თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია კრამიტის საფარის მოწესრიგება, გადაწყობა და ფრაგმენტული შეკეთება; ტაძრის ოთხივე ფასადსა და ინტერიერში საპირე წყობის აღდგენა და ამოგოზვა; საკურთხეველში კონქისა და აგურის ტრაპეზის ქვის ნაწილობრივი შელესვა კირის ხსნარით. ასევე, დამზადებულია სამხრეთისა და დასავლეთის კარები, ხის კანკელი. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია.
დასკვნით ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება იატაკს, აღდგება დასავლეთის კარის წირთხლი, აღმოსავლეთ ფასადზე დამონტაჟდება სარკმლის თავსართი, მოეწყობა სამხრეთისა და დასავლეთის კარი და ჩაისმება ხის კანკელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

