ალავერდის მონასტერში ღვინის ეროვნული დღე აღნიშნეს
პრემიერმა ალავერდის მონასტერში შეკრებილ საზოგადოებას ღვინის ეროვნულ დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი გახდება და ამით თითოეული ქართველი იამაყებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დღე ტრადიციად დამკვიდრდება და ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცევა. პრემიერის თქმით, ქართველი კაცისთვის, ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ვენახი ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყაროა.
„ამ დღის დაწესება გადაგვაწყვეტინა ღვინის კულტურის უძველესმა და უნიკალურმა ისტორიამ. ვაზის უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება ჩვენს ქვეყანაში მართლაც უნიკალურია. ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული. სწორედ საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი. სწორედ ამ შეგნებით უვლის და იცავს ქართველი კაცი ვაზს. ეს რომ არა, ძნელი წარმოსადგენია, ამ პატარა მიწაზე ვაზის კულტურის ხუთასზე მეტი სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ჯიში არსებობდეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველებმა ცივილიზაციას შემოუნახეს საუცხოო ღვინის დაყენების უნიკალური, ათასწლოვანი ტექნოლოგია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ავაშენოთ ღვინის მუზეუმი – ერთგვარი ცენტრი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიების ეპიცენტრი სწორედ ალავერდის მონასტერშია, რადგან ეკლესიამ შემოუნახა და თანამედროვეობას გადმოსცა ქვევრში ღვინის დაყენების მრავალათასწლიანი ქართული ტრადიცია.
„მე მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მივესალმო მეუფე დავითს. სწორედ მისი დამსახურებაა მთელს მსოფლიოში ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია. ძალიან სიმბოლურია, რომ ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ მეუფესთან ერთად“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აშენდება ღვინის მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია.
“დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება ისეთი მუზეუმი, რომელსაც არ მოაკლდება არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი. ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებული ღვინო ანცვიფრებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს და სულ უფრო პოპულარული ხდება ღვინის მოყვარულთა შორის“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ღვინის ეროვნული დღესასწაული ემთხვევა ალავერდობის დღესასწაულების რიგს, რადგან ვენახი, ვაზი და ღვინო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასია.
„ალბათ თითოეულ ჩვენგანს ისტორიიდან გვაქვს ცოდნა და ვიცით, რომ ყოველი შემოსევის დროს ვენახი ნადგურდებოდა, როგორც ერთ-ერთი საიდუმლო ძლიერების ძალა, რომელიც ამ ერთ მუჭა ერს, ქვეყანას ყოველთვის ფენიქსივით აღადგენდა მისი დანგრეული, გაცამტვერებული რეალობიდან. ჩვენთან ვაზი არა მხოლოდ ყურძენია ღვინის მომცემი, ვაზი ჩვენი ძლიერების თავანკარა წყაროა. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ სახელმწიფო დიდ ზრუნვას იჩენს ამ ძირძველი კულტურის, ამ ძირძველი საქმიანობის მიმართ. მინდა სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნო, რომ სახელმწიფო კახეთში, სოფელ იყალთოსთან, აპირებს ერთი მნიშვნელოვანი პრორექტის განხორციელებას, ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობას. ესეც აშკარა ზრუნვის გამოხატვაა იმ ძირძველი ტრადიციის შენარჩუნებასა, აღდგენა-აღორძინებასა და მომავალ ობიექტურ გარემოში რეალურად ძლიერად ყოფნაში, რადგან თუ არ განვვითარდით, მხოლოდ ისტორიით წარმატებას ვერ მივაღწევთ. ჩვენი დევიზია, არ დავივიწყოთ წარსული და ფეხი ავუწყოთ მომავალს”, – აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალავერდის საკათედრო ტაძარიც მოილოცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვინის გამოფენას და დოღს დაესწრო. პრემიერმა დოღში გამარჯვებული ქვემო ალვნელი, 11 წლის გიორგი ჩქერაული, ერეკლე მეფის ხმლის ასლით დააჯილდოვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა, პრემიერ-მინისტრს და აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს საფერავისთვის განკუთვნილი სპეციალური სასმისები გადასცა. მანამდე მთავრობის მეთაურმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ყვარლის რაიონში, მონაწილეობა მიიღო “მეღვინეობა ხარებას” რთველში, რომლის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, “ყვარლის გვირაბებსაც” ეწვია.