პანკისის ხეობის ორ სკოლაში ბავშვთა უფლებები უხეშად ირღვევა
სოფელ წინუბნის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ისევ სოფლის ყოფილი კულტურის შენობაში ძველი პრობლემებით დაიწყეს. სოფელ ქორეთის სკოლის მოსწავლეები კი სასწავლო პროცესს ავარიულ შენობაში შეხვდნენ.
სოფელ წინუბნის 6 წლიან სკოლაში სულ 6 საკლასო ოთახია და ერთი სამასწავლებლოა. ფანერებით გადატიხრულ, ვიწრო და ნესტიან საკლასო ოთახებს ფანჯრები არ გააჩნია, იატაკი ჩამტვრეულია, კედლებზე ბზარია გაჩენილი და ბავშვებისთვის ეს სასწავლო გარემო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სკოლის ადმინისტრაციას აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის მიეწოდებოდა საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულებას ელექტროენერგია. არც სასმელი წყალი მოდის. ბავშვიც და პედაგოგიც წყალს ერთი ვედრიდან სვამენ. სკოლებში არსებულ პრობლემებზე პედაგოგები და მშობლები დაუფარავად საუბრობენ. სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ლალი ალხანაშვილი აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობის ჩამტვრეულ იატაკზე, საკლასო ოთახში კი ქვეწარმავლები და ვირთხები ამოდიან. ამის გამო ზაფხულის არდადეგებამდე ერთი თვით ადრე ალხანაშვილი იძულებულია, თავის შვილს გაკვეთილები გააცდენინოს:
,,სკოლას უამრავი პრობლემა აქვს, ძველისძველი რემონტია, მინგრეულია აქაურობა. საკლასო ოთახები ტარაკნებითაა სავსე და გვეშინია ბავშვების მოყვანა. სკოლაში არაფერი არ არის. ერთ ოთახში ამდენი ბავშვია და ღუმელი რომ დავდგათ შეიძლება, რომელიმეს გარეთ, კარებთან, მოუწიოს დაჯდომა. ბავშვები ერთ ოთახში ვერ ეტევიან. თუ არ გამოსწორდება ეს სიტუაცია, ჩვენ შვილებს აღარ გამოვუშვებთ”, – აღნიშნავს ლალი ალხანაშვილი.
წინუბნის სკოლის 17 მოსწავლე საქართველოს მოქალაქედ არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, სკოლას მათი ვაუჩერიც არ გააჩნია.
სასწავლო ნაწილის გამგე აცხადებს, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად მათ თითქმის ყველა ინსტანციას მიმართეს, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. თავად სკოლას კი არ გააჩნია ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ბავშვებს განათლების მისაღებად სათანადო პირობები შეუქმნას. მსგავს მდგომარეობაშია ქორეთის ოთხკლასიანი სკოლა, რომლის შენობაც ნგრევის პირასაა.
სკოლას არ გააჩნია სველი წერტილი და ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბავშვები სკოლის მეზობელ სახლებში დადიან. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ამბობს, რომ სკოლაში არსებული მდგომარეობით ბავშვებს განათლების უფლება ეზღუდებათ და სწავლა ბავშვებისთვის სრულად ხელმისაწვდომი არ არის. სკოლის შენობაში ფუნქციონირებს მხოლოდ ორი ოთახი.
შესაბამისად, სოფელ ქორეთის სკოლაში რამდენიმე კლასკომპლექტია. მასწავლებლებისა და მშობლების განცხადებით, სხვადასხვა კლასის ბავშვებისათვის 45 წუთში რაიმეს სწავლება შეუძლებელია.
„თქვენც ხომ ხედავთ რა მდგომარეობაშია სკოლა. მოდიან, დაგვპირდებიან, მიდიან.
როდესაც ერთ კლასში, ერთ რიგზე, მეხუთე კლასის მოსწავლეები ისხდებიან და მეორეზე – მეექვსე კლასის, რა უნდა ისწავლონ იქ ბავშვებმა? მითხარით, 40 წუთში რა უნდა გავაკეთო? საშინაო დავალება შევამოწმო, თუ გაკვეთილი ავუხსნა ორ კლასს? ასე არ შეიძლება. დიდი ხანია ეს პრობლემები გვაქვს, ნორმალური ოთახიც კი არ არის, რომ პირველკლასელები შევიყვანიოთ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს”,- აღნიშნავს სოფელ ქორეთის სკოლის ერთჶერთი მასწავლებელი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, კლასკომპლექტების შექმნა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ერთ კლასკომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 20-ს არ აჭარბებს:
“კლასკომპლექტებში სწავლების მეთოდიკა განსხვავებულია ერთი ასაკის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისგან. კლასკომპლექტში მასწავლებელი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს განსხვავებული სირთულის მქონე დავალებს აძლევს. მან უნდა გამოიყენოს სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას, ავითარებს სოციალურ უნარ-ჩვევებს, ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ურთიერთობას. მასწავლებელს შეუძლია, დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომელთა შესრულებისას მაღალი კლასის მოსწავლეები დაეხმარებიან დაბალი კლასის მოსწავლეებს”, – აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებს მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებში კლასკომპლექტების შექმნა არასწორად მიაჩნია:
“ასეთი სტილით სწავლება ბავშვებს არ აძლევს საშუალებას, მიიღონ ხარისხიანი განათლება. განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის. საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლებელია ხუთ ბავშვზეც გაიხსნას არათუ კლასი, არამედ სკოლაც”.
დაწყებითი საფეხურის შემდეგ ქორეთისა და წინუბის სკოლის მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ დუისის საჯარო სკოლაში, რომლის დაქვემდებარებაშია წინუბნის დაწყებითი სკოლა. სოფელ წინუბნიდან დუისის საჯარო სკოლა 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ამბობს, რომ ზამთარში სასკოლო ავტობუსს, დაზიანებული გზის გამო, გადაადგილების სერიოზული პრობლემა ექმნება და ხშირ შემთხვევაში წინუბნიდან დუისის სკოლაში ბავშვები ფეხით დადიან. სოფელ ქორეთიდან კი მე-7-დან მე- 12 კლასამდე მოსწავლეებს დუისის საჯარო სკოლამდე დაახლეობით 7 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატა ასათიანი აცხადებს, რომ სოფელ ქორეთისა და წინუბნის სკოლებში სარემონტო სამუშაოები 2015 წელსაა დაგეგმილი. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კი განმარტავს, რომ სკოლების რეაბილიტაცია ხუთწლიანი გეგმისა და პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარეობს.
2014 წლის ბიუჯეტით კი, გათვალისწინებულია იმ სკოლების შენობების მოწესრიგება, რომლებიც წინუბნისა და ქორეთის სკოლებზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია.
სოფლების წინუბნისა და ქორეთის საჯაროს სკოლებში 80-მდე 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი სწავლობს.
წინუბნის საბაზო სკოლის დირექტორი ლილი სვიკაური პირად საუბარში აცხადებს, რომ მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი ხარისხიანი განათლების მისაღებად და სხვა სკოლებში გაცილებით რთული მდგომარეობაა შექმნილი, თუმცა ოფიციალური კომენტარისაგან თავს იკავებს. სვიკაურმა ჩვენს გადამღებ ჯგუფს საკლასო ოთახების ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობაც არ მისცა. წინუბნის სკოლის დირექტორი ჩვენ მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა და პოლიციის გამოძახებითაც გვემუქრებოდა.