დღეს ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე დიდი ზომის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სამუშაო სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მოხდება.
როგორც ცნობილია, კომისიაზე 25 თებერვალს, რიგით მეოთხე შეხვედრაზე უკვე მოუსმინეს საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს, რომელთა წლიური ბრუნვა შეადგენს 100 მილიონ ლარზე ნაკლებს, ხოლო დღეს დაგეგმილია დიდი ზომის დისტრიბუტორებთან შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო. ამასთან, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს ადგილობრივ მწარმოებლებს, რითეილერებს, დისტრიბუტორებს, ასევე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს და ნავთობიმპორტიორებს.
ახლა კი პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა – პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ოთხი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა, ჯემების, პურ-პროდუქტების, ტკბილეულის მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიების ნაწილს მოუსმინეს.
რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

