დედოფლისწყაროში ცხვრის ვირუსული დაავადების ფაქტები დაფიქსირდა
„ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტკონსულტანტის, მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, აღნიშნული დაავადების ფაქტი ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. მისივე განცხადებით, ინფორმაცია ამ საკითხზე თავად ფერმერებმა მიაწოდეს.
„ყვავილის“ სიმპტომატიკით რამდენიმე ფერმერმა მოგვმართა. ჩვენ ადგილზე ჩავედით და გავეცანით არსებულ მდგომარეობას. ჩატარდა კლინიკური დათვალიერება ცხოველების შენახვის ადგილზე. ახლა აუცილებელია დაავადებული ცხოველების პათანატომიური მასალის აღება ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის ზუსტი დიაგნოზის დასადგენად,’’- აცხადებს ჭიჭაყუა.
მისივე მტკიცებით, იმ შემხვევაში, თუ დაავადების გავრცელება ოფიციალურად დადასტურდება, ადგილზე სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ვეტერინარულ-სანიტარული და საკარანტინო ღონისძიებები. ,,სასწრაფოდ მისაღებია მკვეთრი ღონისძიებები, რადგან რამდენიმე კვირაში დაგვიანებული იქნება და ფერმერთა ზარალი დიდი იქნება. პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ცხვრის ყვავილის დიაგნოზის ლაბორატორიული კვლევა, შემდეგ კი ქვეყნის სრული მასშტაბით ვაქცინაცია,რადგან ყვავილმოხდილი ცხვარი ხდება დაავადების აღმძვრელის მატარებელი წლების განმავლობაში (5 წელი მაინც). საქართველოში არ არის რეგისტრირებული ცხვრის ყვავილის ვაქცინა. ჩვენი რეკომენდაციით, სახელმწიფო დონეზე შესაბამისმა უწყებამ უნდა თხოვოს მეზობელ ქვეყნებს ვაქცინებით დახმარებაში და უსასყიდლოდ დაურიგდეს ფერმერებს‘’, – აღნიშნავს მიხეილ ჭიჭაყუა.
ცხვარში ყვავილი ვლინდება სეზონურად და თუ 1-2 კვირაში არ მიიღეს დაავადების სალიკვიდაციოდ სათანადო ზომები, მთელს ქვეყანაში გავრცელების სერიოზული საშიშროება არსებობს.