ახალი ამბები

დღეიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

“სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული 10 ათასამდე აღმწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს შემოივლის, მოსახლეობის რაოდენობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საფუძვლიანად შეისწავლის. ოჯახში აღწერის პროცესი 40-დან 60 წუთამდე გაგრძელდება. აღმწერები სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აქტიურობა და პროდუქციის წარმოება ძირითადად ხორციელდება შინამეურნეობების სექტორში და ამასთან ერთად, საქსტატი ეყრდნობა რა გაეროს 2010 წლის აღწერების რაუნდისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერის ჩატარებისას (5-19 ნოემბრის პერიოდში) სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, აგროვებს ასევე ინფორმაციას შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო-აქტიურობის შესახებ. კითხვარის მეშვეობით მიიღება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე”, – აცხადებენ სამინისტროში. 
მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო შედეგები 2016 წელის აპრილში გამოქვეყნდება.