ჯანმრთელი საქონელი ჯანმრთელი საზრდოა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ განხორციელებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ქვეყნის მთავრობას დაეხმაროს ბრუცელოზის შემთხვევების შემცირებასა და კონტროლის ძლიერი სტრატეგიის შემუშავებაში. აღნიშნული პროქტი 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის აპრილამდე FAO-მ საქართველოს მთავრობის და ნაწილობრივ, ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) დაფინანსებით განახორციელა. მაქსიმალური შედეგის მიღწევის მიზნით, პროექტმა პრიორიტეტებად გამოაცხადა მთავრობის წევრების უნარების განვითარება და ვეტერინარული მომსახურება. ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უფრო ფართო პროგრამაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იქნა შემუშავებული მათი ინსტიტუციური გაუმჯობესების და ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012-2015 წლებში ხორციელდება, ევროკავშირი საქართველოს წამყვან ინსტიტუტებს საჭირო რეფორმების გასატარებლად 9.7 მილიონამდე ევროს გამოუყოფს. საქართველოში ბრუცელოზის პროგრამის განმახორციელებლად FAO შეირჩა.
48 წლის საგარეჯოელი გია ბედიაშვილი, რომელსაც 74 ძროხა და 50 ცხვარი ყავს, ამბობს, რომ პირუტყვი, რომელის შესაძენადაც მან ფული ბანკიდან გამოიტანა, ხუთ ოჯახის შენახვაში ეხმარება.
,,14 ფურის შესაძენად სესხი ბანკიდან გამოვიტანე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძროხები ჯანმრთელად იყვნენ. მაგალითად: სულ ახლახანს ძროხებს სისხლის სინჯები ავუღეთ ბრუცელოზზე და მოუთმენლად ველი შედეგების გაგებას’’,- აცხადებს ფერმერი.
საგარეჯო ერთ-ერთია საქართველოს რეგიონებს შორის, სადაც მესაქონლეობა შემოსავლის ერთადერთი ან მთავარი წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში 45 საქმიანობას შორის მეცხოველეობა წამყვან ხუთეულში შედის. 2013 წელს ძროხების რაოდენობა საქართველოში გაორმაგდა 2010 წელთან შედარებით და 1 მილიონს გადააჭარბა. თუმცაღა ბრუცელოზის პრობლემა სერიოზული არაა მთელი საქართველოს მასშტაბით, ის ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში ბევრი ოჯახის სარჩოს უქმნის საფრთხეს. ზოგჯერ „ხმელთაშუა ზღვის ცხელებად“ და „მალტის ცხელებად“ წოდებული ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ის ადამიანს ცხოველისგან შეიძლება გადაედოს თუკი მას პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ექნება დაინფიცირებულ ცხოველთან, როგორიცაა ძროხა, ცხვარი, თხა და ღორი, რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის ფერმერებსა და მათი პროდუქტების მომხმარებლებს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზის შედეგად არის შესაძლებელი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2014 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბრუცელოზით დაავადების 93 შემთხვევა დაფიქსირდა. ყოვლწლიურად საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 90-200 ადამიანი ინფიცირდებოდა. ყველაზე მოწყვლადი კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებია.
საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობის მთავარი ტექნიკური მრჩეველის დრაგან ანგელოვსკის თქმით, ქრონიკული ბრუცელოზი უმრავლეს შემთხვევებში უშვილობას იწვევს, მაგრამ არა ყოველთვის. მისივე თქმით, ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, განსაკუთრებით როცა კლინიკური სიმპტომები სუსტად ან საერთოდ არ არის გამოხატული.
ანგელოვსკი აღნიშნავს, რომ რადგანაც მკურნალობა ძალიან რთულია, ერთადერთი გამოსავალი დაავადებული ცხოველის განადგურებაა. იგი განმარტავს, რომ ადამიანებში ბრუცელოზი სხეულისმიერი გამონაყოფიდან ვრცელდება: დაინფიცირებული ადამიანები შეიძლება განიკურნონ, მაგრამ ავადმყოფობის კვალი შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, რომელიც ვეტერინარული კონტროლის თვალსაზრისით ქვეყნის მთავარი სტრუქტურაა, ძროხებში ბრუცელოზის ყველაზე ხშირი შემთხვევა გვხვდება თბილისიის გარშემო მდებარე სოფლებში (გამოკვლეული სოფლების 50%-ში დაფიქსირდა პოზიტიური შემთხვევები), ასევე კახეთში (45%), მცხეთა-მთიანეთში (32%), ქვემო ქართლსა (23%) და სამცხე-ჯავახეთში (19%). სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ამბობს, რომ საშუალო მაჩვენებელი მთელი საქართველოს მასშტაბით არ არის მაღალი – 5% ამ დროისთვის – თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ გაურკვეველია.
სოხაძე აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრუცელოზის მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა.