თელავში შუქნიშნების, გზაჯვარედინებისა და პარკირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
,,სამუშაოები გულისხმობს ქალაქში გზაჯვარედინების შუქნიშნებით რეგულირებას, 40-მდე მანქანისთვის პარკირების კუნძულების მოწყობას, რომელიც ფასიანი იქნება მიმართულია იქით, რომ თელავის მოსახლეობამ მანქანებით თუ ფეხით გადაადგილებისას თავი კომფორტულად იგრძნოს. სამუშაოები საკრებულოში შევალთ ინიციატივით, რომ პარკირების ადგილი გადავცეთ კეთილმოწყობის სამსახურს. აღნიშნული სამუშაოები აპრილის თვიდან დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება, რის ფარგლებშიც მოწესრიგდება სააკაძის ქუჩის, ასევე ალაზნის და აღმაშენებლის გამზირებზე გზაჯვარედინები,”– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტროტუარები, გარეგანათება და მოხდება ადგილის შუქნიშნებით რეგულაცია. ქალაქის მერის განმარტებითვე, მათი ინიციატივით აღმაშენებლის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა ორმხრივით შეიცვლება, რომელიც ხელს შეუწყობს ავტომანქანების მოძრაობის განტვირთვას. მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა.