ახალი ამბები

2025 წლის ბოლო 7 თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 000-ზე მეტი პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ბოლო 7 თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 000-ზე მეტი პირია დაკავებული.

“ნარკოტიკული დანაშაულისთვის, საქართველოს მასშტაბით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი”,
– განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 ადამიანი დააკავეს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, –
ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.