ახალი ამბები

“პლასტიკის ბოთლების აკრძალვით ფასი ლიტრზე მინიმუმ 2.5-ჯერ გაიზრდება”- Pepsi Georgia

საქართველოში 2027 წლიდან დაგეგმილი პლასტიკის ბოთლების აკრძალვა უალკოჰოლო სასმელების სექტორს კრიზისის წინაშე აყენებს.

„პეპსი საქართველოში“ აცხადებენ, რომ რეგულაცია პროდუქციის ფასს მინიმუმ 2.5-ჯერ გაზრდის, ადგილობრივ წარმოებას კი სრულად გაანადგურებს.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ნინო მამისაშვილი BMG-სთან აცხადებს, ქვეყანას მინის წარმოების საკმარისი რესურსი არ გააჩნია, რაც დარგს იმპორტზე სრულად დამოკიდებულს გახდის. მისი შეფასებით, წარმოების გადაწყობა დიდ ვადებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი ბაზარზე შესაძლოა ამ ტიპის სასმლის დეფიციტიც შეიქმნას.

“ჩვენი შეფასებით, იმ დროისთვის ანუ 2027 წლისთვის, როდესაც ეს რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, უალკოჰოლო სასმელების სექტორის წარმადობა 800 მილიონ ლიტრს მიაღწევს. აქედან 80% PET-შია წარმოდგენილი, რომელიც 2027 წლის პირველი თებერვლიდან აიკრძალება. შესაბამისად, მიწოდების ჯაჭვსაც რომ შევეხოთ, ჩვენ ამ PET-ს, ანუ პრეფორმას საქართველოში ვყიდულობთ. ამ პრეფორმის მწარმოებლებიც ქართული კომპანიები არიან, რომლებმაც ჩვენი და ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ამ საწარმოო ხაზებში ძალიან დიდი ინვესტიციები განახორციელეს. შესაბამისად ეს ერთი მხრივ ადგილობრივ შესყიდვაზე ნეგატიურ ეფექტს მოახდენს, ანუ ჩვენ ადგილობრივი შესყიდვა მთლიანად ამოგვივარდება და სრულად იმპორტზე დამოკიდებული გავხდებით, რადგან იმ ოდენობის მინა, რაც ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს პრაქტიკულად საქართველოში არ არის, შესაბამისად სრულად იმპორტზე უნდა გადავერთოთ. ამას ორმაგი ეფექტი ექნება, რადგან იმპორტი გაიზრდება, ადგილობრივი შესყიდვა კი შემცირდება – ეს ერთი მხარე.

მეორე მხრივ, მინა ადგილზეც რომ იწარმოებოდეს ისედაც ძვირია და იმპორტის შემთხვევაში ჩვენი შეფასებით, პროდუქტის ფასი 1 ლიტრზე მინიმუმ 2.5-ჯერ გაიზრდება. იმიტომ, რომ დიდ შეფუთვებს ვეღარ ვაწარმოებთ, ანუ ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ ახლა 2 ლიტრ შუშაში ჩამოვასხათ, ან ვინ წაიღებს იმ სიმძიმის იქნება,”- ამბობს “იბერია რეფრეშმენტსი – პეპსი საქართველოს” ფინანსური დირექტორი, ნინო მამისაშვილი.