ვიდეორეპორტაჟი

მებაღე ქალბატონი სოფელი ენისელიდან

თავდაპირველად ვარდები ეზოს გასალამაზებლად დარგო. მოგვიანებით, ქეთევან ნაცვლიშვილმა საკუთარ ეზოში, საცხოვრებელი სახლის წინ გააშენა სხვადასხვა ჯიშის ვარდის პლანტაციები, რომელიც მისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა. მებაღე ქალბატონს თავდაპირველად მოყავდა მხოლოდ ერთი სახეობის ვარდი, რომელსაც თელავის ერთ-ერთ მაღაზიაში აბარებდა:

,,ყვავილები, განსაკუთრებით ვარდები ბავშვობიდან მიყვარდა. თითოეულ ვარდს რომ ვუვლი, ვეფერები. როდესაც იჯახში გაგვიჭირდა, ეს იყო 1993-95 წლები, იძულებული გავხდი, მომეკრიფა ვარდები და ჩამებარებინა თელავში. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ სხვადასხვა სახეობის ვარდი დამერგო, რათა ოჯახის საარსებო წყაროდ მექცია ჩემი საქმიანობა. გავამრავლე ვარდები და დღეს 4000 ძირი ვარდი მაქვს საკუთარ ეზოში.  ბევრი შრომა სჭირდება მის მოვლას, მაგრამ მმატებს სიხალისეს, ცხოვრების იმედს მაძლევს და გამიჩნდა მოტივაციაც“.

ქეთევანის განცხადებით, ვარდების გამრავლების შემდგომ გაჩნდა სათბურის გაკეთების იდეა, რაც ფინანსურ ხარჯებს მოითხოვდა. მებაღე ქალბატონს ღია ცის ქვეშ მოწყობილი ვარდების მორწყვის პრობლემაც აქვს. მისი ინფორმაციით, სოფელში სარწყავი სისტემა გაუმართავია, რაც ყვავილების მოყვანას პრობლემას უქმნის. იგი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ფინანსების არ ქონის გამო ვერ ახერხებს:

,,სათბურის გაკეთების პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარა ,,ვორლდვიჟენის“ ორგანიზაცია. მას გამოცხადებული ჰქონდა პროექტი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, დავწერე ბიზნეს გეგმა, გავიმარჯვე და დამაფინანსეს. პროექტის ფარგლებში გავაკეთე სათბური 100 კვადრატულ ფართობზე, სადაც შეტანილი მაქვს ბლეკის ჯიშის ვარდი, თეთრი ჰოლანდიური ადგილობრივად მოყვანილი და სხვა რამდენიმე ჯიში. პარალელურად ვარდებს ვაშენებ ღია ცის ქვეშ და მინდა, რომ ყველა მოვათავსო სათბურში. რადგან ვარდები გამრავლდა, შევიძინეთ მასალები და ჩემმა შვილმა მეორე სათბური 120 კვადრატულ ფართობზე გააკეთა. სათბურებში წვეთოვანი მორწყვის სისტემა მაქვს შეტანილი და შესაბამისად, ჩვენი შრომა აქედან გამოთავისუფლდა. ხოლო რაც შეეხება ღია ფართობებეზე გაშენებულ ვარდებს, პრობლემაა, რადგან უბნიდან უნდა შემოვიყვანოთ რუს წყალი თვითდინებით, მაგრამ სოფელში ხან არ მოდის წყალი“.

ნაცვლიშვილისვე განცხადებით, ვარდების მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და სამუშაოები თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება:

