ჟურნალისტური გამოძიებასტატიები

კახეთის საბავშვო ბაღები მწირი დაფინანსების ფონზე

კახეთში საბავშვო ბაღების შენობების დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა, ზოგი კი ავარიული, ჰიგიენის ნორმები დაუცველია, კვება კალორიებზე არ არის გათვლილი და საკმაოდ ღარიბია მენიუც.
ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი სამი მუნიციპალიტეტის: თელავის, სიღნაღისა და გურჯაანის მაგალითზე შეეცადა, გაერკვია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებების დაფინანსებისა და მისი ხარჯვის ეფექტურობის საკითხი. სამივე მუნიციპალიტეტში განსხვავებული მდგომარეობა დაგვხვდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაინც მივიჩნევთ, რომ სიღნაღშია, თუმცა აქ განხორციელებული საკადრო ცვლილებები და საკრებულოს სურვილი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, შესაძლებელია სიტუაციაზეც აისახოს, აუცილებლად მივადევნევთ პროცესებს თვალს.
კახეთში საბავშვო ბაღების შენობების დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა, ზოგი კი – ავარიული, ჰიგიენის ნორმები დაუცველია, კვება კალორიებზე არ არის გათვლილი და საკმაოდ ღარიბია მენიუც.
ადგილობრივი საკრებულოებიდან გადმორიცხული სუბსიდია ძირითადად თანამშრომელთა ხელფასებსა და ოფისის ხარჯებს ხმარდება. ბავშვთა კვებასა და ბაღების რემონტს თანხის მხოლოდ ნაწილი ხმარდება. ბევრ საბავშვო ბაღში სათამაშოები და ავეჯი ძველია, ზოგიერთი მათგანის შეკეთება შეუძლებელია, ახლის შეძენას კი, ფინასნების სიმწირის გამო, ვერ ახერხებენ. საბავშვო ბაღების აღმზრდელები პროფესიულ გადამზადებას საჭიროებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ,,შტატები გაბერილია” და ამიტომ ბაღების მომსახურე პერსონალზე უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე ბავშვებზე. მშობლების მიერ გადახდილი თანხაც მიზერულია, იგი 5 ლარიდან 25-მდე მერყეობს, ეს აღსაზრდელის სრულფასოვნად გამოიკვებისთვის არასაკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში თბილისის ბაღებთან შედარებით საკმაოდ მცირეა გადასახადი, სტატისტიკა მოწმობს, რომ რეგიონებში უფრო ნაკლები ბავშვი დაჰყავთ ბაღში.
,,იუნისეფის” კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვების მცირე ნაწილი დადის, რაც მშობლების განათლებასა და ფინანსებზეა დამოკიდებული. ცხადია, ადგილმდებარეობასაც აქვს მნიშვნელობა, ზოგ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი: ,,საქართველოში 3 დან 4,6 წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე ნაკლები 43.2% დადის საბავშვო ბაღში. განსხვავებები საცხოვრებელი ადგილის მდებარეობის (ქალაქი-სოფელი) და რეგიონული მახასიათებლების მიხედვით მნიშვნელოვანია: ქალაქად მცხოვრები ბავშვების 64% და სოფლელი ბავშვების მხოლოდ 24.4% დადის საბავშვო ბაღში“.

კახეთში საბავშვო ბაღი თითქმის ყველა დიდ სოფელშია. გაეროს ფონდის განათლების პროექტის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე ამბობს, რომ მცირე ტიპის სოფლებში საბავშვო ბაღის ალტერნატიული დაწესებულების დაფუძნება შეიძლება, სადაც მცირე დაფინანსებაც საკმარისი იქნება:
-,,საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს 120-ზე მეტი სკოლამდელი ალტერნატიული ცენტრი, რომელიც ორგანიზაცია ,,კივიტას გეორგიკას~ მიერ არის დაფუძნებული და შემდეგ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული. ალტერნატიული ცენტრი არის საშუალება, მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლება მიეწოდოს ისეთ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ ბავშვებს, სადაც, ბავშვების სიმცირისა ან უსახსრობის გამო, ვერ ხერხდება სტანდარტული საბავშვო ბაღის ამუშავება. ეს მოდელი არ გულისხმობს დიდ დანახარჯებს, ვინაიდან ბავშვები ატარებენ მხოლოდ 4-5 საათს დღეში, ამიტომ არ არის საჭირო, მათი კვებით უზრუნველყოფა. ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებისათვის საკმარისია, გამოიყოს ერთი ოთახი სკოლის, ბიბლიოთეკის ან ნებისმიერ სხვა საჯარო შენობაში და დაენიშნოთ კვალიფიციური მასწავლებელი~.

სოფელ ბოდბისხევის #9 საბავშო ბაღი ავარიულია
სოფელ ბოდბისხევის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის შენობა ავარიულია. შენობის რეაბილიტაცია აღარ არის რეკომენდებული, ახლის ასაშენებლად კი წლებია მუნიციპალიტეტმა თანხა ვერ გამონახა.
დოდო შაიშმელაშვილი – საბავშვო ბაღის გამგე:
-,,შენობაში ჭერი, კედლები და იატაკი დაზიანებულია. ცუდი ამინდის დროს, როგორც გარეთ, ისე შიგნით წვიმს. 20 წელია ბაღის გამგე ვარ და შეკეთებას ვითხოვ. დაპირებით ყოველ წელს გვპირდებოდნენ, თუმცა სანამ ისე არ დაზიანდა შენობა, რომ რემონტიც შეუძლებელია, არავინ მოგვაქცია ყურადღება. ადგილობრივ ბიუჯეტში 2013 წელსაც არ არის გათვალისწინებული ფინანსები ბაღის კაპიტალური რემიონტისა ან ახლის აშენებისათვის.”

კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სოციალურ-ინფრასტრუქტურული ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი:
-,,რეგიონში ძალიან ბევრია ასეთი ბაღი. ვიცი ბაღები, სადაც ცუდი ამინდის დროს დროს შიგნით და გარეთ ერთნაირად წვიმს, უბერავს ქარი. ბაღში გამგის ოთახში კედლის ბზარიდან შესული ქვეწარმავალიც ნახეს.”

