ახალი ამბები

რუსეთში სანქცირებული ავტომობილების თაღლითური იმპორტის საქმეში საქართველოც ფიგურირებს – ევროკავშირის საგამოძიებო ოფისი

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისმა (OLAF-მა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ფართომასშტაბიანი სქემა გამოავლინა, რომელშიც ევროკავშირში ავტომობილების რამდენიმე ექსპორტიორი და მესამე ქვეყნების იმპორტიორები, მათ შორის, საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და მოლდოვიდან მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ OLAF-ის განცხადებაში წერია.

ოფისმა მასშტაბური საერთაშორისო გამოძიება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შესახებ დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან სანქციების დარღვევით 760-ზე მეტი ავტომობილის ექსპორტს, რაც სანქციების დარღვევით უკანონო მიწოდების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა. გამოვლენილია სულ 766 ავტომობილი, რომლებიც თურქეთში მიწოდებისთვის იყო დეკლარირებული, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ აღმოჩნდნენ.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირიდან მეორადი ავტომობილების საეჭვო ტვირთი აღმოაჩინა და მონაცემები OLAF-ს გადაუგზავნა. პოლონეთის საბაჟოს ცნობით, ავტომობილები სინამდვილეში რუსეთისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო OLAF-ის ფართომასშტაბიან სქემაში გამოვლენილი იმპორტიორები მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და მოლდოვიდან არიან.

OLAF-მა შეძლო, დაედგინა, რომ დეკლარირებულ დანიშნულების ადგილებს 766 ავტომობილიდან არცერთი არასდროს მიუღია. თითოეულ ავტომობილზე თვალთვალი დაწესდა, რამაც ლოგისტიკური ჯაჭვის რეკონსტრუქცია და ავტომობილების რუსეთში აღმოჩენა გახადა შესაძლებელი. გამოძიების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ევროკავშირის სამ წევრ სახელმწიფოში აღიძრა.

OLAF-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სალა საასტამოინენე ხაზგასმით აცხადებს, რომ სანქციებისგან თავის არიდების სქემები ევროკავშირის ზომებს ძირს უთხრის და მისი ოფისი სანქციების ეფექტური განხორციელებისა და მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად მუშაობას განაგრძობს.

ადრე პოლონეთის პოლიციამ ლუბლინში 20 პირი დააკავა, რომლებიც ლუქს-ავტომობილებით ვაჭრობაში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ჯგუფი სანქციების დარღვევის მიზნით ავტომობილების გაყიდვაში მონაწილეობდა. გამოძებამ დაადგინა, რომ 2021-იდან 2025 წლამდე ჯგუფი ოპერაციებს პოლონეთში, ჩეხეთში, ლიეტუვასა და გერმანიაში ეწეოდა. შედეგად პრემიუმ-კლასის ავტომობილები, BMW, Mercedes, Porsche, Lexus და Range Rover რუსეთსა და ბელარუსში, ძირითადად, ბელარუსული, აზერბაიჯანული და ყაზახური კომპანიების მეშვეობით უკანონოდ იგზავნებოდა. გამომძიებლების ცნობით, რუსეთში უკანონოდ, დაახლოებით, 600 ავტომობილი იქნა იმპორტირებული.

რუსული „ავტოსტატის“ დირექტორის, სერგეი ცელიკოვის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის რუსეთში Mercedes-Benz-ის მარკის 36 600 ავტომობილი იქნა იმპორტირებული, რაც 2024 წელთან შედარებით 47%-ით მეტია. Mercedes-Benz-ის მეორადი ავტომობილების იმპორტის, თითქმის, ნახევარი, ანუ 46% სამხრეთ კორეიდან იქნა შეტანილი. მეორე ადგილზე 23.3%-ით იაპონიაა, ხოლო 9.7%-იანი წლით მესამე ყველაზე დიდი მიმწოდებელი საქართველოა.

ცნობისთვის, აშშ-მ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში 50 000 დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილების ექსპორტი 2022 წლის მარტში აკრძალეს.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი ოფიციალურად აიკრძალა, იმავე წლის 26 სექტემბრიდან კი ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, ბელარუსსა და რუსეთში. ამ აკრძალვის შემდეგ, ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა. საქსტატის მონაცემებით, აკრძალვის შემდეგ დღემდე რუსეთში მხოლოდ 58 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, აქედან 2023 წლის აგვისტო-დეკემბერში – 41 ერთეული, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში – 8 ერთეული და 2025 წელს – 9. რაც შეეხება ბელარუსს, 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში 16 მსუბუქი მანქანის ექსპორტი განხორციელდა, 2024-2025 წლებში კი მხოლოდ 2 ერთეულის. აღსანიშნავია, რომ სანქციების ამოქმედებამდე რუსეთსა და ბელარუსში წლიურად ჯამში 2-იდან 5 ათასამდე ავტომობილი გადიოდა.