კახური ტრადიციული მეღვინეობა” ტურისტული ობიექტის მშენებლობისთვის ემზადება
საქართველოში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის მშენებლობა იგეგმება, რომლის ინვესტორიც კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა” იქნება. როგორც საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, „კახური ტრადიციული მეღვინეობა” დუშეთში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მფლობელი გახდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6500 ლარად გადასცა. „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას” საინვესტიციო ვალდებულებად განესაზღვრა, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტულ კომპლექსს ააშენებს, რისთვისაც მინიმუმ 1 მილიონი ლარის ინვესტიციას გაიღებს.