ბოდბისხეველი მაია ბაიდოშვილი გვიყვება, რომ ორი შვილი ამ ბაღში შიშით დაჰყავდა, ყოველ დღე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, შენობა არ ჩამოიქცესო:
-,,ახლა ჩვენი უბნის ბავშვების უმეტესი ნაწილი წნორში და ბოდბისხევის მეორე ბაღში დაჰყავთ, რადგან გარემონტებულია, სულ მიკვირს, როგორ დგას ეს შენობა ფეხზე.”
საბაშვო ბაღში 45 ბავშვია დარეგისტრირებული, მაგრამ ზამთრის პერიოდში ბავშვების ნაწილი არ დაჰყავთ მშობლებს, რადგან, მათი გაციების ეშინიათ.
ჩვენი საგამოძიები ჯგუფი იმყოფებოდა ბოდბისხევის საბაშვო ბაღში და საკმაოდ მძიმე მდგომაროება დახვდა. თვალში გვხდება ჩამოშლილი შენობა და მოუწყობელი ეზო. ქვის კიბეები დაზიანებულია, დერეფანში იატაკი ნახევრად დამპალია, კედლებზე ქაღალდი გაუკრავთ, რომ ჩამოშლილი ბათქაში დამალონ, ყველა ოთახში წყალი ჩამოდის, ხელსაბანი ერთ-ერთ ოთახში მოუწყვიათ, იქვე დგას ღამის ქოთნები უმცროსი ბავშვებისთვის, ცხადია ამ ოთახში არც კაფელია გაკრული და არც კანალიზაცია არ მუშაობს.
ბაღში სადილის დროს მივედით. ბავშვებს მაკარონის, კარტოფილის სუპითა და კარამელის კანფეტით უმასპინძლდებოდნენ. იმ დღის მენიუში საუზმეზე კარაქიანი პური და ჩაი, სადილად კი სუპი იყო გათვალისწინებული. კვება ორჯერადია.
დერეფანში შემდეგი წარწერა შევნიშნეთ:
,,ღმერთო მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რაც შემიძლია და გონიერება, რომ განვასხვავო ერთი მეორისგან.”
საბავშვო ბაღში საკმაოდ გამოცდილი და დამსახურებული აღმზრდელები მუშაობენ. როგორც აღმოჩნდა, ასეთ მძიმე პირობებში ბავშვები დაჰყავთ მხოლოდ აქ მომუშავე პედაგოგოების მაღალი პროფესიონალიზმისა და მათდამი ნდობის გამო.
ანა ტუხაშვილი, მშობელი:
-,,კარგი მასწავლებლები არიან, მეც ამ ბაღში გავიზარდე და მიყვარს აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ავარიულია, აუცილებლად საჭიროა რემონტი. თუ ახალ შენობას გააკეთებენ, მთლად უკეთესი. რატომ უნდა დაიხუროს, უნდა გაკეთდეს.”

აღმზრდელებსაც გული აქვთ გატეხილი. ამბობენ, რომ ბაღში ზეიმების მოწყობა აღარ ეხალისებათ, რადგან წვიმა რომ მოვიდეს, დარბაზში ტაშტებით მოუხდებათ სირბილი, თუმცა ბავშვებისა და მასწავლებლების აქტივობები და ხელთნაკეთი ნივთები კედლებზეა გამოკრული. როგორც ჩანს, ხელსაქმეს საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ. ბაღში ახალი სასწავლო მეთოდიკაა უკვე დამკვიდრებული, რაც ბავშვებს კარგად შეუთვისებიათ.
სამზარეულოში ისეთი მდგომაროება დაგვხვდა, როგორსაც ნამდვილად არ ველოდით, იქ, სადაც ადრე საწყობი იყო, ახლა წყალი ჩამოდის, პროდუქტების შესანახად აღარ გამოდგება. ახლა იქ მხოლოდ შეშას აწყობენ, თუმცა, შეშა აპრილის დასაწყისში გაუთავდათ, აპრილში კი საკმაოდ ცივი დღეები იყო. ბაღების გაერთიანებას არასაკმარისი შეშა გამოუწერია. სამზარეულოში არ არის ჭურჭლის კარადა, ხისგან გაკეთებულ თაროზე ფარდაა გაფარებული და იქ ინახავენ ჭურჭელს. თეფშებს დიდ ემალის ქვაბში ინახავენ. ერთადერთი რაც აქ ახალია, მაცივარია, ესეც, თურმე, დიდი ძალისხმევის ფასად უყიდია ბაღს. სამზარეულოში სრულიად შესაძლებელია, მღრღნელები გაჩნდნენ, მზარეული ყველანაირად ცდილობს, სამზარეულოში წესრიგი და სისუფთავე დაიცვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიგიენური ნორმები და პროდუქტების დასაწყობების წესი დაცულია. გაზქურა ძალიან ძველია, ალბათ 40 წლის წინანდელი, მაგრამ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ამ საბავშვო ბაღში გვენახა, იყო საპირფარეშო. ჩეჩმის ტიპის საპირფარეშოს ორი განყოფილება აქვს, მაგრამ ორივე კარი ჩამოვარდნილია და დაუცველია. მუდმივი წყალიც არ არის, გრაფიკით მიეწოდება და მარაგს ჭურჭელში ავსებენ.

ბაღის გამგე დოდო შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ამ შენობის გარემონტება ფულის წყალში გადაყრა იქნება. საჭიროა, ეს შენობა დაინგრეს და ახალი აშენდეს. სოფელი ბოდბისხევის რწმუნებული ჯონდო გელაშვილის თქმით შენობის რემონტს აზრი არ აქვს:
-,,ძალიან გვინდოდა ეს საბავშვო ბაღი 2013 წელს სოფლის დახმარების პროგრამაში ჩაგვესვა, მაგრამ არ მოხერხდა. ბოდბისხევის მეორე ბაღიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და 3 წლის წინ ამ პროგრამის ფარგლებში გარემონტდა. პროექტი მზად არის და, იმედი გვაქვს, რომ დაგვაფინანსებენ. ვგეგმავთ, რომ ეს შენობა დავანგრიოთ და მის ადგილას ახალი პროექტით დავდგათ თანამედროვე სტილის ბაღი. ამ შენობს გარემონტებას აზრი არ აქვს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში არის ახალი ბაღი და ძალიან მინდა, რომ აქაც იყოს. ბოდბისხევი დიდი სოფელია და საკმაოდ ბევრი მშობელი იძულებულია, რომ ბავშვები ატარონ წნორის ბაღში, რადგან გაცილებით უკეთესი პირობებია.”
სიღნაღის ბაღების გაერთიანებაც მიიჩნევს, რომ ბოდბისხევის ბაღი რემონტს საჭიროებს. გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ნანა ივანიძის ინფორმაციით:

-,,კაპიტალურ რემონტს საჭიროებენ შემდეგი ფილიალები: მაშრაანის #5, ვაქირის #6, ბოდბისხევის #9, მაჩხაანის #13, ხორნაბუჯის #14, მაღაროს #21, ილიაწმინდის #22.”
,,კახეთის ხმა” სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, მაგრამ ბოდბისხევის საბავშვო ბაღი არც კი არის შესაკეთებელი ბაღების სიაში აღნიშნული და არც მისი გარემონტებისთვის არის დაზუსტებული თანხა. ამონარიდი 22 აპრილს სიღნაღის გამგეობიდან ,,კახეთის ხმის” სახელზე გამოგზავნილი # 742 წერილიდან:
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სოციალურ-ინფრასტრუქტურული ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი:

-`სიღნაღის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულების~ საბავშვო ბაღებიდან დაზიანებულია: ვაქირის, ანაგის, ქვემო მაჩხაანის, ხორნაბუჯის, ძველი ანაგის, ე.წ `კალოებისა~ და ბოდბის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ასევე დაზიანებულია მაშნაარის საბავშვო ბაღი, რომლის დაფინანსებაც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით. მთლიანად 164ათასი (ას სამოცდაოთხი ათასი) ლარია გამოყოფილი ბაღების რეაბილიტაციისათვის.
ბაღების გაერთიანებული მართვა მუნიციპალიტეტის დონეზე აუცილებელია არსებული რესურსების ეფექტური განკარგვის უზრუნველსაყოფად, თუმცა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეული ბაღის მუშაობის სპეციფიკა, საჭიროებები, ხელმძღვანელობის ხედვა ბაღის სამომავლო განვითარებაზე, შეთავაზებულ სერვისებზე. მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხრიდან, როგორც აიპ-ის საქმიანობის, ასევე – თვითონ საბავშვო ბაღების მუშაობის მონიტორინგი. ჩემი დაკვირვებით, ამ ეტაპზე ეს საკმაოდ ზედაპირულად ხორციელდება.”

