პლატონ კალმახელიძე: „თელავის პოტენციალს ვხედავ ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებაში“
ინტერვიუ ,,ქართული ოცნების’’ თელავის მერობის კანდიდატ პლატონ კალმახელიძესთან.
თელავის მერობის 36 წლის კანდიდატი პარტია ,,ქართული ოცნებიდან’’ პლატონ (პაატა) კალმახელიძე კომპანია „ბილაინის“ თელავის ოფისის მენეჯერია, ზოგადი პროფილის მკურნალი ექიმია, რომელსაც პროფესიით არასდროს უმუშავია, სამაგიეროდ ბიზნესის მართვის სფეროში ათწლიანი გამოცდილება დააგროვა, წარმოშობით თელაველია, ფლობს სახლს თელავის ცენტრში, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობს, არ ჰყავს საკუთარი ავტომანქანა, უყვარს წიგნების კითხვა, უცოლოა და ისეთ თელავზე ოცნებობს, სადაც არა მხოლოდ ტურისტები, ადგილობრივებიც კარგად და ბედნიერად იგრძნობენ თავს.
პლატონ კალმახელიძე თელავის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრას თავისებურად უდგება. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბიზნესმენებს თელავის განვითარების პროგრამაში ჩართავს, დაიწყებს მუშაობას უმუშევრების რიცხვის ზრდის შესამცირებლად და, პირველ რიგში, ქალაქ თელავში სასმელი წყლისა და კანალიზაციის პრობლემას გადაჭრის.
იმისთვის, რომ თელაველებმა უკეთ გაიცნონ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, ,,კახეთის ხმამ“’ პლატონ კალმახელიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ინტერვიუს:
– ბატონო პლატონ, ფაქტობრივად, პოლიტიკაში ახალბედა ხართ, თავს როგორ გრძნობთ ახალ ამპლუაში?
– მინდა გითხრათ, რომ დაუგეგმავი ნაბიჯი არასოდეს გადამიდგამს, შესაბამისად, არც ეს ნაბიჯია გაუაზრებელი. ასე რომ, თავს ნორმალურად ვგრძნობ.
– გავაცნოთ თქვენი კანდიდატურა თელავის ფართო საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, თელაველი ბრძანდებით, გვიამბეთ თქვენ სამუშაო გამოცდილებაზე, გაგვაცანით ბიოგრაფია და რას გამოყოფდით თქვენი წარსულიდან?
– დავიბადე ქალაქ თელავში, საშუალო განათლება დავასრულე თელავის # 1 საჯარო სკოლაში. სწავლა გავაგრძელე თბილისში, 6 წლით დავტოვე მშობლიური ქალაქი და დავეუფლე ექიმის სპეციალობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩავაბარე ზოგადსალიცენზიო გამოცდები, პროფესიით არასდროს მიმუშავია. შეიძლება ითქვას, ჩემი თავი ვიპოვე მენეჯმენტში. 2008 წელს დავიწყე მუშაობა ,,ავერსი ფარმაში.’’ 8 თვის განმავლობაში ამ კომპანიის კახეთის სამედიცინო წარმომადგენლად ვმუშაობდი, შემდეგ დავწინაურდი ამავე კომპანიაში, დავინიშნე კახეთის რეგიონულ სამედიცინო წარმომადგენლად, ამ პოზიციაზე მოვხვდი კონკურსის წესით. მეორე სამსახური იყო კომპანია ,,ბილაინი’’ დღემდე ამ კომპანიის თელავის ფილიალის დირექტორის პოზიციას ვიკავებ. ახლა ვიმყოფები შვებულებაში. ამ კომპანიაში საკმაოდ ბევრს მივაღწიე. მიხარია, რომ კახეთის რეგიონული ფილიალი ყოველთვის იყო გამორჩეული.
– პროფესიით ექიმი ხართ, გამოცდილებმა დააგროვეთ მენეჯმენტში, როგორ მოხვდით პოლიტიკაში და რამ განაპირობა ის, რომ თქვენ უკვე არჩევანი ამჯერად პოლიტიკაზე შეაჩერეთ?
