სტატიები

ორი კილომეტრი სასმელ წყლამდე და ეკალ-ბარდებით დაფარული კულტსახლი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ახშანი მუნიციპალური ცენტრიდან 11 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დაბინძურებული სასმელი წყალი, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, კულტურული კერების არარსებობა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოგვარებაზეც სოფლის მოსახლეობა ოცნებობს.
ომარ ლაჩაშვილი ორ კილომეტრზე მეტს ფეხით გადის რათა მეზობელი სოფლიდან წყალი მოიატანოს:

„წყალი ისეთი მოდის, რომ ღორებიც კი არ დალევენ, შმორის გემო აქვს. წყალს ბაყაყი, ხან კი ქვიშა მოსდევს. სასმელ წყლს მეზობელი სოფლიდან ვეზიდებით და, თუ ძალიან გაგვიჭირდა ფეხით წასვლა, მდინარის წყალს ვსვამთ. სხვა გზა არ არის, ონკანის წყალზე მეტად სუფთაა“, – გვეუბნება ომარ ლაჩაშვილი.

სოფელ ახშანელებს წვიმის მოსვლა სერიოზულ პრობლემებს უქმნის, შიშით ხვდებიან ამინდის ცვლილებას, დაზიანებული შიდა საუბნო გზები სოფლისთვის კიდევ ერთ მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს.
სოფელი ახშანი ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ შიდა საუბნო გზები წყლით იფარება, ჩნდება გუბეები, მინიმუმ ერთი დღეს განმავლობაში სოფლელები გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ და გარე სამყაროს მოწყვეტილი არიან.
სოფლის მოსახლეობამ უკვე არაერთგზის მოისმინა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შიდა საუბნო გზების მოხრეშვის შესახებ დაპირება, თუმცა ჯერჯერობით ამ პრობლემის მოგვარება მოსახლეობისათვის აუხდენელ ოცნებად იქცა.

„ამ სოფელს პატრონი არ ჰყავს. ყოველ წელს გვატყუებენ, რომ გზებს გავარემონტებთო, მაგრამ რად გინდა? როდესაც წვიმა მოდის, გარეთ საერთოდ ვერ გამოვდივართ. წვიმის შემდეგ აქ ზაფხულშიც ვერ გაივლი და წარმოიდგინეთ, რა იქნება ზამთრის შემდეგ. აქ ხომ ბავშვები დადიან. მთელ გზაზე გუბეებია და ბავშვები გვერდს ვერ უქცევენ“, – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს გურამ მაისურაძე.

ახშანის მოსახლეობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გაზაფხულზე სოფლის ახლოს ჩამომდინარე ხევი დიდდება, კალაპოტიდან გადმოდის და სოფელს ტბორავს. ადიდებული ხევი ახაშნელების მოსავალის 40-50%-საც ანადგურებს და ამიტომ გაზაფხულის მოსვლა სოფლის მოსახლეობას აშინებს.

„როდესაც ხევი ადიდდება, მაშინ შავ დღეში ვართ. ხევის ახლოს მცხოვრები მოსახლეობის სახლების პირველის სართული იტბორება. სანამ ეს ხევი მთელ სოფელს არ წაიღებს, მანამდე ჩვენი მომხედი არავინ არ არის“, – აღნიშნავს გიორგი მაისურაძე.

მიუხედავად სოფლის ბოლოში გამავალი ბუნებრივი აირის მილისა, ახშანის მოსახლეობას არ მიეწოდება გაზი. მათ უწევთ თხევადი აირის ბალონების დატენვა, რომელიც ზედმეტ ფინანსურ პრობლემებს უქმნით.

„გაზს ვინღა ჩივის? უგაზობას უკვე მივეჩვიეთ. ჩვენს სოფელში გადის გაზის მილი, მაგრამ მაგას ვინ უყურებს? ყოველ წელს გვპირდებიან, რომ გაზს გაგვიყვანენ. ჩვენ რომ გვქონდეს ბუნებრივი აირი, ავშენდებით კიდეც. თვეში გვიწევს მინიმუმ 5 კუბამეტრი თხევადი აირის დატენვა, რაც დაახლოებით 30 ლარზე მეტი გვიჯდება. რატომ უნდა გვქონდეს ოცნებად გადაქცეული XXI საუკუნეში სოფელში გაზის შემოყვანა?“, – გვეუბნება 83 წლის დარიკო იმერლიშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში კულტურული ღონისძიებების ნაკლებობაზეც საუბრობენ და კულტურის სახლში აღდგენითი სამუშაოების დაწყების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ძალიან ცუდია, რომ ეს უნიკალური კულტურისა სახლი ბარდებითაა დაფარული. ერთ დროს ძალიან ბევრი კულტურული ღონისძიება ტარდებოდა. კულტურის სახლი წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა. მეპატრონეს მიეხედა მაინც კულტურის სახლისათვის და ისე მაინც არ მიეტოვებინათ, რომ ეკალ-ბარდს არ დაეფარა იქაურობა“, – აღნიშნავს ომარ ლაჩაშვილი.

სოფელში დაწყებითი საფეხურის სკოლაა, ამიტომ მე-4 კლასის დამთავრების შემდეგ ახშნელი მოსწავლეები სწავლას ქისტაურის საჯარო სკოლაში აგრძელებენ. ბავშვების მშობლები სრული ზოგადასაგანმანათლებლო სკოლის დაარსების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი განმარტავენ, რომ დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ქისტაურის საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების დროს მოსწავლეებს გარკვეული ხნის განმავლობაში უძნელდებათ სასწავლო გარემოსთან და თანაკლასელებთან ადაპტაცია.

„სოფელში არის დაწყებითი სკოლა, სადაც მოსწავლეები ოთხი კლასის ჩათვლით სწავლობენ. ვერ გამიგია, თუ ბავშვები დაწყებით კლასებში ამ სკოლაში იღებენ განათლებას, ბარემ აქ დაამთავრებინონ ის 12 კლასი. ისინი ამავე სკოლაში დიდი სიამოვნებით ისწავლიან მაღალ კლასებში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა ნასყიდაშვილი ახშნელებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. ნასყიდაშვილი აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია 10 დღეში დაიწყება და შიდა საუბნო გზებზე კი ხრეში დაიყრება. ამ ეტპაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა კულტურის სახლის აღდგენას არ გეგმავს და ამის მიზეზად ნასყიდაშვილი ბიუჯეტში საკმარისი თანხების არარსებობას ასახელებს.