2012 წლის სტიქიით დაზიანებული ბაღები კაპიტალურ რემონტს საჭიროებენ

2012 წელს სტიქიამ თელავში ბევრი შენობა-ნაგებობა დააზიანა. სახურავები საბავშვო ბაღებსაც გადახადა და წყალი ჩავიდა. თელავის საკრებულოს თავმჯდომარის, დიმიტრი ბოჭორიძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ყველა დაზიანებულ ბაღს შეუკეთდა სახურავი, მაგრამ ზოგიერთი მას შემდეგაც დაზიანდა.
ნათელა ბასილაშვილი, თელავის #1 ბაგა-ბაღის დირექტორი:
-,,თელავის პირველ ბაგა-ბაღში შენობის ნაწილი დაზიანებულია სტიქიის გამო და გამოსაყენებლად უვარგისია, გარემონტდა სახურავი და გამგეობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა დაზიანებული ნაწილის გასაკეთებლად. ბავშვები ამ დანგრეულ ნაწილში არ იმყოფებიან, ისინი გადაანაწილეს იმ ჯგუფებში, რომლებიც არაა დაზიანებული.”
ეკა ქურციკაშვილი, მშობელი:
-,,ბაღში ძალიან კარგი სიტუაციაა. ყველაფერი მოწესრიგებულია: კვება, მეცადინეობები, ჰიგიენა, მხოლოდ შენობაა სარემონტო, სხვა პრობლემა არ არის.”
თინათინ გიორგელაშვილი, მშობელი:
-,,პრობლემა ინფრასტრუქტურაა, გასარემონტებელია მთელი ბაღი. ადმინისტრაცია მკაცრია და სიტუაცია კონტროლდება. კარგი დამოკიდებულებაა ბავშვებსა და აღმზრდელებს შორის.”
ია ბუშელაშვილი, თელავის #5 ბაგა-ბაღის დირექტორი:
-,,თელავის მეხუთე ბაგა-ბაღის შენობა 2012 წლის სტიქიის გამო დაზიანებულია, გარემონტდა სახურავი და რამდენიმე ოთახი. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს შენობის ნაწილის შეკეთება, ამ დარჩენილი ნაწილის რემონტის კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს. ეზოში ღობეები გაფუჭებულია და ხეები ფაქტობრივად აღარ არის. ბავშვები გადავანაწილეთ შენობის იმ ნაწილში, რომლებიც უსაფრთხოა.”

როდესაც ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა მეხუთე ბაღში, შევესწარით, თავად დირექტორი როგორ ხატავდა გვირილებს კედლებზე და საკმაოდ ლამაზადაც გამოსდიოდა.
თამუნა თათხუნაიძე, მშობელი:
-,,რამე პრობლემა რომ იყოს, ბავშვს აქ აღარ ვატარებდი და სხვაგან გადავიყვანდი, მით უმეტეს რომ შორსაა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ცოტა შენობაა დაზიანებული, მაგრამ ბავშვები, სადაც არიან, ის ჯგუფები გაარემონტეს და კმაყოფილი ვართ”.
თამუნა იმედაშვილი, მშობელი:
-,,ბაღში ნორმალური გარემოა, ძალიან მადლობელი ვარ გამგისა და აღმზრდელების, ყველას ვურჩევ, ბავშვები მე–5 ბაღში მიიყვანონ”.

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე ამბობს, რომ გასულ წელს საბავშვო ბაღების შენობების სახურავები დააზიანა სტიქიამ. მათი შეკეთება ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხით გახდა შესაძლებელი:

-,,წელს რამდენიმე ბაღი ისევ ხელახლაა შესაკეთებელი. ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია. საბავშვო ბაღები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ითვლება მუნიციპალიტეტში. მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მოწყობას კი არა, საგანმანათლებლო მხარესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აქტიურად თანამშრომობენ იმ არასამთავრობოებთან, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სფეროში მუშაობენ.”
წელს თელავის მუნიციპალიტეტში 227 ათას ლარამდე დაიხარჯება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე. თელავის პირველ ბაგა-ბაღისათვის გამოიყო 7000 ლარი. აკურის, იყალთოს, სანიორეს, თეთრიწყლების, კურდღელაურისა და ყარაჯლის საბავშვო ბაღებში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორ სოფელში ვარდისუბანსა და რუისპირში ბაღის ეზოებში მოეწყობა ატრაქციონები.

სოფელ კარდენახის 2 საბავშვო ბაღში რემონტი სანახევროდ ჩატარდა

სოფელ კარდენახში სულ ოთხი ბაღია, ორი ბაღი და ორიც ფილიალი. მეორე საბავშვო ბაღისა და მისი ფილიალის შენობა საჭიროებს რეაბილიტაციასა და სველი წერტილების მოწყობას. კარდენახის მეორე საბავშვო ბაღში 50 ბავშვი სწავლობს.
ბაღის გამგე ხათუნა ყარამნიშვილის თქმით ორივე შენობა საბავშვო ბაღისთვის შეუსაბამოა, ამიტომ აუცილებლად ესაჭიროება მოწყობა:
-,,საპირფარეშოები ორივეგან გარეთაა, ამიტომ არსებობს საშიშროება, ზამთარში ბავშვები გაცივდნენ. გასულ წელს მოხდა ასეთი პარადოქსული რამ, გაგვიკეთეს ტუალეტი და ხელის საბანი, მაგრამ არც წყალი შემოგვიყვანეს და არც კანალიზაცია. ბავშვები გაგვყავს გარეთ საპირფარეშოში. რამდენჯერ მოვითხოვეთ, მაგრამ წყლის შემოყვანა და კანალიზიაციის გაკეთება დღემდე ვერ მოხერხდა.”

გურჯაანის ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განცხადებით ხევისუბნის ბაღში მოსაწესრიგებელია წყალ-საკანალიზაციო სისტემა, შენობაში არ არის სასმელი წყალი, ახლად შეცვლილი სახურა¬ვიდან ჩამოდის წყალი, ესაჭიროება კაპიტალური რემონტი. მის ფილიალში ,,ქვემო სადგურის ჯგუფში” მოსაწესრიგებელია წყალ-საკანალიზაციო სისტემა, შესაკეთებელია ჭერის გადახურვა და ესაჭიროება კაპიტალური რემონტი:

-,,ძალიან რთულია, როდესაც საბავშვო ბაღების შენობები საკრებულოს ბალანსზეა და ის წყვეტს, რომელი ბაღში ჩაატაროს სამუშაოები და კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაატაროს. ზოგჯერ ითვალისწინებენ ჩვენს წინადადებებს ზოგჯერ – არა. დაუსრულებელი შენობები ბევრია, დღემდე ვერ მივაღწიეთ საქმის ბოლომდე მიყვანას, არის სხვა მსგავსი შემთხვევები.“
თევდორაშვილი მიიჩნევს, რომ მეტ-ნაკლებად ოცდათერთმეტივე ბაღს სჭირდება რემონტი და ინფრასტრუქტურულად სათანდო აღჭურვა:
-,,ყველა ბაღის პრობლემაა შენობებში არსებული მოძველებული ენერგოსისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო სტენდების არარსებობა, მოუწესრიგებელი, არაკეთილმოწყობილი ეზოები, ამორტიზებული ეზოს სათამაშო-დანადგარები და საქვაბე ნაგებობები. ბაგა-ბაღებში არ არსებობს ბუნებრივი აირი, სადილი მზადდება თხევად აირზე, ზამთარში ოთახები თბება შეშით, ძირითადად ჭერია შესაცვლელი, სასმელი წყალი და საკანალიზაციო სისტემა მოსაწესრიგებელია, ეზო შემოსაღობია, კარ-ფანჯარა შესაცვლელი. ზოგან კი ახლად გაკეთებული ჭერიდან ისევ წყალი ჩამოდის ან კანალიზაცია არ მუშაობს, მსგავსი პრობლემებია ყველა საბავშვო ბაღების შენობებში. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია”.
გურჯანის მუნიციპალიტეტის გამგებელი აკაკი ოსიაშვილი ადასტურებს, რომ ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწყობის მხრივ პრობლემაა:
-,,ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე მეტი პრობლემა გააჩნიათ #1-ლ ჩუმლაყის, ყიტაანის, ზეგაანის, კოლაგის, #2 კარდენახის, ზემო კაჭრეთის, კალაურის ქვემო სადგურის ფილიალისა და ქალაქ გურჯაანის #1 სააღმზრდელო დაწესებულებებს.”
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სოციალურ-ინფრასტრუქტურული ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ თანხის გადანაწილება ბაღებს შორის ბევრ სხვადასხვა კომპონენტზეა დამოკიდებული და ამას ააიპ-ი წყვეტს კონკრეტული ბაღების საჭიროებიდან და გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე:
-,,ააიპ საბავშვო ბაღებისთვის თანხის გამოყოფისას სხვადასხვა მონაცემებს ეყრდნობა. მათი განმარტებით, ზოგადად დიდ კონტინგენტიანი ბაღი უფრო რენტაბელური და იაფი შესანახია, ვიდრე მცირეკონტინგენტიანი. აუცილებელია კახეთის რეგიონში ბაღების ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის გადახალისება, ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების გადახედვაც გაზრდის თვალსაზრისით და კადრების ოპტიმიზაციაც.“

განსხვავებული კვების რაციონი ბაღებში

კახეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, არ აკმაყოფილებს დასაშვებ ნორმებს. გარკვეულ ბაღებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და შენობები შედარებით უსაფრთხოდაა შენახული, ასევე დასაწყობებული კვების პროდუქტები. კლასები მოწესრიგებულია, არის გათბობა, სველი წერტილებიც მუშაობს, მაგრამ საერთო ჯამში იმ სტანდარტებისგან შორსაა, რომელიც გაეროს კონვენციით და თუნდაც სახელმწიფო სტანდარტებით უნდა იყოს დაცული.
გაეროს ბავშვთა ფონდს საქართველოში სკოლამდელი განათლების სფეროში საკმაოდ ბევრი კვლევა აქვს ჩატარებული, რომლის მიზანიც იყო, არსებული დაფინანსების სისტემების აღწერა და ეფექტური მოდელების შემუშავება, ასევე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, ტარდება საბავშვო ბაღების საყოველთაო აღწერა და ზაფხულში იქნება ინფორმაცია ყველა ბაღიდან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც დეცენტრალიზებულ მმართველობას უკავშირდება, არის სწორედ ერთიანი მონაცემების არარსებობა.

მაია ყუფარაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი:
-,,სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრი ბაღი ვერ აკმაყოფილებს სხვადასხვა სტადარტებს, იქნება ეს ბავშვის განვითარების სტანდარტი თუ ინფრასტრუქტურული. “
დაფინასნება სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებისათვის ერთი შეხედვით შთამბეჭდავად გამოიყურება. როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა ძირითადად მუშა- მოსამსახურეთა ხელფასებს, მივლინებებს, ოფისის ხარჯების დაფინანსებას ხმარდება. გარკვეული თანხა კვების სამედიცინო, ტრანსპორტის და სხვა ხარჯებშიც ირიცხება. საკრებულოდან დაფინასნებას ღებულობენ დამტკიცებული საშტატო განრიგისა და მენიუების გათვალისწინებით:
-,,მხოლოდ ფინანსების ნაკლებობის დასახელება არ იქნებოდა სწორი, ყველა სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი განათლების მომსახურების განსახორციელებლად იმაზე მეტი უნდა დაიხარჯოს, ვიდრე ახლა იხარჯება, თუმცა, სწორი მენეჯმენტისა და ფინანსების გადანაწილების პირობებში შესაძლებელია, რიგ მუნიციპალიტეტებში არსებული დაფინანსების ოდენობა საკმარისი იყოს, მეტ-ნაკლებად სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი განათლე¬ბის მომსახურების მიწოდებისთვის. თუ სკოლამდელი განათლება გახდე-ბა პრიორიტეტული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და გაჩნდება დაინტერესება, გაცილებით მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლება შეიძლება, მივცეთ ბავშვებს არსებული დაფინანსების პირობებშიც”, – აცხადებს ყუფარაძე

სტატისტიკა:
2012 წელს სიღნაღში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ანგარიშზე გადაირიცხა 495 ათასი ლარი. აღნიშნული თანხით ფინანსდება მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, მივლინების ხარჯი, ოფისის ხარჯი, კვების, ტრანსპორტის, სამედიცინო და სხვა ხარჯები. 2013 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორგანიზაციის დასაფინანსებლად გამოყოფილია 525 ათასი ლარი. სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებობს 23 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. სოფელ ერისიმედში არ არის საბავშვო ბაღი ბავშვთა სიმცირის გამო.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებების გაერთიანება 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 765.4 ლარით. მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი ფულით ფინანსდება შრომის ანაზღაურება, საქონლისა და მომსახურების, (ოფისის, მივლინების, კვების, ბანკის პროცენტის) ხარჯები. ამასთან, ბავშვთა კვების ნაწილობრივი დაფინანსება ხორციელდება ბავშვთა კვებისთვის დაწესებული მშობელთა გადასახადით. მშობელთა გადასახადი ათი ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს. 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაერთიანებისთვის გამოყოფილი 756 ათას 400 ლარი გაიხარჯა შემდეგი დანიშნულებით: შრომის ანაზღაურებისათვის – 624 ათას 758 ლარი, მივლინებისათვის 692 ლარი, ოფისის ხარჯებისათვის 43 ათას 284 ლარი. კვება 82 ათას 745 ლარი, სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურებისათვის (ბანკის პროცენტისათვის) – 183 ლარი, 2013 წელს გურჯაანის აიიპ-ის დასაფინანსებლად გამოყოფილია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 996 ათას 900 ლარი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 31 სააღმზრდელო დაწესებულება. 10 ბაღი და 21 ბაგა-ბაღი. ამათგან ექვსს გააჩნია ფილიალი ერთჯგუფიანი ბაღის სახით, მხოლოდ ორი სოფლის, ჭერმისა და ძირკოკის, ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ბაღი. წელს დაფინასნების ზრდა აისახა აღმზრდელებისა და ბაღის სხვა თანამშრომლების ხელფასებზე, 35%-დან 47%-მდე გაიზარდა ხელფასები.
თელავის ბაღების გაერთიანებას 2012 წელს გადაირიცხა ბიუჯეტიდან 441 ათას ექვსასი ლარი. ამ თანხით დაფინანსდა შრომის ანაზღაურება, ოფისი და ნაწილობრივ კვება. 2013 წელს გამოყოფილია 567ათასი ლარი. მუნიციპალიტეტში არის სულ 27 საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღი არ არის სოფელ კურდღელაურში, შალაურში, ნასამხრალში, ნაფარეულში.
ბავშვთა კვება ნაწილობრივ ფინანსდება საკრებულოდან, ნაწილი მშობლებისგან გადახდილი თანხით, მაგრამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბაღებში კვება საკმაოდ განსხვავებულია. სიღნაღის ბაღებში არსებული მენიუ ყველაზე ღარიბია. ბავშვის ზრდასა და განვითარებისთვის საჭირო და საკმარისი კალორიები არ არის, უფრო თვალსაჩინო და დამაჯერებელი რომ იყოს ჩვენი კვლევის შედეგი სამივე მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ მენიუს წარმოგიდგენთ. შესაძლებელია გურჯაანისა და თელავის მენიუ იდეალური არ იყოს, მაგრამ იმ ფინანსებისა და შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვები ნორმალურად იკვებებიან, რასაც ვერ ვიტყვით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბაღებზე.