– გეტყვით, რომ ვმეგობრობ ,,ქართული ოცნების’’ პარტიის წარმომადგენელთან, ბატონ პაატა გიორგობიანთან. როგორც ვიცი, კიდევ ოთხი კანდიდატურა განიხილებოდა ამ პოზიციაზე. პაატამ იცოდა ჩემი გამოცდილება ამ სფეროში, ზოგადად მენეჯმენტში და მიცნობდა, როგორც მეურნეს. გამომდინარე აქედან, მთხოვა მასთან გასაუბრება და მკითხა რას ვფიქრობდი ქალაქის განვითარების შესახებ, ვისაუბრეთ და პაატამ ჩემი კანდიდატურა შეარჩია. შემდეგ პარტიას და მათაც მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ჩემი კანდიდატურის დასახელების შესახებ.
– როგორ ფიქრობთ, ასეთ კონკურენციაში რა არის თქვენი მთავარი პლუსი, რაც გამოგარჩევდათ სხვა კანდიდატებისგან?
– მერის პოზიცია წარმომიდგენია უპირატესად, როგორც მენეჯერისა და მეურნის. ეს სფერო სწორედაც რომ ის ასპარეზია, როდესაც უნდა ემსახურო ხალხს. მე დარწმუნებული ვარ ჩემს გამოცდილებასა და უნარებში, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე. ამის საფუძველზე ვფიქრობ, რომ ჩემი პროგრამით, პრობლემების მოგვარების ჩემეული ხედვით, მაქვს გარკვეული უპირატესობები.
– 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე ქალაქი თელავი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყოფა, იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა და რა ძირითად პრობლემებს გამოყოფთ თელავში?
– ჩემი საარჩევნო პროგრამა სრულყოფის პროცესშია და დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. ბევრი რამ მაქვს სათქმელი ჩემს ამომრჩეველთან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელც უნდა მოგვარდეს დასაქმებაა. ამ კუთხით ჩემი ინიციატივა ბიზნესის ხელშეწყობა და მათთან თანამშრომლობაა. მინდა გითხრათ, რომ ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აპირებს თელავის ბაზარზე შემოსვლას, მაგალითად, კომპანია ,,ეკო ლოსთან’’, რომელიც წყლის გამწმენდ ნაგებობებას აშენებს, ჯერჯერობით 50 ადამიანს დაასაქმებენ და კომერციული ოპერაციების კარგად განვითარების შემთხვევაში, აპირებენ სამუშაო ადგილების გაზრდას 300-მდე. საკმაოდ დიდი საწარმოა, რომელიც თელავში ბევრს დაასაქმებს. ჩემი ინფორმაციით, შემოდის საკმაოდ მსხვილი ინვესტორი ღვინის წარმოების სექტორში, რომელიც აპირებს ქარხნის აშენებას. მათ დაგეგმილი აქვთ 150 სამუშაო ადგილის შექმნა, უკვე წარმატებით განახორციელეს თავიანთი კომერციული საქმიანობა და ახლა აპირებენ წარმოების გაფართოვებას.
თელავის განვითარებისთვის ტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩემი პრიორიტეტია ბატონის ციხის რეაბილიტაცია, რომელიც უშუალოდ იქნება მიბმული ტურისტული სფეროს განვითარებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქში კულტურული კერების არსებობა უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. თელავში ძალიან პრობლემურია წყალმომარაგება, რომელიც დღეისთვის ხარვეზებით მიეწოდება ქალაქს. თელავი ორი გზით მარაგდება: ნაჟური წყლები და ჭაბურღილები. ჩვენ განვსაზღვრეთ თელავის წყალმომარაგების სფეროს განვითარების პრიორიტეტული მიმართულება, რომ ქალაქი სრულად მომარაგდეს წყლით.
დღეისთვის კი, წყალმომარაგებაში დიდი პრობლემაა, არსებობს წყლის დანაკარგი და ამიტომ წყალსადენი საჭიროებს რეაბილიტაციას. პრობლემურია კანალიზაციის საკითხი. სამწუხაროა, რომ ფეკალური მასა ჩაედინება სარწყავ არხში, რომელიც ქმნის ანტისანიტარიას, თელავის გარეთ მიედინება ღია სადენით მდინარე ალაზნის მიმართულებით. წვიმის მოსვლის შემთხვევაში სადენს გამტარიანობა აღარ ყოფნის და ხშირად სავალ ნაწილზე გადმოდის, აგრეთვე, ეს გამტარი არხი გადის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, იქ, სადაც მოჰყავთ მოსავალი.
