საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ იღებენ
„გაიფილტრა მუშახელი – პოლონეთში დარჩა ცოტა, მაგრამ რეალური კადრები საქართველოდან“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პოლონეთში მომუშავე დასაქმების აგენტებმა განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ იღებენ.
იქამდე მოქმედი წესით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ პოლონეთში სამსახურის დაწყება. ცვლილებებს შემდეგ კი უკვე სტანდარტული პროცედურების გავლა უწევთ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ HR რეკრუტერმა ინგა კერვალიშვილმა განუცხადა, ბოლო წლებში პოლონეთში სამუშაოდ ჩასული ქართველები საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენდნენ, რაც ქართველი მუშახელის რეპუტაციაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა.
“მუშახელი გაიფილტრა. ბოლო პერიოდში, პოლონეთში, ძალიან ბევრი მხვდებოდა ისეთი, თვითონ რომ არ იცოდა, რისთვის იყო ჩამოსული”
„დასაქმების მსურველები ისევ არიან, მაგრამ საბუთები გაძვირდა და ამხელა ფინანსების გადახდის საშუალება არ აქვთ. ერთი მხრივ, მუშახელი გაიფილტრა. ბოლო პერიოდში, პოლონეთში, ძალიან ბევრი კანდიდატი მხვდებოდა ისეთი, თვითონ რომ არ იცოდა, რისთვის იყო ჩამოსული აქ.
უბრალოდ, იყიდა ბილეთი და წამოვიდა. ახლა ასე აღარ ხდება. ვინც ამ თანხებს გადაიხდის და ხარჯს გასწევს, მას უკვე ზუსტად ეცოდინება, ამ ქვეყანაში რა უნდა. პოლონეთში ამიერიდან ნამდვილი მუშახელი მოხვდება. ვინც სრული სერიოზულობით მიდის სამუშაოდ და ამისთვის ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად მზადაა.
მანამ გვხვდებოდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, დილას რომ დარეკავდა სამსახურის სათხოვნელად, დაუმზადებდი დოკუმენტებს და მეორე დღეს მუშაობა აღარ უნდოდა. სწორედ ამ დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით. ძალიან ბევრმა მენეჯერმა მითხრა, არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს სამსახურის მიმართო. ახლა დარჩა ცოტა, მაგრამ რეალური კადრები საქართველოდან.
თავიდან რომ ჩამოვიდნენ ქართველები, ძალიან კარგი ნაკადი იყო, კარგი ფონი შექმნეს. პოზიტიურად განაწყვეს ყველა ჩვენ მიმართ. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამსახურის მიმართ ქართველების დამოკიდებულება არასერიოზული იყო. წარმოიდგინეთ, შრომას წევ და მოულოდნელად ხაზზე აღარ გამოდის, აღარ გპასუხობს ტელეფონზე კანდიდატი, რაც ქართველებისთვის მასიურად დამახასიათებელი გახდა“, – აცხადებს ინგა კერვალიშვილი.
„3000-ზე მეტი ქართველი პოლონეთიდან უკან, საქართველოში დაბრუნდა“
პოლონურ ბაზარზე ქართველების დასაქმების სურვილის კლებაზე საუბრობს HR რეკრუტერი ირინა ნამიჭეიშვილიც. დასაქმების აგენტი “ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღება გართულდა, 3000-ზე მეტი ადამიანი პოლონეთიდან უკან, საქართველოში დაბრუნდა.
„აღარ უნდათ ქართველებთან თავის ატკივება. რადგან ზოგადი ფონი ასეთია, სამუშაო ნებართვები უკვე საკმაოდ რთული მისაღები გახდა თვითონ დამსაქმებლებისთვისაც. ყურადღების ცენტრში არიან, მკაცრად ამოწმებენ და სწორედ ამიტომ, იმ ობიექტებშიც კი, სადაც ძალიან უნდოდათ ქართველი თანამშრომლების დასაქმება, აღარ უნდათ.
დაახლოებით 50-60 ჩემი კანდიდატი დაბრუნდა უკან, საქართველოში და დღემდე ბრუნდებიან. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, შუამავლებმა ლეგალიზაციის საკითხებიც გააძვირეს ძალიან. თუ ადრე 1500 ზლოტამდე ღირდა, ახლა 3500-4500 ზლოტი მაინცაა ღირებულება. სადაც ჩემი 60 კანდიდატი უკან დაბრუნდა, რამდენი ადამიანი მუშაობდა პოლონეთში, წარმოიდგინეთ. ალბათ, 3000 და მეტი ქართველიც იქნება უკან დაბრუნებული.
ძალიან ბევრი ისევ რეკავს, მაგრამ რომ ვეუბნებით იმ თანხებს, რასთანაც დასაქმებაა დაკავშირებული, თავს იკავებენ. ფული არ აქვს ხალხს. მომსახურება ძალიან გაძვირდა“, – განაცხადა ირინა ნამიჭეიშვილმა.