მომმარაგებელი კომპანიები ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ვლინდება და ყოველწლიურად სხვადასხვა მომმარაგებელთან ფორმდება ხელშეკრულება.თელავის ააიპ-ს შპს ,,თელავი ჯგუფთან” აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
გურჯაანს ოთხი კვების პროდუქტების მიმწოდებელი ჰყავს, ინდმეწარმეები: გურამ მურაკაშვილი, ქეთევან ბრაგვაძე, ნიკოლოზ ნიკოლაშვილი და გოჩა ბეზარაშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტს კი, ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ინდმეწარმე კობა კოჭლამაზაშვილთან, სოფელ ბოდბეს – გურამ მურაკაშვილთან, გურჯაანს – ირაკლი მჭედლიშვილთან.

სტატისტიკა შედარებისთვის:

სამივე მუნიციპალიტეტს განსხვავებული მენიუ აქვს:

სიღნაღი
ორშაბათი: ჩაი, კარაქი, პური, სუპი – ხორცით, კანფეტი; სამშაბათი: ჩაი, კარაქი, პური, მაწვნის სუპი, ლობიო, კანფეტი; ოთხშაბათი: ჩაი, კარაქი, პური, ხარჩო (ხორცით), კანფეტი; ხუთშაბათი: ჩაი, კარაქი, პური, სუპი (კარტოფილითა და მაკარონით), კანფეტი; პარასკევი: ჩაი, კარაქი, პური, ბორში (ბოსტნეულით) მაკარონი კარაქით.

გურჯაანი
ათდღიანი მენიუ მოქმედებს, პირველი დღე: მოხარშული კვერცხი, კარაქიანი პური, ჩაი, სადილი: ბრინჯისა და კარტოფილის სუპი, პური, ნამცხვარი, მეორე დღე: შვრიის ფაფა, კარაქიანი პური, ჩაი, სადილი: ძროხის ხორცის წვნიანი, კარტოფილითა და ვერმიშელით, პური, კანფეტი; მესამე დღე: საუზმე – ბრინჯის ფაფა რძით, კარაქიანი პური, ჩაი, სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, პური, ნამცხვარი; მეოთხე დღე – საუზმე: კვერცხიანი პური, ჩაი, სადილი: ლობიოს წვნიანი, პური, ვაშლი; მეხუთე დღე _ საუზმე: მანის ფაფა რძით, კარაქიანი პური, ჩაი, სადილი: ძროხის ხორცის წვნიანი ბრინჯით, პური, კისელი; მექვსე დღე _ საუზმე: კაკაო, კარაქიანი პური ხილის ჯემით, სადილი: კარტოფილისა და მაკარონის სუპი, პური, კანფეტი; მეშვიდე დღე, საუზმე: მოხარშული მაკარონი, კარაქიანი პური, ჩაი, სადილი: ლობიოს წვნიანი, პური, ნამცხვარი, მერვე დღე _ საუზმე: ხაჭო, არაჟანი, პური, ჩაი, სადილი: ძროხის ხორცის წვნიანი ბრინჯით, პური, კისელი; მეცხრე დღე – საუზმე: ვერმიშელის ფაფა რძით, კარაქიანი პური, ჩაი, სადილი: მაწვნის სუპი ბრინჯით, პური, ხილი (ვაშლი); მეათე დღე: წიწიბურას ფაფა, კარაქიანი პური, ჩაი, სადილი: ძროხის ხორცის წვნიანი კარტოფილით და ვერმიშელით, პური, კანფეტი.

თელავი
ორშაბათი _ საუზმე: ჩაი, კარაქიანი პური, ბრინჯის ფაფა შედედებული რძით, სადილი მაკარონის წვნიანი, პური, რძიანი სოსისი; სამშაბათი- საუზმე: ჩაი, კვერცხიანი პური, ვერმიშელის ფაფა შედედებული რძით, სადილი ბოსტნეულის ბორში, პური, კარამელი; ოთხშაბათი _ საუზმე ჩაი, კარაქიანი პური, მანის ფაფა შედედებული რძით, სადილი: გუფთა, პური, ვაფლი, ხუთშაბათი _ საუზმე: ჩაი, კარაქიანი პური, წიწიბურის ფაფა, სადილი: ქათმის ჩიხირთმა, პური, პეჩენია; პარასკევი, საუზმე: კაკაო, კარაქიანი პური, ბრინჯის ფაფა შე¬დედებული რძით, სადილი: წვნიანი ლობიო, პური, კარამელი.
მაია ბიძინაშვილი, სათემო კავშირი ,,ნუკრიანის” დირექტორი:
,,შესაძლებელია ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობა არ იყოს, მხოლოდ სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მაგრამ კვება, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მოზარდის გონებრივ და ფიზიკურ აღზრდაზე, სიღნაღში ყველგან გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. გაბერილი საშტატო ერთეული უნდა შემცირდეს და გამოთავისუფლებული თანხა ბავშვთა კვებას დაემატოს, ამ საქმეში თავისი სიტყვა რაიონის პედიატრებმა უნდა თქვან, როდესაც ბავშვი მთელი კვირის განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებება, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.“

სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი ამბობს, რომ ახლახან ბაღების გაერთიანების უფროსი შეიცვალა, რაც განპირობებული იყო ბევრი ფაქტორით:
,,კვების რაციონი გამდიდრდება, სექტემბრიდან შეიცვლება მენიუ, გაითვალისწინებენ მეზობელი მუნიციპალიტეტების გამოცდილებას, რადგან საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება იმისათვის, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მომავალი თაობა ნორმალურ პირობებში ღებულობდეს სკოლამდელ განათლებას”.