გამოვყოფდი სპორტისა და გართობის სფეროს, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს ქალაქში, როგორც გამაჯანსაღებელ, ასევე პროფესიულ დონეზე სპორტს ხელშეწყობა სჭირდება. გარდა ამისა, პრიორიტეტულია ახალგაზრდების ჩართულობა, გართობის ცენტრების მოწყობა ქალაქში და სხვა. ყველა ზემოთ აღნიშნული და უამრავი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი საჭიროებს გადაჭრას, ეს ყველაფერი ასახული იქნება ჩემს წინასაარჩევნო პროგრამაში და ყველა დაინტერესებულ პირს მისი გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.
– ბატონო პლატონ, ის პრობლემებები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, დაგეთანხმებით, რომ აქტუალურია, მაგრამ საინტერესოა, ამ პრობლემებს როგორ მიაგენით, როგორ გამოკვეთეთ, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, მეზობლების, მეგობრების აზრს ეყრდნობით თუ ამ შემთხვევაში კვლევის შედეგებს გაეცანით?
– დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ თელავში, მყავს უამრავი ნაცნობი, მეგობარი, მშობლების მეგობრები, თანამშრომლები და სხვა, რომლებსაც უწევთ იმ კონკრეტულ პროლემებთან შეხება. ჩემი ინფორმაციის მთავარი წყარო სწორედ ადამიანები არიან. დავიწყე სხვა პრობლემების მოძიებაც, ისეთების, რომელთა შესახებაც არ ვიცოდი. დავრწმუნდი, რომ უამრავი საკითხი საჭიროებს გადაჭრას. ვისაუბრე სპეციალისტებთან, კომპეტენტური ადამიანების ჯგუფთან და გარკვეული მოსაზრებები ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე სწორედ აქედან შემექმნა.
– თქვენ შეეხეთ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას, მაგრამ მინდა გკითხოთ კონკრეტულად იმ საკითხებზე, რაც თელაველებს ძალიან აწუხებს, მაგალითად, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ, კერძოდ, საბავშვო ბაგა-ბაღებში ძალიან პრობლემურია არამხოლოდ კვების, არამედ ჰიგიენის, ინფრასტრუქტურისა და სხვა საკითხები. როგორ ფიქრობთ, ამ საკითხების მოგვარება კონკრეტულად არის თუ არა თვითმმართველობის კომპეტენცია და რა შეიძლება თქვენ გააკეთოთ ამისთვის ?
– ბავშვები ჩვენი მომავალია, პატარები საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში მაქსიმალურად დავუთმობთ ყურადღებას ამ სექტორში არსებულ პრობლემებს. ჩვენ შევეცდებით, შევუქმნათ სათანადო და დაცული გარემო მომავალ თაობას. ეს საკითხი ჩემს სამუშაო გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
– თქვენ ზემოთ ისაუბრეთ თელავის ტურისტულ პოტენციალზე, თუმცა მინდა დავუბრუნდეთ ამ საკითხს და შევეხოთ თელავის თეატრს, რომლის დაუსრულებელი, უსახური ფასადი მოქალაქეთა დიდ უკმაყოფილობას იწვევს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მსგავსი საკითხები როგორ უნდა გადაიჭრას, ერთპიროვნულად თუ კონსენსუსის საფუძველზე?
– თვითმმართველობის არჩევნები ეს არის უნიკალური შანსი თანამედროვე ევროპული მართვის მოდელის მმართველობაში დანერგვისათვის და ეს ნიშნავს მონაწილეობით დემოკრატიას. მე იმას ვგულისხმობ, რომ მაქსიმალურად იქნება საზოგადოება ჩართული მართვაში, შესაბამისად, თელავის თეატრიც არ იქნება გამონაკლისი. მეც მაქვს ჩემი მოსაზრება და მეც არ მომწონს თელავის თეატრის ამჟამინდელი იერსახე. ვფიქრობ, რომ მომავალში შესაბამისი სამსახური გამოაცხადებს კონკურსს, შერჩეული იქნება პირობითად ორი ან სამი პროექტი, რომელსაც შევთავაზებთ თელავის მოსახლეობას და მათთან ერთად ავირჩევთ პროექტს, რაც ქალაქს დაამშვენებს.
