მარტოხელა მშობლის სამართლებრივი სტატუსი შესაძლოა, კანონმდებლობით განისაზღვროს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი “სამოქალაქო კოდექსში” ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომელიც აღნიშნულ კანონში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით ახალი ნორმების შემოტანას ითვალისწინებს. პროექტი მომზადებულია “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” მიერ.
კანონპროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლად მიიჩნევა მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. ხოლო მარტოხელა მამას მიეკუთვნება პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების პირობებს. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას გამორიცხავს.
პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობელს მიკუთვნებული პირების სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესი იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ჯანდაცვის კომიტეტი დღეს იმსჯელებს.