ახალ საწარმოებს საგანგებო ხელშეწყობა ექნებათ
1-ლი ივნისიდან სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” იწყება, რომლის მიზანიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. შეღავათების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ მეწარმემ ახალი საწარმო გახსნას. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია, აქედან სოფლის მეურნეობისთვის 30 მილიონი დაიხარჯება, ხოლო ინდუსტრიული წარმოებისთვის – 16 მილიონი.
“აწარმოე საქართველოში” სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსური, უძრავი ქონებისა და კონსულტაციების. სესხის მოცულობის ქვედა ზღვარი – 150 ათასი დოლარი, ზედა კი 2 მილიონი დოლარია.
დაფინანსდება ათი ინდუსტრიული და რვა სასოფლო-სამეურნეო მიმართულება, მათ შორის სამშენებლო მასალების, ქაღალდისა და მუყაოს, რეზინისა და პლასტმასის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მატყლის, ტყავის გადამუშავება, ხილისა და მწვანილის სასათბურე მეურნეობები, მეცხოველეობის ფერმები და სხვ.
იმ ბიზნესმენებს, ვისაც დღეს უცხოური საქონელი შემოაქვთ, პროგრამის ინიციატორი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სთავაზობს, საქართველოში თავად შექმნან საწარმოები და პირიქით, პროდუქცია საექსპორტოდ გაიტანონ.
“ჩვენი სააგენტო ჩართულია ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტში. მეწარმეს, რომელსაც ბიზნესის დაფუძნება სურს, შეუძლია 1-ლი ივნისიდან მიმართოს ბანკებს და კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, შეღავათით ისარგებლოს. პირველი ორი წელი ბიზნესისთვის ყველაზე ძნელია. ამიტომ საპროცენტო განაკვეთიდან, რომელიც ბანკებთან წინასწარი შეთანხმებით 11%-დან 13%-მდე იქნება, ჩვენ 10%-ის სუბსიდირებას მოვახდენთ. სესხის დასამტკიცებლად გირაოსთვის მოქალაქეებს ხშირად უწევთ საკუთარი ან ახლობლების უძრავი ქონების ჩადება. ამ ტვირთის შესამსუბუქებლად, გირაოს 30%-ს ჩვენ დავაზღვევთ.
პროგრამის მეორე კომპონენტია უძრავი ქონების უსასყიდლოდ, სიმბოლურ 1 ლარად გადაცემა. მაგრამ მეწარმეებმა მხოლოდ პირველი I (ფინანსური) კომპონენტით უნდა ისარგებლონ, ან მეორით (უძრავი ქონების). თუმცა იმ შემთხვევისთვის, როცა ორივე კომპონენტით ერთდროულად სარგებლობა აუცილებელი გახდება, გამოსავალი არსებობს. ჩვენს სააგენტოს შერჩეული აქვს სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების ასამდე ობიექტი, მათგან 40% – თბილისში. ყველა შენობა უზრუნველყოფილია წყლით, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით და გზაც მიყვანილია. ძირითადად, ეს XX საუკუნის 70-90-იან წლებში მოქმედი საწარმოების შენობებია. ქონების გადაცემის პირობები ასეთია: თუ ბენეფიციარი თბილისში მდებარე ქონებას აირჩევს, მისი ღირებულების ექვსმაგი თანხის ინვესტიცია უნდა დააბანდოს, ხოლო რეგიონში – ოთხმაგი. შენობების ღირებულება უკვე დადგენილია აუდიტის მიერ.
მესამე კომპონენტში ყოველ ბენეფიციარზე განსაზღვრულია 10-20 ათასი ლარის მომსახურება კონსულტაციებისა და ინოვაციების დანერგვისთვის. მეწარმეებს რჩევებს საჯარო მოხელეები კი არ მისცემენ, არამედ წარმატებული ბიზნესის გამოცდილი და კვალიფიციური წარმომადგენლები”- განუცხადა ,,bpn” -ს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ციკოლიამ.