლს და ზედამხედველობას არ ექვემდებარება, მიმდინარე საშიში საწარმო პროცესებიდან გამომდინარე, მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს წარმოადგენს. ობიექტზე განთავსებული დანადგარები, მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, მომსახურება და განთავსების წესი, უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებს აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და წესების დარღვევის შემთხვევაში მათ დაჯარიმებას, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საააგენტო განახორციელებს. გაზგასამართი სადგურები უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი რატი აბულაძე აცხადებს, კანონი მიღებულია, თუმცა ამ დროისთვის ბოლომდე ამოქმედებული არ არის.
მისი თქმით, ამ დროისთვის ბაზარზე მოქმედი ოპერატორებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება, რათა ისინი ამ ცვლილებებს მომზადებულები შეხვდნენ.
„სააგენტოში სემინარის ფორმატში უკვე ჩატარდა რამდენიმე ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა. ოპერატორებს გავაცანით კანონმდებლობაში არსებული ცვლილება. ეს არის ერთგვარად მოსამზადებელი პერიოდი, რომელშიც ჩვენს მიერ მაღალი რისკის შესაძლო საფრთხის მქონე ობიექტების შერჩევა და მათი ტექნიკური ინსპექტირების კუთხით შემოწმებაც იგულისხმება. გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში კი კომპანია მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიებს არ დააჯარიმებს”, – აცხადებს აბულაძე.
მისი თქმით, მოსამზადებელი პერიოდი სავარაუდოდ, 2-3 თვეს გასტანს, რომლის შემდეგაც საააგენტო გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმებას დაიწყებს.
ახალი ნორმების მიხედვით, გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამოების აღმოჩენა ობიექტის მფლობელის 200 -დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. ნებისმიერ სადგურის ფარულად ექსპლუატაცია 1000 ლარიან სანქციას დაექვემდებარება, იგივე ქმედების განმეორება კი 1 500 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციას „კომერსანტი” ავრცელებს.