ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება თელავში
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თელავის მერობისა და თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ.
მმართველი პარტიის კანდიდატი 15 ივნისის არჩევნებს ისტორიულს უწოდებს, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პროცედურულ დარღვევაზე აკეთებენ აქცენტს. მათი შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით, 2014 წლის ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა და სერიოზული დარღვევებიც არ იყო.
წილისყრის პროცედურის დარღვევა, ამომრჩეველზე ერთი და იმავე სახის ბიულეტინის გაცემა, – ასეთი სახის რამდენიმე დარღვევა თელავის საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს თელავის 38 უბანზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული დარღვევა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგზე სერიოზულ გავლენას მოახდენდა. სამართლიანი არჩევნების კოორდინატორი ნინო პოპიაშვილი საუბრობს თელავის მეოთხე საარჩევნო უბანზე აღმოჩენილ პროცედურალ დარღვევაზე. პოპიაშვილი განმარტავს, რომ ორმა რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ერთი და იმავე სახის ბიულეტინები მისცა. პოპიაშვილი რეგისტრატორებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. სამართლიანი არჩევნების კოორდინატორი გეგმავს, რამდენიმე უბნის შემაჯამებელ ოქმზეც საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართოს.
“ჩვენ გარკვეული სახის დარღვევები დავაფიქსირეთ. მეოთხე უბანზე რეგისტრატორმა შეცდომით გასცა ორი ერთი და იმავე სახის ბიულეტენი, მიუხედავად იმისა რომ სამი სხვა¬დასხვა უნდა ყოფილიყო. როდესაც აღმოვაჩინეთ ეს დარღვევა, ჩვენმა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაშინვე დაწერა საჩივარი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც იძლევა საჩივრის საფუძველს. ჩვენ გავივლით შესაბამის კონსულტაციას იურისტებთან და სავარაუდოდ, ჩვენი ორგანიზაციის მიერ დარეგისტრირებული ამ საჩივრების რიცხვი გაიზრდება”, – აცხადებს სამართლიანი არჩევნების კოორდინატორი ნინო პოპიაშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა კი თელავის თელავის მე-14 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლის ხელმოწერის გაყალბების ფაქტი დააფიქსირა. საია-ს დამკვირვებელმა გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ხელმოწერის სიყალბე თავად ამომრჩეველმა დაადასტურა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ აღნიშნული დარღვევა გაყალბებით კვალიფიცირდება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. საია აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
„თელავის მე–14 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევა დაფიქსირდა. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა იეჭვა, რომ სიაში არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ შეიძლება არ ყოფილიყო სწორი და ნამდვილი, უშუალოდ დამკვირვებლის მიერ გადამოწმდა ამომრჩეველთან ამ ხელმოწერის ნამდვილობა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ამბობენ, ჩვენი ხელმოწერა არ არისო. ჩვენ მოვითხოვეთ გადასატანი ყუთის ბათილად ცნობა. თავისი არსით ეს წარმოადგენს არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას, კერძოდ, კოდექსის 1643 პრიმა მუხლი არჩევნების გაყალბებას უწოდებს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადია მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს“, – აღნიშნავს საიას თამჯდომარე კახა კოჟორიძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი კი აქცენტს აკეთებს საიას ამომრჩეველზე თელავის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან განხორციელებულ შანტაჟზე. მგალობლიშვილი განმარტავს, რომ საიას დამკვირვებლის მიერ თელავის მე-14 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლის ხელმოწერის გაყალბების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციის წარმომადგენელზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს.
“როდესაც ჩვენმა ამომრჩეველმა მე-14 საარჩევნო უბანზე ყუთის გადატანის დროს სერიოზული დარღვევა, ამომრჩევლის ხელმოწერის გაყალბება დააფიქსირა, მან მოითხოვა საჩივრის დაწერა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ ჩვენს დამკვირვებელს დაჟინებით მოსთხოვეს, რომ აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი არ დაწერილიყო და ყვირლიც დაუწყეს. იძულებულები გავხდით, რომ ამ უბანზე მყოფი ჩვენი დამკვირვებელი სხვა წარმომადგენლით ჩაგვენაცვლებინა”, – აცხადებს მარეხ მგალობლიშვილი.
საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი თელავის მეექვსე საარჩევნო უბანზე კი წილისყრის პროცედურების დარღვევაზე მიუთითებს და კომისიის წევრების მხრიდან დაკისრებული მოვალეობის თვითნებურად შეცვლაზეც საუბრობს:
“თელავის ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე ძირითადად დაირღვა წილისყრის პროცედურები. დარვევას. ამ საარჩევნო უბანზე ჩვენი დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, თუმცა აღნიშნული დარღვევა გვიან დააფიქსირა. აქვე აღვნიშნავს, რომ წილისყრის ფუნქციებიც თვითნებურად გადაანაცვლეს. კომისიის ერთი წევრი თვითნებურად ცვლიდა და ენაცვლებოდა სხვა წევრებს, რომლის უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა”.
