ახალი ამბები

საქართველოში ხორცისა და ცოცხალი ცხოველების იმპორტი მკაცრად კონტროლდება – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

უწყების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვეტერინარული მანიპულაცია ხორციელდება.

როგორც სააგენტოში BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, საქართველო, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) წევრი, აქტიურად აკვირდება რეგიონსა და მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკებს.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში ცხოველთა ინფექციური დაავადებების გამო ვითარება არასტაბილურია. რეგიონში გავრცელებული ცოფისა და პასტერელოზის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბელარუსის რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციის რიგი რეგიონებიდან პირუტყვის, ხორცისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოტანაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 13 მარტიდან შევიდა.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელარუსი, სადაც კარანტინი გამოცხადდა, საქართველოსთვის საქონლის ხორცის მთავარი იმპორტიორია.

“სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას ახორციელებს.

ამავდროულად, სააგენტო, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) წევრი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო, ყურადღებით აკვირდება და ახდენს შესაბამის რეაგირებას გლობალურად და რეგიონში ცხოველთა სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკებთან და მათ პრევენციასთან დაკავშირებით.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო, განმარტავს, რომ ქვეყანაში ცოცხალი ცხოველების და ხორცის იმპორტი მკაცრად კონტროლდება. კერძოდ, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის განხორციელებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვა.

სასაზღვრო კონტროლის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გამოყენებით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის შემოწმებას”, – წერია სააგენტოს პასუხში.