– დამეთანხმებით, ერთ-ერთი სასიცოცხლო წყარო განვითარებისათვის არის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ამ ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი დიდი რესურსია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, თუ გიფიქრიათ, რამდენად შეიძლება თვითმმართველობა ჩართული იყოს სტუდენტურ ცხოვრებაში, შეუწყოს ხელი სტუდენტურ ინიციატივებს და მათ ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. თუ მიიღებთ ახალგაზრდულ შემოთავაზებებს?
– რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ინიციატივები, მათთან თანამშრომლობა ჩემთვის საინტერესო და სასურველი იქნება. ამის გარდა, განათლების ხარისხის ზრდა მთავრობის პრიორიტეტია, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს შემდგომ მათ დასაქმებას. მზად ვარ თელავის უნივერსიტეტთან თანამშრომლობისათვის. ჩემი აზრით, ისეთი ფაკულტეტები უნდა იყოს პრიორიტეტული, რომლებიც ჩვენს რეგიონსა და ქალაქზე იქნება მორგებული, უნდა მომზადდნენ ის სპეციალისტები, რომლებიც სჭირდება ჩვენს რეგიონს. ერთი მხრივ, საჭიროა განათლებული ახალგაზრდობა გვყავდეს, ხოლო, მეორე მხრივ – დასაქმებული. კარგად ვიცი, რას ითხოვს დამსაქმებელი, ის ითხოვს გამოცდილ, მცოდნე კადრს. შესაბამისად, თუ ადამიანს არ მიეცი იმის საშუალება, რომ გამოცდილება შეიძინოს, ის ყოველთვის დარჩება დაუსაქმებელი და მისი თეორიული ცოდნა იქნება გაუმყარებელი, ამიტომ ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად გავუხსნათ ახალგაზრდებს კარი ასპარეზისთვის, სადაც ისინი შეძლებენ დაამტკიცონ, რომ არიან ქმედუნარიანები და გამოავლენენ თავისი შესაძლებლობებს მაქსიმალურად.
– სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი სტუდენტებისთვის. ეს პროექტი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ თვითმმართველობას შესთავაზოს ბევრი ახალგაზრდული ინიციატივა. ამავე დროს, თვითმმართველობას აძლევს შანსს, ყოველივე ეს თავიანთ მუშაობაში გაითვალისწინონ. თუკი თქვენ დაინტერესდებით, ჩვენ მოგაწვდით ამ ინიციატივებს და თუკი აგირჩევენ, იმედია, გამოიყენებთ და ხელს შეუწყობთ ახალგაზრდებს, ჩაერთონ ქალაქის მმართველობაში. რას იტყვით ამ ინიციატივაზე?
– შეთავაზებაზე აუცილებლად დავთანხმდები, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის მართვის თანამედროვე მოდელი ნიშნავს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ქალაქის აღმშენებლობის პროცესში და, ვინაიდან სტუდენტობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებისა, ჩვენ მათ ყოველთვის მოვუსმენთ.
– ახლა უფრო ახლოს გავაცნოთ თქვენი პორტრეტი საზოგადოებას, მოგვიყევით თქვენი ოჯახური მდგომარეობის, ინტერესების, ჰობის შესახებ.
– ჩემი ოჯახური მდგომარეობა ასეთია: ვარ უცოლო, თავისუფალი დროის დეფიციტს განვიცდი. ჩემი ჰობი არის კითხვაა. საყვარელი ავტორია მიხეილ ჯავახიშვილი. მამაჩემის საყვარელი მწერალიც ის იყო.
– როგორ ატარებს თავისუფალ დროს თელავის მერობის კანდიდატი და იმ შემთხვევაში, თუ იქნებით მერი, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ თელავში წახალისებული იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი? რაზე ოცნებობთ, პირადად რა გსურთ გააკეთოთ თელავისთვის?
– ჩემი ოცნებაა თელავის ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდეს ისეთი სახით, რომელიც ყველა მოქალაქისათვის სიამაყის საფუძველი იქნება. მიმაჩნია, რომ ეს ისტორიული ძეგლი არის არა მხოლოდ თელავის, არამედ რეგიონისა და საქართველოს სახე.
– როგორ ფიქრობთ, რა აკლია თელავს, რაში ხედავთ დეფიციტს: ინფრასტრუქტურული, კულტურული ცხოვრების განვითარების თვალსაზრისით რისი გაკეთება შეიძლება, ქალაქთან მიმართებით თუ გაქვთ პირადად აუხდენელი ოცნება?
