თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისია ორი კანდიდატის დასაქმების საკითხს ხელახლა განიხილავს
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის ინფორმაციით, საპრეტენზიო კომისიაში შესული ორი კანდიდატის, ვერიკო კობიაშვილისა და ირინა მესაბრიშვილის განაცხადი განხილულია და რეკომენდაცია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უკვე გადაეგზავნა.
პაატა გიორგობიანისვე თქმით, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ორივე პირის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება ხელახლა უნდა განიხილოს და ისინი შეძლებისდაგვარად სამსახურით დააკმაყოფილოს:
,,განცხადებების განხილვისთვის გვქონდა 3 დღე. ჩვენთან შემოვიდა სულ 2 განაცხადი, რომელიც განვიხილეთ და უკვე გადავუგზავნეთ ადრესატებს. კონკურსანტებს მიაჩნდათ, რომ მათი განათლების დონე იყო იმ თანამდებობის შესაბამისი რასაც მოითხოვდნენ. გასაუბრებაზე გასვლის შემდეგ ისინი არცერთ თანამდებობაზე არ დანიშნეს. ვიმსჯელეთ და კომისიას რეკომენდაციაც მივეცით, რომ განიხილონ ორივე პირის განაცხადი ხელახლა სხვა დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე. რაც შეეხება ვერიკო კობიაშვილს, მას ტესტირებაზე ჰქონდა მაღალი ქულა, ხოლო გასაუბრებაზე შედარებით საშუალო და დაბალი. გამომდინარე იქიდან რომ დარჩა ვაკანტური ადგილები, მაგალითად: სოფელ ვარდისუბანში გამგებლის წარმომადგენელის, კომისიას მივწერეთ, რომ პოზიციებზე ეს კანდიდატურა განხილონ. უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, ხელახლა იმსჯელებს ორივე კანდიდატზე და ამის შემდეგ შესაძოა, ჩვენც შევხვდეთ და ჩამოვყალიბდეთ რათა შევურჩიოთ სამსახური და დავაკმაყოფილოთ ისინი’’, – განუცხადა knews.ge-ს პაატა გიორგობიანმა.