პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს
პარლამენტში ინიცირებულია ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონის პროექტი, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ამავე პროექტით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, პირს უკან უნდა დაუბრუნდეს და კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის სახელდაუდებლად ჩაითვალოს.
ბიუროს გადაწყვეტილებით “ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
ინიციატორთა განმარტებით, საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მაღალი ინფლაციითა და უმუშევრობით გამოიხატება, ადმინისტრაციულ სანქციებსა და საურავებს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დაუძლეველ ბარიერად აქცევს. ფრაქცია “საქართველოსთვის“ შეფასებით, ხშირად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174¹ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმების მოცულობა საშუალო სტატისტიკური ოჯახის თვიურ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად სცილდება, რაც მოქალაქეებს უკიდურეს სიღარიბეში აგდებს.
“ამასთანავე, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამოქალაქო კონსოლიდაციას. საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების გაუქმება განმუხტავს საზოგადოებაში არსებულ უსამართლობის განცდას“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