2014 წლის 15 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ თელავის მერობისა და თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატები. მმართველი კოალიციის მერობის კანდიდატისთვის 15 ივნისის არჩევნები ისტორიულს უწოდებს, თუმცა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა მისთვის მოულოდნელია. პლატონ კალმახელიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და თვითმმარეთველ ქალაქ თელავის მერის სავარძელსაც მოირგებს:
“შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო უბნებზე სერიოზული დარღვევები და ექსცესები არ დაფიქსირებულა. არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარდა. რაც შეეხება მეორე ტურს. თუ საჭიროება იქნება, ჩატარდეს მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ თელავში, არამედ ყველა თვითმმართველ ქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ”.
თელავის თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უპრეცედენტოდ სამართლიანად აფასებს და ქვეყნის განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ალექსი შათირიშვილიც გაკვირვებას არ მალავს თელავის თვითმმართველ თემში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო და მიზეზად ამომრჩეველთა პასიურობას ასახელებს:
“დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნების პირველივე ტურში მოვიპოვებდი გამარჯვებას, მაგრამ ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან დაბალი. ჩვენმა მხარდამჭერებმა იფიქრეს, რომ მე მაინც გავხდებოდი გამგებელი და ამიტომ არ მოვიდნენ არჩევნებზე. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები წარმატებულად მიმდინარეობს”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატი ალექსი ძულიაშვილი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენბზე გამოვლენილ ხარვეზებზე აკეთებს აქცენტს და აქვე აღნიშნავს, რომ ამ დარღვევებს არ შეუძლია საბოლოო შედეგებზე სერიოზული გავლენის მოხდენა. მმართველი პარტიის კანდიდატისგან განსხვავებით, ძულიაშვილსთვის არ ყოფილა მოულოდნელი ის ფაქტი, რომ პლატონ კალმახელიძემ 50%-იანი ბარიერის წარმატებულად დაძლევა ვერ შეძლო. ყოფილი სახელისუფლებო კანდიდატი მზადაა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
“ჩვენი გათვლებით არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იყო. 15 ივნისის არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა ექსცესებს და საარჩევნო უბნებზე ხელოვნური დაძაბულობის შექმნის მცდელობებს. ვაგრძელებთ ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების მეორე ტურში მერის პოსტის დაკავებისთვისაც ვემზადები”.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის წინასწარი პროგნოზი გამართლდა და წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველ თემშიც განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. ამავე დროს ბოტკოველი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზეც მიუთითებს.
“არჩევნებმა ნორმალურ გარემოში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით მცირე გადაცდომებსა და დარღვევებს, რომლებიც, ვფიქრობ, რომ საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს მეორე ტური კი გარდაუვალია. ეს ცხადყო შედეგებმა. ჩვენ, ფაქტობრივად, დავაჯამეთ ყველა საარჩევნო უბნის ოქმი და კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი ვერ ლახავს 48%-ს. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტური დაინიშნებოდა. განმეორებით არჩევნებში აუცილებლად ვიბრძო¬ლებთ გამარჯვებისთვის”.
,,ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის “ გამგებლობის კანდიდატისთვის კი მოულოდნელი იყო ის შედეგი, რომელიც არჩევნებში მიიღო. ბაღათრიშვილი წარუმატებლობის მიზეზად ასახელებს წინასაარჩევნო კამპანიის არათანაბარ პირობებში წარმართვაზე საუბრობს:
“ველოდებოდი მეორე ტურს. ვფიქრობდი, რომ არჩევნების მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატთან ერთად ვიბრძოლებდი გამგებლის პოსტის დაკავებისთვის, მაგრამ არჩევნები ჩატარდა არათანაბარ პირობებში. მე, მაგალითად, მცირე ფინანსური რესურსით მომიხდა ბრძოლა. ნაციონალურ მოძრაობას დიდი რაოდენობის თანხები აქვს წაღებული, რადგან ხელისუფლების სათავეში იყო. ქართული ოცნება კი თავისთავად დღეს ხელისუფლებაშია. მე მომიხდა ორ ძლიერ კანდიდატთან. ამომრჩეველთა ხმების 22% მივიღე და რა თქმა უნდა არ ვარ კმაყოფილი”.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატისთვის, გიორგი მოსიაშვილისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა არჩევნებში წარუმატებლობა და მიზეზად ამომრჩეველთა პასიურობა დაასახელა. მოსიაშვილი მადლობას უხდის თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს.
“ვფიქრობ, რომ არჩევნებმა ჩაიარა სერიოზული დარღვევების გარეშე, რომლებიც ზეგავლენას მოახდენდა საბოლოო შედეგებზე. მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და დამიჭირა მხარი. მქონდა გულწრფელი სურვილი ჩვენს ქალაქში ერთად დაგვემკვიდრებინა სამართლიანობა,ანგარიშვალდებულება გადაგვეტანა ცალკეული პიროვნებებიდან მოსახლეობაზე, გაგვეზარდა ხალხის ჩართულობა თვითმმართველობაში და ა.შ. მე მესმის და ვაცნობიერებ იმ ფაქტს,რომ ვერ შევძელი ამომრჩეველთა უმრავლესობის დარწმუნება მიეღო მონაწილეობა ამ მეტად მნიშვნელოვან არჩევნებში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. დავ-მარცხდი მე, გავიმარჯვებდით ჩვენ”.
კანონმდებლობით, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისათვის ცესკოს აქვს 24 დღიანი ვადა, რომელიც ითვალისწინებს ყველა საარჩევნო სასამართლო დავის დასრულებასაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, თუ არ იქნება სასამართლო დავა, ცესკო საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას უფრო ადრეც შეძლებს.