გურჯაანში საკონკურსო კომისიამ 3 კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადი დააკმაყოფილა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსის ბოლო ეტაპზე ჩაჭრილი 3 კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადი დადებითად დააკმაყოფილა. საპრეტენზიო კომისიი თავმჯდომარის განმარტებით, კომისიაში 22 განაცხადი შევიდა, თუმცა ხელახალი განხილვისთვის საკონკურსო კომისიას 10 კონკურსანტის რეკომენდაცია გადაუგზავნეს:
,,22 განცხადება შემოვიდა, რაზედაც კომისიამ იმსჯელა, გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოყვანილი იყო განცხადებებში და აქედან 10 რეკომენდაცია გადაეგზავნა საკონკურსო კომისიას ხელახლა განსახილველად“, – აცხადებს knews.ge-სთან ზვიად ყვირალაშვილი.
knews.ge-ს ინფორმაციით, 10 განაცხადიდან ამ ეტაპზე 3 დაკმაყოფილდა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ზაქრო ქაჩლიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გასაჯროვებენ.
შეგახსენებთ, გურჯაანის საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე 219 მონაწილიდან 137 ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ 112 კონკურსანტი შეარჩიეს. 23 ვაკანტურ ადგილზე თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.