– ჩემი აზრით, ახალგაზრდებს მეტი გართობისა და დასვენების საშუალება გვჭირდება. ამის დეფიციტი იგრძნობა. მოგეხსენებათ, გასართობი დაწესებულებები კერძო ბიზნესის სფეროა, შემოსავალი თუ არ აქვს კერძო ბიზნესს, მარტივად რომ ვთქვათ, დაიხურება. შესაბამისად, ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ კულტურულ გარემოში გაერთოს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ თელავს აკლია დახურული აუზი, მის გახსნაზეც უნდა ვიზრუნოთ და იმაზეც, რომ ფასი შეღავათიანი იყოს და ადამიანებმა შეძლონ ჯანმრთელობის გაკაჟება, ცურვის პროფესიულ დონეზეც დაუფლება.
– რაში ხედავთ თქვენ თელავის სიმდიდრის მთავარ წყაროს. როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა კერძო ბიზნესთან?
– უდიდეს პოტენციალს ვხედავ ტურიზმის განვითარებაში, ცხაია ვხედავ სხადასხვა სახის საწარმოსგახსნის შესაძლებლობას. მოვდივარ ბიზნეს სექტორიდან და ამ მიმართულებით ჩემი გამოცდილება გამომადგება. შევეცდები მაქსიმალურად დავაინტერესო ბიზნესმენები, მეწარმეები, ჩემი ნაცნობები თუ პოტენციური ინვესტორები. ვფიქრობ შევძლებ დავარწმუნო ისინი, რომ წამოიწყონ ბიზნესი თელავში.
-როგორ ფიქრობთ, ახალი თვითმმართველობის კანონი იძლევა თუ არა საშუალებას, რომ ის ყველაფერი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რეალურად გაკეთდეს? როგორ ფიქრობთ, ის შემოსავლები, რომელიც ექნება ქალაქს, იქნება საკმარისი, რომ განვითარდეს, არ დარჩეს ერთ ადგილას და უზრუნველყოს სოციალური პასუხისმგებლობების შესრულება?
– ჩვენ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვაქვს და ყველგან, მათ შორის, ჩვენს ქალაქში, საკმაოდ დიდი დროა საჭირო, რომ ქალაქმა იარსებოს არსებული გადასახადებებით, შემოსავლებით და ა.შ. გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, ქალაქს ცენტრალური ბიუჯეტიდან სუბსიდიის მიღება მოუწევს, მაგრამ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ თელავს განვითარების საშუალება მიეცეს.
– რატომ უნდა მოგცეთ ხმა თელაველებმა?
– მოქალაქეებს მიეცათ უნიკალური საშუალება იმისა, რომ თვითონ აირჩიონ მერი, თავად გადაწყვიტონ როგორი მმართველი უნდა ჰყავდეთ და ამ ახალი მოდელით აქტიურად ჩაერთონ ამ ქალაქის აღმშენებლობაში. ცხოვრებაში დგება მომენტი, როდსაც ადამიანი აანალიზებს, რომ დაუგროვდა საკმაო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სურს თავისი ქალაქის პრობლემების გადაჭრას მოახმარს. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მინდა, რომ თელაველების მხარდაჭერა მოვიპოვო, მინდა ერთად დავუბრუნოთ ქალაქს ღირსება, შესაძლებლობა, რომ თელავი იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი მთელ ქვეყანაში.
– მოდით ვისაუბროთ თელავის პლუსებსა და მინუსებზე, პირველ რიგში, რა გახსენდებათ?
– ვერ ვიტყვი, რომ თელავს მენტალობიდან, ტრადიციებიდან გამომდინარე მინუსები აქვს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მინდა, რომ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ქალაქის განვითარებაზე. დღეს ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ ქალაქზე უნდა ზრუნავდეს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის მმართველი, მაგრამ აუცილებელია აღმშენებლობის პროცესში ჩართული იყოს ყველა მოქალაქე. ცხადია, მატერიალურ მონაწილეობს არ ვგულისხმობ, შეიძლება ინტელექტუალური რესურსით შეიტანო წვლილი, ან უბრალოდ ზრუნვით. მაგალითს მოვიყვან: მაშინ, როდესაც მწვავედ დგას თელავის დასუფთავების საკითხი, მაშინ, როდესაც ამორტიზებულია ტექნიკა, რომელიც განკუთვნილია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად, და ყველანი ამაზე ვსაუბრობთ, ყველა მოქალაქე უნდა ეცადოს, რომ გაუფრთხილდეს ქალაქს, ქუჩაში არ გადააგდოს პოლიეთილენის ბოთლი, სიგარეტის ნამწვი და სხვა, არ დაანაგვიანოს ქალაქი.
