„შესაძლოა, მეტი რეგულაცია დაუწესდეთ საქართველოს მოქალაქეებს“ – რას ითვალისწინებს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის სტრატეგია
ევროკომისიამ ევროკავშირის ისტორიაში სავიზო პოლიტიკის პირველი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც შენგენის ზონაში შესვლაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
34travel-ს ინფორმაციით, შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, წელს იგეგმება უვიზო რეჟიმის განახლება, რომ უფრო ყურადღებით შეფასდეს, ვის შეუძლია მისი გამოყენება. ასევე, შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, უვიზო წვდომის ქვეყნებზე ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, კონტროლი გაძლიერდება.
სავიზო შეზღუდვები ქვეყნებზე გავლენის ინსტრუმენტი გახდება, რომლებიც უსაფრთხოებისა და მიგრანტების დაბრუნების საკითხებში ევროკავშირთან არ თანამშრომლობენ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზების გაცემა შესაძლოა, შეიზღუდოს ან შეჩერდეს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთა ქმედებები ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკს უქმნის.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გარკვეულ რეგულაციებს უნდა ელოდონ საქართველოს მოქალაქეებიც.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ განუცხადა, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებასთან საქმე არ გვექნება.
„შესაძლოა, უფრი მეტი კონტროლი იყოს ან მეტი რეგულაცია დაუწესდეთ საქართველოს მოქალაქეებს. წინასწარი რეგისტრაცია და შეტყობინების გაკეთება გახდეს სავალდებულო, მაგრამ არ მგონია, რომ საერთოდ გაუქმდება უვიზო მიმოსვლა. ასეთი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, უბრალოდ გარკვეულ გამკაცრებებთან გვექნება საქმე.
სავარაუდოდ, იქნება ცალკეული შეზღუდვები. შესაძლოა, უფრო გამკაცრდეს კონტროლი და ცოტა მეტი დისკომფორტი შეუქმნან მოქალაქეებს. პირობითად, გადაიხედოს შენგენის ქვეყნებში პირის მოგზაურობის ისტორია. ამასთანავე, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს წინასწარი შეტყობინების გაკეთება. წინასწარი განცხადება იმისა, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ჩასვლას აპირებთ. სასტუმროს ჯავშანიც შესაძლოა მოგთხოვონ. როგორც იყო ძალიან ბევრ ქვეყანასთან ადრე, თუნდაც ემირატებში. ელექტრონულ განაცხადს წინასწარ აკეთებდი და ავტომატურად მოგდიოდა დადებითი ან უარყოფითი პასუხი.
არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული ცვლილება იყოს. მით უფრო, ისეთი რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმდეთ. თუმცა, რა მოხდება და რა პოლიტიკური მდგომარეობა იქნება კონკრეტულად იმ მომენტისთვის, ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია. როცა არ იყო უვიზო რეჟიმი, მაშინაც კი არ გაჩერებულა მიმოსვლა. საკონსულოში წინასწარ ჩაწერა გიწევდა, მიდიოდი დათქმულ დროზე, აბარებდი საბუთებს და ხდებოდა ვიზების გაცემა. მე პირადად, მე-15 პასპორტი მაქვს საზღვარგარეთის და არასდროს პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა არ გასცემდნენ ვიზებს. მათ შორის, ეს შეიძლება მომხდარიყო იმის გამოც, თუ რაღაც დარღვევა ან გადაცდომა ჰქონდა პირს. შესაძლოა, რაზეც თვალს ხუჭავენ დღეს, მაგაზე თვალი აღარ დახუჭონ, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლის გაუქმების ტოლფასი ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა გიორგი თეთრაძემ.
გამსვლელი ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი მამუკა კელაურიძე კი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი ევროკავშირში შესვლა/გასვლის მართვის ახალი ციფრული სისტემის (EES) განმტკიცების პროცესია.
მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით, აღნიშნული სისტემა ყველა აეროპორტში ერთნაირი ეფექტურობით დანერგილი არ არის.
„ჩვენ რაც გვეხება, არის პირველი ეტაპი, რომელიც აეროპორტებში ჩასვლისას უკვე დაიწყო, თითის ანაბეჭდები, თვალის სკანირება და ა.შ. აეროპორტში შესვლის წესები უკვე დანერგილია, მოქმედებაშია. უბრალოდ, ასე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ვერ გასწორდნენ წელში. ზოგან მუშაობს, ზოგ აეროპორტში ხარვეზებით და ნაწილში საერთოდ არა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მეორე ეტაპიც კარგა ხანს არ შემოვიდეს, იმდენად არეული სიტუაციაა აეროპორტებში. დიდ აეროპორტებში დაიწყეს, პატარებში ჯერ-ჯერობით კარგად ვერ გამართეს სისტემა. სანამ პირველ ეტაპს ბოლომდე არ დახვეწენ, მეორე ეტაპზე გადასვლა გაუჭირდებათ. მეორე ეტაპი კი წინასწარ რეგისტრაციას, ონლაინ-ვიზების მსგავსი ფორმატის შემოღებას გულისხმობს“, – აცხადებს მამუკა კელაურიძე.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირში შესვლა/გასვლის მართვის ახალი ციფრული სისტემის (EES) პირველი ეტაპი 12 ოქტომბრიდან დაიწყო. ახალი პრაქტიკის საფუძველზე, უქმდება პასპორტებზე შტამპის ხელით დასმის პრაქტიკა. სისტემა ეტაპობრივად ინერგება და ძალაში უნდა შევიდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტში.
სიახლე ორეტაპიანია. მეორე ეტაპზე ETIAS სისტემის დანერგვაა დაგეგმილი. ეს არის ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემაა. Econsul- ის ინფორმაციით, 2026 წლის ბოლოდან ევროპის 30 ქვეყანაში საზღვრის კვეთისთვის 1.4 მილიარდ ადამიანს დასჭირდება სამოგზაურო ავტორიზაცია. ავტორიზაცია საჭირო იქნება 60-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