,,როდესაც ვარდების ვეგეტაცია მთავრდება, სჭირდება გასხვლა, ზედმეტი ტოტების მორიდება, მინერალური სასუქის შეტანა, ნიადაგის დამუშავება, დაბარვა, ზედმეტი ტოტებისაგან გასუფთავება. შემდეგ როცა კვირტი იღვიძებს, ახალი კვირტი 5-10 სანტიმეტრზე უნდა იყოს, ამ დროს იწყება მისი წამლვა, ხსნადი სასუქებია შესატანი ფოთლიდან რომ იკვებება ვარდი. სხვა ბევრი სჭირდება კიდევ, უჩნდება დაავადებები ნაცარი, ბუგრი და იწამლება შესაბამისი წამლებით. სჭირდება ზედმეტი კვირტების გარიდება. 1 ღერზე უნდა დარჩეს 1 კოკორი და საამისოდ შეიძლება თითოეულ ღეროსთან სამჯერ მოგვიწიოს მისვლა. შემდეგ ამას ვჭრით, სიმაღლის მიხედვით ვარჩევთ და ვფუთავთ 20 ღეროს ოდენობით, გამაქვს თბილისში და თელავში ჩასაბარებლად. ასევე, მაქვს ჩემი მაღაზიაც. რადგან მაღაზია გავხსენი, შემოვიტანე სხვა ყვავილებიც, ბაღში დავრგე ლილიები, ქრიზანთემები, ასტრამერიები, გეორგენები, ხმალა. მინდა, რომ სხვა ჯიშებიც შემოვიტანო, რადგან სრულყოფილი მინდა, მქონდეს ჩემი მაღაზია. მინდა, რომ ყვავილები სათბურებში გადავიტანო, რადგან წელს, 20 აპრილიდან, დავიწყე გაყიდვები. ღია ფართობთან შედარებით ვარდი 2-3 კვირით ადრე მოდის სათბურში და კარგ ფასადაც მუშაობს, შემდეგ ფასები ეცემა ხოლმე“.

ქეთევანის ეზოში ვარდები ყველა სეზონზე ყვავის. მყიდველებს შეუძლიათ სხვადასხვა ჯიშის ვარდები სასურველ ფასად შეიძინონ. მებაღე ქალბატონი სოფელში ქალების გააქტიურებაზეც ზრუნავს. მან ისინი ჩართო საკუთარ ბიზნესში, რომლებიც გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ. ნანა ჟიჟაშვილი ერთ-ერთია, რომელიც წლებია, ქეთევანს ვარდების მოვლაში ეხმარება. მისი განცხადებით, რაც უფრო მეტი ქალი გააქტიურდება და ჩაერთვება მსგავს საქმიანობაში, სოფელში უმუშევართა რიცხვი დაიკლებს:

,,რამდენიმე წლის წინ რაც ქეთინომ ეს ბიზნესი წამოიწყო, სულ ვეხმარები. ჩემი მცირე შემოსავალიც მაქვს, ავადმყოფი შვილი მყავს და ვერსად ვერ გავდივარ სხვაგან. როდესაც იწყება მუშაობის პერიოდი, ყოველთვის ვეხმარები შეძლებისდაგვარად. მიყვარს  ვარდები და მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, მიხარია ამ საქმის კეთება. კარგი იქნება, თუ ასეთი ბევრი იქნება სოფელში და დასაქმებულები ვიქნებით.“

საოჯახო ბიზნესი გაფართოება ქეთევანმა ორგანიზაცია ,,ვორლდვიჟენის“ დახმარებით მოახერხა და ვარდების სათბური გააკეთა. ,,კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის“ მენეჯერის ნანა ათუაშვილის განცხადებით, მოსახლეობას აქვს საშუალება სოფელ ენისელში, ქეთევანის ეზოში, ადგილზე ნახოს, გაეცნოს, თუ როგორც ხარობს ვარდი როგორც დახურულ, ასევე ღია გრუნტში. მისივე საზოგადოებას შეუძლია გადაიტანონ იდეა საკუთარ საცხოვრებელ ფართში და შეხედონ საქმეს, როგორც ბიზნესს:

,,ჩვენი პროგრამის მიზანია ბავშვებისა და თემის კეთილდღეობა. ქალბატონი ქეთევანის შემთხვევა იყო თემის წევრის განვითარება. ორგანიზაციამ გამოაცხადა კონკურსი ინოვაციურ იდეებზე. ქალბატონმა ქეთევანმა შემოიტანა ჩვენთან ჰოლანდიური ვარდების სათბური და ორგანიზაციამ დააფინანსა ის, რაც დღემდე წარმატებით მუშაობს და ფუნქციონირებს. ჩვენ ძალიან ბევრ ფერმერსა და ქალებს დავეხმარეთ, ვუტარებთ ტრეინინგებს, ვასწავლით ბიზნეს გეგმების წერას, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, სხვადასხვა ორგანიზაციში შეიტანონ საკუთარი პროექტები. გვინდა, რომ ადგილზე განავითარონ საწარმოები და სოფლის მეურნოების სხვა კომპონენტები“.


„მულტიმედიური რეპორტაჟები  სოფლებიდან “რუბრიკის მომზადებისათვის knews.ge რედაქციას მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.