გიორგი მარგველაშვილმა ფარული მიყურადების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმ პროცესის გამო, რაც წარიმართა ამ კანონმდებლობის მიღების კუთხით პარლამენტში: “აქ იყო ის, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ვეტო დაადო მიღებულ კანონებს.
“პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას და ფაქტიურად იმას, რასაც ჰქვია გახსნა ამ მიყურადების, გასაღების გადატრიალებას, რომ კონკრეტულ მიყურადებას განახორციელებს შესაბამისად სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ეს არის მოდელი, რომელშიც ფუნქციები არის სწორად გადანაწილებული და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებათა შორის და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი დღესვე იმსჯელებს.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, პარლამენტს ამისთვის 76 ხმა სჭირდება. მოქმედი კონსტიტუციით, თუკი პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას აპირებს და ვეტოს დაძლევა არ სურს, შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა – დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (სულ მცირე 50 ხმა).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – ანუ 76 ხმა.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.