სოფელ ვაზისუბნის ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი
სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის უმრავლესობა ბუნებრივი აირის შეყვანას ვერ ახერხებს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ მოსახლეობას ცენტრალური მაგისტრალიდან სახლამდე ბუნებრივი აირის შეყვანისათვის, მრიცხველის საბაზრო ფასთან შედარებით, გაცილებით ბევრი თანხა მოსთხოვა.
ვაზისუბნელ ნათელა ახალმოსულიშვილს ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მაგისტრალიდან სახლამდე ბუნებრივი აირის მიყვანის სამუშაოების ღირებულება 600-დან 400 ლარამდე შემცირდა, ნათელა ახალმოსულიშვილისთვის ეს ტარიფიც ძალიან ძვირია. ვაზისუბნელი ქალბატონი ბუნებრივი აირის შეყვანის ღირებულებას ვერც 16 თვის განმავლობაში 25-ლარიანი განვადებით ვერ გადაიხდის, რადგან მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა:
„მხოლოდ პენსიისა და ამ დახმარების ანაბარა ვარ. მე მოსავლის მოყვანა არ შემიძლია, ავად ვარ, უამრავი ფული მეხარჯება წამლებში. 200 ლარი წამლებში, პურის ფულში და დენის გადასახადის გადახდაში არ მყოფნის და როგორ გამოვიყვან გაზს“, – ამბობს ვაზისუბნელი ნათელა ახალმოსულიშვილი.
ნათელა ახალმოსულიშვილი აპროტესტებს იმასაც, რომ სოციალურად დაუცველიც და შეძლებული მოსახლეობაც ბუნებრივი აირის შეყვანის ერთნაირი ტარიფით სარგებლობს:
„მე ვუთხარი უფროსს, თუ გაზის შეყვანის ფასი 400 ლარამდე ჩამოვიდა, გაჭირვებულმა და ფუფუნებაში მცხოვრებმა ხალხმაც ერთნაირად რად უნდა გადავიხადოთ-მეთქი. დავინტერესდი, სოციალურად დაუცველს შეღავათი რატომ არ მაქვს, დირექტორმა მითხრა, რომ ჩემთვის ვერაფერი გამიკეთებიაო, რადგან ეს ასეა დადგენილიო. ხუთი ლარი მიანც ჩამომაკლონ და 20 გადამახდევინონ“, – აღნიშნავს ნათელა ახალმოსულიშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე ადასტურებს, რომ, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობას ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის რეალური პრობლემა ექმნება. გერგიძე აღნიშნავს, რომ მთავრობასა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს ტარიფის კიდევ უფრო დაწევის შესახებ.