ტექდათვალიერების მსგავსად, შესაძლოა, ავტოდაზღვევაც გადავადდეს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტექდათვალიერების მსგავსად, შესაძლოა, გადავადდეს სავალდებულო ავტოდაზღვევაც.
სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებაზე თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტრო და შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობდნენ. პირობები არ გახმაურებულა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ავტოტრანსპორტის ტესტირებისთვის გერმანული კომპანია “ტუვ რაილანდი” უნდა შემოსულიყო, მომსახურების საფასური მაქსიმუმ 48 ლარი იქნებოდა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით სარგებლობა არ შეიზღუდებოდა.
სპეციალისტების მოსაზრებით, საქართველოს ავტოპარკი იმდენად მოძველებულია, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების მოთხოვნებს მანქანების 80%-ც ვერ დააკმაყოფილებდა. მთავრობაც სოციალურ მღელვარებას მოერიდა და მრავალჯერ გადავადებული კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო.
ვასილ ურუშაძე, კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივის” წარმომადგენელი:
“წლების განმავლობაში სავალდებულო ტექდათვალიერება კორუფციის ბუდე იყო და ყოფილმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ ვალდებულების გაუქმებისკენ გადადგა, რითაც მოსახლეობის გული მოიგო. თუმცა, კანონში “საგზაო მოძრაობის შესახებ” ჩაიწერა, რომ ავტომობილების სავალდებულო ტესტირება 2013 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდებოდა. რადგან არც კანონმდებლობა არსებობდა და არც ტექნიკური ბაზა, მთავრობის დადგენილებით ტექდათვალიერების ამოქმედება ახალი მთავრობის მიერ კიდევ ერთი წლით გადავადდა. ”