გურჯაანში სატუმბი სადგურის რეაბილიტაციაზე 2 500 000 ლარი დაიხარჯება
გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ მოსახლეობას სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის საპილოტე პროექტი წარუდგინა. აღნიშნული სატუმბი სადგური ემსახურებოდა სოფელ ბაკურციხის 360 ჰექტარი სავარგულების მექანიკურ მორწყვას. დღეისათვის სადგური არ ფუნქციონირებს.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით სადგური სამი სოფლის – ბაკურციხე, კოლაგი და კარდენახი – 600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს უზრუნველჰყოფს სარწყავი წყლით.
პროექტში დამატებითი ტექნიკური კომპონენტებია გათვალისწინებული, რაც სადგურის ამუშავების შემდეგ მოსახლეობას წვეთოვანი მორწყვის სისტემების გამოყენების საშუალებას მისცემს:
,,წვეთოვანი სისტემა მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვით სისტემაზე ბევრად მომგებიანია ვინაიდან, ნაკლებ ელექტროენერგიას და სარწყავი წყლის ექვსჯერ ნაკლებ ხარჯს საჭიროებს. სარწყავი წყლის დაზოგვა განსაკუთრებით კახეთის რეგიონისათვის არის მნიშვნელოვანი თუ გავითვალისწიებთ სარწყავი სეზონის განმავლობაში ამ რეგიონში ნალექების ნაკლებობას, რაც შესაბამისად აისახება საირიგაციო სისტემებში წყლის დებეტზე“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი.
გარდა ამისა, წვეთოვანი სისტემის გამოყენება ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას. გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალის ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას კახეთის რეგიონში განსახორციელებელი კიდევ ორი ანალოგიური საპილოტე პროექტი აქვს შემუშავებული:
,,პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარია. მოსახლეობის მხარდაჭერის და მათი მხრიდან მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიის – წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის მზაობის შემთხვევაში პროექტი წელს განხორციელდება”.
კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის გივი მეტრეველის თქმით, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აღნიშნულ პროექტზე და წვეთოვანი მორწყვის სისტემის უპირატესობებზე.