განათლების სამინისტრომ ახალი სტრუქტურული ერთეული შპს “საგანმანათლებლო რესურსები” შექმნა | ფუნქციები
განათლების სამინისტროში შპს “საგანმანათლებლო რესურსები” შეიქმნა. ამის შესახებ თავად უწყების პრესრელიზში წერია.
როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, შპს „საგანმანათლებლო რესურსები” სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის უზრუნველყოფის მიზნით იწყებს ფუნქციონირებას.
მინისტრმა გივი მიქანაძემ „საგანმანათლებლო რესურსების” ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ახალი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
„ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმა და სწორედ შპს „საგანმანათლებლო რესურსების” ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა აღნიშნული ფორმების შეძენა და შემდგომში რეალიზაცია. ამასთანავე, სკოლების მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შპს „საგანმანათლებლო რესურსების” დირექტორის თანამდებობაზე მიხეილ ყუფარაძე დაინიშნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მიხეილ ყუფარაძე სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციას იკავებდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში.
ცნობისთვის, “ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალ აკადემიურ წელს საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