თინათინ ხანჯალიაშვილი, კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სოციალურ-ინფრასტრუქტურული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ააიპ-ი სხვადასხვა მმართველობითი სისტემით ხასიათდება:

,,მმართველის პიროვნული და მენეჯერული ქცევის მიხედვით. რიგ მუნიციპალიტეტებში ეს მართვის სტილი საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა, არის მუნიციპალიტეტები, სადაც ეს ორგანიზაციები არასწორად იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებსა და რესურსებს.“

კახეთის ბაღები ჰიგიენის დასაშვებ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ

კახეთში არის სანაქებო ბაღებიც, სადაც ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა ნორმალურია, აქვთ კარგად გარემონტებული შენობა, ჰყავთ კარგი მასწავლებლები და დისციპლინაც დაცულია, მარგამ ასეთი ბაღები საკმაოდ ცოტაა, რაც საერთო შედეგზე გავლენას ვერ ახდენს. ძირითადად ასეთი ბაღები მუნიცაპულ ცენტრებში არსებობს ან საპილოტედ გაკეთდა რომელიმე სოფელში, სამწუხაროდ, სოფლებში საბაშვო ბაღებში დაგროვილი პრობლემები ერთიანად საკმაოდ რთული გადასაჭრელია.
თითქმის ყველა ბაღში გადასაჭრელია ჰიგიენური პრობლემები, საპირფარეშოები და სამზარეულოებია მოსაწყობი.

სათემო კავშირი ნუკრიანის დირექტორი მაია ბიძინაშვილი:
,,სამწუხაროდ, ჩვენი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დღევანდელი მდგომარეობა ვერფრით ვერ უახლოვდება ასეთ მოთხოვნებს. შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა დიდწილად მშობლებსაც ეკუთვნით, რადგან ისინი თავიანთი შვილების ჯანმრთელობასა და მომავალს უსიტყვოდ აგდებენ ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც არ ან ვერ ზრუნავენ ბავშვების მომავალზე. მომსახურე პერსონალი, სამსახურის დაკარგვის შიშით, არ იღებს ხმას იმაზე, რაც ხდება ბაღებში.”

ჰიგიენურ მდგომაროებაზე საუბრობს გაეროს ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძეც და მიიჩნევს, რომ ბაღები აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურულად ისე, რომ ჰიგიენის ნორმების დაცვა გაადვილდეს:

,,რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, კვების, შენობის გათბობისა და უსაფრთხოების საკითხები მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, სადაც შეიძლება ეს საკითხები მეტად პრობლემური იყოს. წყალმომარაგების, სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა საბავშვო ბაღებში საკმაოდ ცუდია. გაეროს ბავშთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოფლების საბავშვო ბაღების მხოლოდ 33%-ს აქვს წყალგაყვანილობა შენობაში, 35%-ს კი, ტუალეტი შენობის გარეთ და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მოშორებითაც. არის რეგიონი, სადაც საბავშვო ბაღების 55% სარგებლობს ჩეჩმის ტიპის მოუწესრიგებელი ტუალეტით ან მსგავსი გაუმართავი სისტემით. აღნიშნული საკითხი საჭიროებს რეაგირებას ადგილობრივი მმართველობის მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ყველა ბაღი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი წყლის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.”

მართალია, ყველა საბავშვო ბაღში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და წყალგაყვანილობა, მაგრამ ცდილობენ აღმზრდელები, რომ ბავშვებს ხელის დასაბანი ელემენტარული პირობები ჰქონდეთ:

თინათინ ხანჯალიაშვილი, კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სოციალურ-ინფრასტრუქტურული ჯგუფის ხელმძღვანელი:

,,ააიპ „საბავშვო ბაღების“ გაერთიანებების“ ხელმძღვანელების შეფასებით კახეთში ბაღების 60 % საჭიროებს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. კვებისა და ჰიგიენის მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს თვითმმართველობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და ის რეაგირებს ეპიდემიური კერის გაუვნებლობაზე. თვითონ ააიპ-ის ხელმძღვანელებიც ახორციელებენ ბაღების მონიტორინგს და აცხადებენ, რომ თუმცა ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებულია, მაგრამ ჰიგიენის საბაზისო ნორმები, ბავშვების ხელების დაბანიდან დაწყებული ჭურჭლის რეცხვის წესებით დამთავრებული, მაქსიმალურად დაცულია, თუმცა, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ინფორმაცია არსებობდეს გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებებისა და მონიტორინგის განრიგებისა და მეთოდოლოგიის შესახებ.”

საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროს ნატო ფანჩულიძე:

,,ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სახელმწიფო სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ, არსებობს ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების სტანდარტი, სკოლამდელი დაწესებულების სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს ორგანიზების სტანდარტი, რომლებიც შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით და სარეკომენდაციო სახით მიეწოდა ქ. თბილისის და რეგიონული მუნიციპალიტეტების სკოლამდელ დაწესებულებებს.”

კანონმდებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ავალებს, კომპეტენციების დელეგირების მექანიზმის გამოყენებით, გააკონტროლოს, თუ რამდენად კარგად ხორციელდება სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა ნორმის ადრესატების მხრიდან. დელეგირებული კომპეტენციების სფეროში ცენტრალური ხელისუფლება იტოვებს უფლებას, შეამოწმოს, თუ რამდენად მიზანშეწონილია ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ გადადგმული ნაბიჯი მიზნის მისაღწევად.
ჯანმრთელობის სფეროში ზედამხედველობის კომპეტენცია აქვს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, როგორც შესაბამის დარგობრივ ორგანოს, რომელიც აღჭურვილია სათანადო ცოდნით აღნიშნულ სფეროში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მეთოდურ კონტროლს, რისი მიზანიცაა კანონით განსაზღვრული მიზნების ადეკვატურად მიღწევის უზრუნველყოფა, ბაღების მხრიდან სამინისტროს მიერ დაწესებული ნორმების დაცვის მეშვეობით.
თელავის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭირიძე ამბობს, რომ იგეგმება სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც რეგულარულად გააკონტროლებს ბაღების გაერთიანების მუშაობას და შეამოწმებს ცალკეული საბავშვო ბაღის დონეზე. კომისიაში საკრებულოს წევრებთან ერთად ჩვეულებრივი მოქალაქეებიც შევლენ, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს მონიტორინგი:
,,ბაღებისა და გაერთიანებების მუშაობის ხარისხს უნდა უწევდეს მონიტორინგს საკრებულოები, აგრეთვე, საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც, როგორც სამეურვეო საბჭოები ისე უნდა ჩამოყალიბებულიყო და მიეღო აქტიური მონაწილეობა. ეს დებულებაში წერია, მაგრამ საზოგადოებრივი აქტივობა აღმოჩნდა ძალიან მცირე. 2007 წელს გურჯაანის გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი როგორც გვიყვება, შეიქმნა ასეთი ჯგუფი, პირველში შეხვედრაც გაიმართა, მაგრამ არ იმუშავა.
-თვითონვე უნდა ჰქონოდათ სურვილი რომ გაეკონტროლებინათ ჩვენი მუშაობა, მე ხომ არ შევკრებდი მათ, მოდით და შეამოწმეთ ჩვენი მუშაობა-მეთქი, ამ მხრივ საზოგადოება, სამწუხაროდ, მზად არ აღმოჩნდა.”

