ახალი ამბები

საქართველოში საკუთრების უფლების დაცულობა გაუარესდა – Heritage Foundation-ის ინდექსი

The Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ 35-ე ადგილზეა მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საერთო შეფასება მცირედით – 0.6 ქულით – გაიზარდა და 69.6 ქულა შეადგინა, ინდექსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტში, საკუთრების უფლებების დაცულობაში, მკვეთრი გაუარესება დაფიქსირდა.

ინდექსი ქვეყნებს აფასებს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესისა და ვაჭრობის თავისუფლების, გადასახადების დონეების, ბიუროკრატიული ეფექტიანობის, ფინანსური სისტემის, საინვესტიციო გარემოსა და საკუთრების უფლებების დაცვის მიხედვით.

საკუთრების უფლებების მკვეთრი ვარდნა
2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ქულა საკუთრების უფლებების კომპონენტში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ წინა წელს ქვეყანა ამ მიმართულებით 62.3 ქულით ფასდებოდა, ახალი შეფასებით მაჩვენებელი 53 ქულამდე დაეცა. ეს ნიშნავს 9.3-ქულიან გაუარესებას, რაც ინდექსის კომპონენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნაა.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს საერთო პოზიციების გაუარესება დიდწილად სწორედ საკუთრების უფლებების დაცვის მდგომარეობის უკუსვლას უკავშირდება. ამასთან ერთად, შემცირებულია სასამართლოს ეფექტიანობისა და მმართველობის ხარისხის შეფასებებიც.

შეფასება წინა წლებთან შედარებით
მიუხედავად მიმდინარე წელს მცირე ზრდისა, საქართველოს საერთო შეფასება კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებელს. მაშინ ქვეყანას 76 ქულა ჰქონდა და მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებდა.

ამასთან, 2012–2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში შეფასება ყოველწლიურად 70 ქულაზე მეტი იყო, თუმცა 2023 წლიდან ეს ზღვარი აღარ გადალახულა.

სხვა კომპონენტების შედეგები
ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასებები ცალკეული კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

საკუთრების უფლება – 53 ქულა (ცვლილება: -9.3)
მთავრობის მთლიანობა – 59.9 ქულა (ცვლილება: +1)
სასამართლო ეფექტიანობა – 53.8 ქულა (ცვლილება: -1.5)
საგადასახადო ტვირთი – 87.8 ქულა (ცვლილება: -1.3)
მთავრობის ხარჯები – 73.9 ქულა (ცვლილება: +1)
ფისკალური ჯანმრთელობა – 89.1 ქულა (ცვლილება: +13.2)
ბიზნესის თავისუფლება – 76.6 ქულა (ცვლილება: -1.5)
შრომის თავისუფლება – 64 ქულა (ცვლილება: +0.5)
ფულადი თავისუფლება – 70.2 ქულა (ცვლილება: +4.9)
ვაჭრობის თავისუფლება – 86.8 ქულა (ცვლილება: +0.6)
ინვესტიციის თავისუფლება – 60 ქულა (ცვლილება: 0)
ფინანსური თავისუფლება – 60 ქულა (ცვლილება: 0)
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ფისკალური ჯანმრთელობის მიმართულებით, სადაც საქართველოს შეფასება 75.9-დან 89.1 ქულამდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, ეს ძირითადად სახელმწიფო ვალის შემცირებულ მაჩვენებელს უკავშირდება მშპ-სთან მიმართებით.

რეგიონული შედარება
რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს შედეგები ასეთია:

სომხეთი – 67.1 ქულა, 52-ე ადგილი
აზერბაიჯანი – 64.3 ქულა, 67-ე ადგილი
თურქეთი – 55 ქულა, 117-ე ადგილი
რუსეთი – 50.3 ქულა, 145-ე ადგილი