გინება და მუქარა რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე
მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება ოჯახის წევრებით და პირადი ინფორმაციების გასაჯაროების შესახებ გაფრთხილება- ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში, რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთ მოქალაქესთან ანონიმური ზარები ხორციელდება.
გამონაკლისი არც კახეთში მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. უცნობი ნომრებიდან დარეკვამ და მუქარამ სისტემატური სახე მიიღო.
„კახეთის ხმის“ თითქმის ყველა ჟურნალისტი, რედაქტორების ჩათვლით ანონიმური ზარების შეტევის ობიექტები გახდნენ.
„თითქმის 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა სატელეფონო ტერორი ჩვენი გამოცემის ჟურნალისტებზე და მათი ოჯახის წევრებზე,“ – განმარტავს მაია მამულაშვილი, გამოცემის ხელმძღვანელი. ჟურნალისტებზე და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებზე თავდასხმა მაშინ გააქტიურდა, როდესაც თელავში უცხოური გავლენის გამჭირვალეობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა მივიღეთ. შეუჩერებლად, დღისით და შუაღამისას ურეკავდნენ ჩვენი გამოცემის ჟურნალისტებს, ოჯახის წევრებს და აგინებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ, რომ საპროტესტო აქციებში აღარ მიეღოთ მონაწილეობა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურად გაუსწორდებიან და ცუდად დაამთავრებდნენ. “
ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ამის შესახებ საჯარო პოსტებიც გამოაქვეყნეს. თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან არანარი რეაგირება არ ყოფილა.
აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეები ინფორმაციას სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა ავრცელებენ და წერენ, რომ უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან. მოქალაქეები წერენ, რომ მათ საცხოვრებელი მისამართსაც უსახელებენ და ფიზიკური თავდასხმითაც ემუქრებიან. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ამას მმართველი პარტია აკეთებს, რადგან მათი დაშინება უნდა, რაც, მათივე თქმით, არ გამოუვათ.
სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში რეგისტრირებული ნომრებით ურეკავენ და ემუქრებიან ასევე კახეთის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სხვადასხვა პროექტში ჩართულ პირებს, სამოქალაქო აქტივისტებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ხალხს არ დააშინებს, არამედ გააბრაზებს და აქციაზე წამსვლელთა რიცხვი გაორმაგდება.
,,დღეს უკვე მეორედ დაურეკეს ჩემს მშობლებს, ამჯერად რამდენიმე წუთის წინ და უთხრეს, გადაეცით ქეთევანს, ნუ დადის აქციებზე, შეეშვას აქციებზე სიარულს, ასე სჯობს თქვენი ოჯახისთვისო! თქვენი ორივე შვილის უსაფრთხოებისთვის ასე სჯობსო! და კიდევ გამოუქვეყნებთ რაღაცებსო. ჩვენ მუქარის არ გვეშინია ‘’,- წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, წნორის ,,ცოდნის კაფეს“ წარმომადგენელი ქეთი მოლაშვილი.
რამდენჯერმე დაურეკეს და დაემუქრნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის კოორდინატორ თამარ მოდებაძეს და მის მშობლებს. როგორც Knews.ge-სთან საუბრისას თამარი აცხადებს, მისი აქტიურობა და კანონის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები თვალში მოსახვედრი გახდა.
,,როგორც ჩანს, ჩემი აქტიურობაც სხვებთან ერთად თვალში მოსახვედრი გახდა რუსულ კანონთან დაკავშირებული კომენტარების გამო და ჩემთანაც განხორციელდა ზარები, ისევე როგორც სხვა აქტიურ ადამიანებთან, რომლებიც აპროტესტებენ ამ პროცესს. სასაცილოა, რომ ეს ადამიანები როცა რეკავენ, მეუბნებიან რომ ვარ სამშობლოს მოღალატე და ამის გამო მე პასუხს ვაგებ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ შემოიფარგლებიან მარტო ჩვენთან დარეკვით და ცდილობენ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები დააზარალონ სიტყვით და მათთანაც რეკავენ’’,- აცხადებს თამარ მოდებაძე.
,,სამართლიანი არჩევნების’’ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნანა დევიძე აცხადებს, რომ მოქალაქეების პირადი მონაცემები ვის მიერ იყო გაცემული ამის დადგენა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ეს პროცესი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
,,ჩემს მეგობრების უმრავლესობას დაურეკეს, იყო გაკვირვება და გაბრაზება. შემოსული ზარები ძალიან კომიკურია, რადგან მისი მიზანი საზოგადოებაში შიშის დათესვა იყო და ამან უკუეფექტი გამოიღო. პირადი მონაცემები ვის მიერ იყო გაცემული ამის დადგენა მნიშვნელოვანია და ასევე, ვინ გასცა დავალება უკანონო ქმედების. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, რომ ყურადღების მიღმა დარჩეს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნანა დევიძემ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზნით, გაუჩერებლად რეკავენ ასევე Knews.ge-ს ჟურნალისტებთან და მათი ოჯახის წევრებთან. მოქალაქეების უმეტესობა კი ამ პროცესს იუმორით უყურებს და აცხადებს, რომ თუ მათ დაურეკეს და დაემუქრნენ, სწორად უცხოვრიათ და აქტიური მოქალაქეები არიან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის რეგიონული ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ხშირია, მათ შორის თელავშიც, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სხვადასხვა ნომრებიდან ხორციელდება ზარები და უცნობი პირები, იყენებენ სიძულვილის ენას.
მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ ეს პროცესი არის სისტემური და კონკრეტული ნიშნით გამოყოფილი ადრესატის მიმართ. აღნიშნული კი ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა, მონაცემთა დამუშავება მოხდა კანონის დარღვევით. იგი ასევე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით.
,,მას შემდეგ, რაც აქციები აქტიურ ფაზაში შევიდა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპოტესტო აქციებში ჩართული პირების და სხვა უფლებადამცველების მიმართ, დაიწყო ზარების განხორციელება. რაც უფრო საგანგაშოა, ეს ხდება ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართაც და მათთანაც ხორციელდება სატელეფონო ზარები.
ჩვენ ამ კუთხით ვაგროვებთ მონაცემებს და ბევრმა გადმოგვიგზავნა უკვე ჩანაწერები. დარეკვისას პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორები ძირითადად იყენებენ სიძულვილის ენას, აქვთ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ადრესატის მიმართ. ეს სისტემურია და არის კონკრეტული ნიშნით გამოყოფილი ადრესატის მიმართ, რადგან ეს არ არის შემთხვევითი ზარები. ეს ყველაფერი ბუნებრივია აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება მოხდა კანონის დარღვევით და შესაბამისი სახელმწიფო უწყების ბაზების გამოყენება მოხდა.
ასევე ზარების შინაარსი ასევე შეიძლება შეიცავდეს მუქარის, დაშინების ნიშნებს. ზარები დღემღე გრძელდება. ჩვენ მოქალაქეებს ვურჩევთ, რომ ასეთ შემთხვევაში თუ ეჭვი აქვთ პირადი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებაზე, მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს . ჩვენი ორგანიზაცია, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ვინც ახორციელებს აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვას.
გამზადებული გვაქვს განცხადების შაბლონები პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებაზე, რომელიც უნდა შეივსოს და ის რომელიც გადაეგზავნება პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურს. გარდა ამისა, თუ ზარი შეიცავდა მუქარას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამ შემთხვევაშიც არსებობს განცხადების შაბლონი გამზადებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეავსოს”,- განუცხადა knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელს ყოველდღიურად ათობით პირი უკავშირდება სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით. ბოლო დღეებში უფლებადამცველი ორგანიზაციები იღებენ შეტყობინებებს იმის თაობაზე, რომ მშვიდობიან აქციის დემონსტრანტებს აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე (ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული) და 150-ე მუხლების (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება) საფუძველზე.
სწორედ ბოლო პერიოდში, მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, მარეხ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მიმართონ განცხადებით/საჩივრით შესაბამის უწყებას, მათ სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული აქვთ განცხადების/საჩივრების ნიმუშები.
,,გარდა ტელეფონზე დარეკვის და მუქარის ან შეურაცხყოფისა, იმ შემთხვევაში, თუ პირადი შეხვედრის ან ურთიერთობების დროს განხორციელდა მუქარა, ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს გენერალურ პროკურატურას და ამისი განცხადების შაბლონიც გენერალური პროკურორის სახელზე გამზადებული გვაქვს. მხოლოდ მცირე მონაცემების შეყვანა იქნება აუცილებელი მოქალაქის მხრიდან.
გარდა ამისა, არის ასევე შესაძლებელია 150-ე მუხლით ( წარწერების გაკეთება, იერსახის დამახინჯება)დაჯარიმება მოხდეს აქციის მონაწილეების. ეს აქციის მონაწილეთა მხრიდან აზრის გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთ ფორმად ფიქსირდება, მაგრამ შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც მოვიდეს რაიმე საჯარიმო ქვითარი. ამ დროსაც მოქალაქეებს ვურჩევთ, რომ გამოიყენონ საჩივრის ფორმა და მიმართონ შესაბამის ორგანოებს. ეს არის სამართლებრივი ბერკეტები და გზა, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს. ამ საკითხებზე განცხადებები შემოდის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მაგალითად თელავში, ხშირი იყო ტელეფონებზე დარეკვის ფაქტები და დღემდე გრძელდება”,- აცხადებს მარეხ მგალობლიშვილი.
,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას განაგრძობენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს” ადვოკატები. აღნიშნულ საკითხზე განცხადება ორგანიზაციამ სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს.
,,ჩვენი ადვოკატები აგრძელებენ აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას”,- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პროცესს ასევე ეხმიანებიან მსახიობები, ცნობილი ადამიანები და ინფლუენსერები. მათი თქმით, დაშინებებმა პირიქით იმოქმედა და აქციაზე უამრავი ადამიანი გადის.
,,დაშინებებმა პირიქით იმოქმედა. სასაცილოც აღარ არის უკვე, 5000 იყავით, 10 ათასი იყავით, ჩვენ ვიცით, რამდენი ვიყავით და თვითონაც იციან, რამდენი ვართ. დაჭერაზე დამუქრებას რაც შეეხება, უკვე ყველას სიტყვას წონა დაკარგული აქვს იქითა მხრიდან. ჩვენ წინააღმდეგ ვინც არიან, რატომ არიან და რას ფიქრობენ, ესეც ძალიან კარგად ვიცი. რაღაც მომენტი მეც მქონდა, მაგრამ რაღაცები გადავაფასე. ვერ ყალიბდებიან აქეთ იყვნენ თუ იქით იყვნენ, ერთი აქ მოსვლა უნდათ და ზუსტად მიხვდებიან, სად უნდა იდგნენ”, – ამბობს მსახიობი გიორგი მახარაძე.