საბავშვო ბაღი დაკარგული ფუნქციის აღდგენას ცდილობს

საბავშვო ბაღი ბოლო წლებში გაუტოლდა ძიძის ინსტიტუტს. მხოლოდ ვინმესთან ბავშვის დატოვების პრობლემას უხსნიდა დედას. ეს შესაძლებელია ბაგის ასაკის ბავშვბისთვის პრობლემას არ წარმოადგენდეს და, შესაძლებელია, გამართლებულიცაა, მაგრამ ეს საგანგაშოა სკოლამდელი ბავშვისთვის. დღევანდელი სასწავლო პროგრამა უკვე სავალდებულოს ხდის, სკოლაში მისული პირველკლასელი გარკვეულ ცოდნას ფლობდეს, რის საშუალებასაც დღევანდელი სკოლამდელი სააღმზრდელო ლიტერატურა და პროგრამა იძლევა, მაგრამ ეს პროგრამა ჯერჯერობით სავალდებულო არ არის და ბაღები ნებაყოფლობით ირჩევენ, თუმცა, თვითონვე გრძნობენ აღმზრდელები, რომ საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. ზემოაღნიშნული რადიკალურად განსხვავდება კომუნისტების დროინდელი ეპოქის პროგრამისგან. ზოგი ბაღი ამ დრომდე ძველი პროგრამით ხელმძღვანელობს.

მაია ყუფარაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი:
,,ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების მიხედვით 5-6 წლის ასაკში ბავშვი უნდა ცნობდეს ანბანში შემავალი ასოების ნაწილს. უნდა შეეძლოს, კიდურების მოძრაობა რიტმულად, სხვადასხვა მარტივი ფიგურების გამოძერწვა და ა.შ. შესაბამისად, საბავშვო ბაღში ბავშვები უნდა იყვნენ დაკავებული აქტივობებით, რომლებიც ემსახურება შესაბამისი უნარების განვითარებას, თუმცა არა სკოლაში გავრცელებული სწავლების მეთოდიკის მიხედვით, არამედ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შემუშავებული სტრატეგიებით, რომლებიც ძირითადად თამაშის ელემენტებს შეიცავს და საინტერესო არის ბავშვისთვის. “

სათემო ორგანიზაცია ,,ნუკრიანის~ დირექტორი მაია ბიძინაშვილი გამოთქვამს სურვილს, როგორი უნდა რომ იყოს მის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღი:
,,თანამედროვე ბაღი არის ადგილი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს კომფორტულად, ხალისიანად. პატარებისთვის უნდა იყოს შექმნილი სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა პირობა, უნდა ემსახურებოდნენ კვალიფიციური პედაგოგები: ძიძა, ფსიქოლოგი, ლოგოპედი. ეს ჯგუფი უნდა ზრუნავდეს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე. აღსაზრდელებს უნდა განუვითარონ საზოგადოებაში ადაპტაციის უნარი და შემოქმედებითი ინტერესები. ისინი უნდა ეზიარებოდნენ მუსიკისა და ცეკვის ზღაპრულ სამყაროს. ჩემი, როგორც მოქალაქის, აზრით, სწორედ ასეთ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დღეს საბავშვო ბაღი.“
მაია ბიძინაშვილს გული სწყდება, რომ თბილისისა და სოფლის ბაღები ასე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თბილისში არსებული საშუალო ან ცუდი ბაღიც კი რადიკალურად სჯობს სოფლის ყველაზე კარგ ბაღს, მიიჩნევს, რომ ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. შესაბამისი ცოდნის მქონე აღმზრდელი უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიწოდებაში, ამიტომ აღმზრდელების გადამზადების სისტემები პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.
მაია ყუფარაძე, გაეროს ფონდის განათლების პროექტის ხელმძღვანელი:
-,,სხვადასხვა პროექტის ფარგლებში შეიქმნა ადგილობრივი რესურსი აღმზრდელების და ბაღის მენეჯერების დასახმარებლად, შეიქმნა ტრენინგ პროგრამები სკოლამდელი განათლების საკითხებზე ადგილობრივი უნივერსიტეტების ბაზებზე, მომზადდა მრავალი ლიტერატურა, რიგ ბაღებში დაარსდა მშობელთა რესურსცენტრები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ლიტერატურით და ღია არის აღმზრდელთათვისაც, თუმცა არ არსებობს ერთიანი გადამზადების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე, რაც ანელებს პროცესს. საჭიროა, მუნიციპალიტეტმა განსაზღვროს, რა სისტემით გეგმავს თავისი აღმზრდელების და ბაღის სხვა თანამშროლების გადამზადებას და როგორ აპირებს არსებული რესურსების გამოყენებას.”
აღმზრდელთა გადამზადების თემატიკა შეიძლება, ძალიან ფართო იყოს. ბავშვის განვითარების თეორიებიდან დაწყებული დამთავრებული კონკრეტული პროგრამით მუშაობის სპეციფიკებიდან. გადამზადების ტიპი შეიძლება განსხვავებული იყოს ხანგრძლივობის მიხედვითაც. არსებობს ერთ ან რამდენიმედღიანი ტრენინგებიც და რამდენიმე თვიანი სერტიფიცირებული სატრენინგო კურსებიც.
კახეთში აღმზრდელებს ორჯერ ჩაუტარდათ ტრენინგები ახალი სასწავლო პროგრამების შესათვისებლად და მენეჯმენტისთვის, თუმცა, მიიჩნევენ რომ მსგავსი ტრენინგები ხშირად უნდა ტარდებოდეს.

თბილისის 31-ე ბაგა-ბაღი

კახეთის რეგიონის ბაღებთან შედარების მოსახდენად ვიმყოფებოდით თბილისის ერთ-ერთ საშუალო დონის სახელმწიფო ბაღში. 31-ე ბაგა-ბაღი მდებარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და სამი ბაღის გაერთიანების ბაზაზეა დაფუძნებული. 5 წლის წინ სამი ბაღი გაერთიანდა, საბავშვო ბაღი ორ დიდ ორსართულიან კორპუსს ფლობს და რვა ათასი კვადრატული ეზო აქვს. ეზოს წინა მხარეს ნაძვნარია, უკანა ეზოში კი, ფანტანი და ბავშვებისთვის მოწყობილი ეზოა. მთლიანად 600 ბავშვი სწავლობს და 101 თანამშრომელი ემსახურება ბაღს. საშუალო ხელფასი აღმზრდელის 600 ლარია. 20 სასწავლო ჯგუფია. შენობის ერთი კორპუსი გარემონტებულია, მეორე კორპუსის ნაწილში გორიდან დევნილი 25 ოჯახი ცხოვრობს და ჯერჯერობით შენობის ამ ნაწილს ვერ იყენებენ. სამზარეულო საკმაოდ კარგადაა აღჭურვილი, საწყობი კაპიტალურად აშენებული და გარემონტებულია, ამიტომ პროდუქტის დასაწყობება ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, მალფუჭებადი პროდუქტი მაცივარში ინახება, თანაც, მოთხოვნილი წესის შესაბამისად, იზოლირებულად ინახება კვერცხი ყუთით, ასევე, სხვა პროდუქტი გამჭვირვალე, ფერმენტულად დახურული ყუთებით მაცივარში ინახება. საბავშვო ბაღს აქვს ათდღიანი მენიუ, სადაც კალორიების დათვლით ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ვიტამინები მოეწოდებათ ბავშვებს. სხვათა შორის, ეს მენიუ უახლოვდება გურჯაანის ბაღების გაერთიანებაში არსებულ მენიუს. არის სამჯერადი კვება. ყოველთვიური გადასახადი 45 ლარია, მაგრამ საბავშვო ბაღს თვეში 60 ათასი ლარი სჭირდება და დეფიციტის დროს თბილისის ბაღების სააგენტო ეხმარება ფინანსურად. როდესაც თანხა მორჩება ბაღს, მცირე რემონტს და ინვენტარის განახლებასაც ახერხებს.