– საინტერესოა, როგორ მიიღებთ სამოქალაქო ინიციატივებს? თქვენთვის ინიციატივა იქნება საფუძველი იმისა, რომ პირდაპირ საქმისაკენ გიბიძგოთ?
– რა თქმა უნდა, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არის მიმართულებები, რომელთაც სჭირდება სპეციფიური ცოდნა, გამოცდილება. საზოგადოების ინიციატივები თუ სურვილები ასეთ შემთხვევაში ექსპერტების, სპეციალისტების განხილვის საგანი გახდება. საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც კომპეტენტურ წინადადებებს მომაწვდიან, აუცილებლად დავუჭერ მხარს.
– საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს კანდიდატის გუნდი. ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ გვერდში დაიყენებთ?
– ადამიანები პირველ რიგში, პროფესიული ნიშნით, გამოცდილებით იქნებიან არჩეულები, მათ უნდა უყვარდეთ საკუთარი ქალაქი, არ დაზოგონ თავი და რესურსი იმისთვის, რომ იღვაწონ ქალაქის აღმშენებლობისათვის. ყველა ადამიანი კონკურსის წესით დასაქმდება მერიის ადმინისტრაციაში.
– უკვე დასახელდნენ მერობის სხვა კანდიდატებიც, ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად და რეალურ ძალად არჩევნებში?
– არ მინდა გამოვყო რომელიმე კანდიდატი. ერთი რამ მსურს – არჩევნების შემდეგ დამარცხებულმა გულით მიულოცოს გამარჯვებულს და უსურვოს წარმატება.
– თუ განვითარდა მოვლენები ისე, რომ პლატონ კალმახელიძე დამარცხდა არჩევნებში, ამ შემთხვევაში შესთავაზებთ თუ არა მერს თქვენს ინიციატივებს?
– არჩევნებში გამარჯვებას ვვარაუდობ. ვფიქრობ, ამის ყველა შანსი მაქვს. ზოგადად კი, იდეების, გეგმების გაზიარება ნებისმიერი ადამიანისათვის შემიძლია.
– თელაველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წარმოშობას და ამბობენ, რომ ქალაქი სწორედ იმან უნდა მართოს, ვინც ამ ქალაქის მკვიდრია. თქვენს მშობლებზე და წარმოშობაზეც გვითხარით რამე, ასევე გვაინტერესებს თქვენი ქონებრივი მდგომარეობაც.
– დედაჩემი დაიბადა ქალაქ თელავში, მამაჩემიც თელაველი იყო და ბებია-პაპაც. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმომავლობას. მთავარია, ის იყოს ღირსეული. ამჟამად დედასთან ერთად ვცხოვრობ. მატერიალურად უზრუნველყოფილი ვარ, თუმცაღა, ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი ისე წარიმართა, რომ გაჭირვებაც გამოვიარე. დავიბადე საბჭოთა კავშირში და ჩემი სიყრმის წლები დაემთხვა ქვეყნის რღვევის პროცესს, რასაც მოჰყვა სიდუხჭირე ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველამ გამოსცადა თავის თავზე. 1998 წელს გარდამეცვალა მამა, მაშინ 18 წლის სტუდენტი ვიყავი. დედა პროფესიით ექიმია. მეც სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე, თუმცა ავირჩიე მენეჯმენტი, სამწუხაროდ შესაძლებლობა არ მქონდა სწავლა მედიცინის კუთხით გამეგრძელებინა. რაც შეეხება მენეჯმენტს, შემიძლია ვთქვა, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც მიყვარს.
– თუ გაქვთ ოჯახური ბიზნესი, მანქანა გყავთ?
– მაქვს თელავში სახლი, სადაც დღესაც ვცხოვრობ. საკუთარი მანქანა არ მყავს. არც ბიზნესი.