TI – „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ 4 მარტს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებები „კორუფციის რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს“. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, „კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება“.
„პარლამენტმა 4 მარტს მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში. წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, რომელთაგან უმეტესობა, ჩვენი შეფასებით, კორუფციული რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს.
კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება.
სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე სავალდებულო თანხმობა იქნება საჭირო
ეს კანონპროექტის ყველაზე არსებითი ცვლილებაა. კანონს ემატება ახალი ტერმინი „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“.
არსი: სამეწარმეო ვენახის (ვენახი, რომლის მოსავალიც კომერციული მიზნით გამოიყენება) გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
მოქმედი რედაქცია: ამჟამად სამეწარმეო ვენახის გაშენება თავისუფალია, სავალდებულოა მხოლოდ „ნებადართული ვაზის ჯიშების“ გამოყენება. ახალი რედაქციით, ჯიშის დაცვა საკმარისი არ არის, საჭიროა სააგენტოს ნებართვაც.
კორუფციული რისკი მაღალია. რისკ-ფაქტორები:
კანონი არ ადგენს თანხმობის გაცემის ან უარის თქმის წინაპირობებს – ყველა კრიტერიუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, რომელიც კანონით შეზღუდული არ არის. მინისტრს შეუძლია ნებისმიერი წესი დაადგინოს და ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი შეხედულებისამებრ.
კანონი არ ადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, ვადებს, გამჭვირვალობის ვალდებულებებს ან გასაჩივრების მექანიზმს.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „თანხმობა გაიცემა უფასოდ“, მაგრამ ეს კანონის ტექსტით არ არის გამყარებული და ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