31-ე ბაღის დირექტორი ირმა ცისკარიშვილი ამბობს, რომ, ცხადია, ბაღს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ კარგი მენეჯმენტით შესაძლებელია თანხების ისე გადანაწილება, რომ ბაღი უფრო მეტად მოწერიგდეს. საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა საგანმანათლებლო საკითხს. ძალიან კარგად შეითვისეს ბავშვებმა ახალი პროგრამა. აღმზრდელების დიდი ნაწილი უმაღლესი განათლებითაა და ტრენინგებს რეგულარულად გადიან, ამაში ძალიან ეხმარება მათ თბილისის ბაღების მართვის სააგენტო.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის საგენტო:
როდესაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო შეიქმნა, მშობლებში გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვების ბაღში მიღების პროცესი უფრო გართულდებოდა, დაიწყებოდა კორუფცია, ბიუროკრატია და ბაღებიც ვეღარ განვითარდებოდა.

თეონა ვარშანიძე, მშობელი:
-,,ორი შვილი მყავს, უმცროსი წელს მივიყვანე ბაღში. რომ მითხრეს სააგენტოში უნდა დაარეგისტრიროო, შევშფოთდი, ვიფიქრე, რაღაც დაბრკოლებას ქმნიდა თვითონ ბაღის გამგე, რადგან სულ ორი ვაკანსია იყო და ვიფიქრე ან ფული უნდა ან სხვა უნდა, რომ მიიღოს-თქო. მეზობელმა მასწავალა, როგორ უნდა შევსულიყავი სააგენტოს საიტზე და ის ბაღი მოვძებნე, რომელიც მე მინდოდა და რეგისტრაციის ფურცელი შევავსე. მოკლედ, თვითონ დამიკავშირდნენ, რომ ბავშვი მოიყვანეო, გავოცდი. ძალიან კმაყოფილი ვარ, კვება, გათბობა მეთოდიკა, აღმზრდელების ურთიერთობა ბავშვთან. ჩემი შვილი უკეთესობისკენ შეიცვალა. ზამთარი ისე გავიარეთ, არ გაციებულა.”

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი რამაზ სულამანიძე:
,,ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო შეიქმნა 2011 წელს. სააგენტო უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მომსახურების ხარისხს, ფინანსურ და მართვის პოლიტიკის შიდა მონიტორინგს. ხელს უწყობს თანამშრომელთა პრიფესიულ განვითარების პროცესს. სააგენტო კოორდინირებას უწევს, სააგენტოს მიერ დაფუძნებულ 157 ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღს. შეიქმნა ელექტრონული პორტალი, რომლიც ამარტივებს ბავშვების სასურველ ბაღში დარეგისტრირებას. ეტაპობრივად მოწესრიგდა კვება, დაინერგა ბაღებში თანამედროვე მეთოდოლოგია და ჩაუტარდათ ტრენინგი ,,ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიაში” ყველა თანამშრომელს, ასევე, როგორც რამაზ სულამანიძე ამბობს, ინკლუზიურ განათლებას ხელშეწყობა სჭირდება. ეტაპობრივად აღმზრდელები და სხვა შესაბამისი სპეციალისტები უნდა გადამზადდნენ, რათა მათ შეძლონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.ამ მიზნით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საქართველოს პორტრიჯის ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც გულისხმობს საბავშვო ბაგა-ბაღებში ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობას.

თბილისის ბაგა–ბაღები ნაწილობრივ მშობლის შემოტანილი თანხით ფინანასდება და მერიის შესაბამისი პროგრამიდან თანადაფინანსებით. მერიდიან 2013 წელს ჩვენს სააგენტოზე გადარიცხულია 8,491,172 ლარი. Eეს თანხა ნაწილდება ყველა სახელმწიფო ბაგა-ბაღზე საჭიროების შესაბამისად. ბაგა-ბაღების სარემონტო სამუშაოები ფინანასდება ბაგა-ბაღების ბიუჯეტიდან. აღმზრდელის ხელფასი (დარიცხული) შეადგენს 600ლარს.

რამაზ სულამანიძე, სააგენტოს დირექტორი:
-,,რაც შეეხება კვებას, ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი ვალდებულია, თავად შეადგინონ მენიუ, რომელშიც უნდა იყოს დაცული ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდება, კალორიულობა და მრავალფეროვნება. ამ პროცეში ჩართულია, როგორც ბაგა-ბაღის ექთანი, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი, მზარეული და დირექტორი. ისინი ხელმძღვანელობენ იმ კრიტერიუმებით, რომელიც მოცემულია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიის დოკუმენტში და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატივებით. თავის მხრივ სააგენტო ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს კვების დოკუმენტის სრულფასოვნებას და ასევე მის შესრულებას. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წესდების შესაბამისად, რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, ასევე აკონტროლებს სხვა სახელმწიფო და შესაბამისი ადგილობრივი თვითმართველობის სამსახურები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.”

დასკვნა:
• საკრებულოები ბაღების გაერთიანების ყოველწლიურ პროექტს სრულად არ აფინანსებენ, ფინანსდება მხოლოდ ხელფასები, ოფისის ხარჯები, ნაწილობრივ კვება და ზიგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი;
• საბავშვო ბაღების გაერთიანებებს არ აქვს სრულყოფილი მენეჯმენტი, შესაძლებელია ამ თანხის უფრო ეფექტური ხარჯვა;
• სიღნაღის საბავშვო ბაღების გაერთიანებას კვების მენიუ არა აქვს სრულყოფილად გათვლილი, ამ ფინანსებით, რასაც ის ღებულობს, გაცილებით მრავალფეროვანი სადილების მომზადება შეიძლება;
• საკრებულოები არ ატარებენ გაერთიანებებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მონიტორინგს და შემოიფარგლებიან ეტაპობრივად განხორციელებული შემოწმებებით, ამიტომ ზოგიერთი საკრებულო უკვე აპირებს კომისიის შექმნას, რომელიც ამ სფეროს შეამოწმებს რეგულარულად;
• უფრო მეტი ფინანსებია საჭირო საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;
• აუცილებელია მშობელთა ჩართვა ბაღის ცხოვრებაში;
• საჭიროა, ადგილობრივი არასამთავრობოები დაინტერესდნენ ამ საკითხით და გააკონტროლონ, როგორც გაერთიანებებისა და ბაღების მუშაობა, აგრეთვე, საკრებულოს აქტიურობა ამ კუთხით.