ახალი ამბები

მთავრობა ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს – სოლომონ პავლიაშვილი

პლასტიკის პარკების შეზღუდვის შემდეგ, მთავრობა ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის ბოთლებში სასმელის გაყიდვის აკრძალვის შესახებ საუბრისას, ნარჩენების მართვის სახელმწიფო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბიოდეგრადირებადი პარკები ისეთივე მავნეა გარემოსთვის, როგორც პლასტიკის. მას არ დაუკონკრეტებია – როდიდან აპირებს ხელისუფლება ახალი შეზღუდვის ამოქმედებას.

„მდინარეებში ნარჩენების 88% არის პლასტმასი, მათ შორის დაქუცმაცებული პლასტმასი, ხოლო PET-ის ბოთლები 41%-ია, მათ შორის არის პლასტმასის ერთჯერადი ნაკეთობები, რაც ჩვენ უკვე ავკრძალეთ. ასევე არის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი პარკები, რომლის შეზღუდვასაც ჩვენ მომავალში ვაპირებთ, რადგან ესეც დამაბინძურებელია.

ჩვენ გარკვეული რეგულაციები დავაწესეთ, რომელმაც იმუშავა. ჩვენ შევთავაზეთ ევროსტანდარტი, ამერიკული და დიდი ბრიტანეთის სტანდარტი, რათა კონკურენცია შექმნილიყო და შევეცადეთ კონსტრუქციულები ვყოფილიყავით კერძო სექტორთან. მსოფლიო ბანკის კვლევაც ადასტურებს, რომ ბიოდეგრადირებადია პარკი თუ ოქსობიოდეგრადირებადია მაინც ისეთივე ნარჩენია, როგორც პლასტიკის პარკი. აუცილებელია უფრო მკაცრი ზომების მიღება, მაგრამ აქაც ჩვენ გვინდა სინქრონიზებული ვიყოთ კერძო სექტორთან.

მთავარი საფუძველი ის არის, რომ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკური ნებაა აქვს ნარჩენების პრევენცია განახორციელოს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის დამოკიდებულება აღსრულების მექანიზმები და რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობა“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. კანონის მიხედვით, იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ამასთან, 2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიც აიკრძალა.