გაიცანით ხელოვანი თელავიდან, რომელიც ხელნაკეთ სამკაულებს განსხვავებული ტექნოლოგიით ამზადებს
თელავში მცხოვრები ახალგაზრდა, ანა ბაბიშაშვილი, ფოამირანის მასალისგან სხვადასხვა ფორმის ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. ამ ეტაპზე მისი ნამუშევრები თმის სამაგრებს, აბადოკებსა და გულსაბნევებს მოიცავს.
ანა Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებისა, საყვარელ საქმეს, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა, არ ივიწყებდა. რამდენიმე წლის წინ კი მან, ოჯახური პირობების გამო, სამსახური დატოვა, შექმნა ,,ჯორჯანას სახელოსნო“ და საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია.
ის თავდაპირველად ფერადი ცელოფნების გადამუშავებით საახალწლო დეკორაციებს ამზადებდა, შემდეგ კი ,,ფოამირანის“ შესახებ შეიტყო, რომლის გადამუშავებითაც სხვადასხვა სახის ნივთებს ქმნის.
,,ვცხოვრობ ქალაქ თელავში, მყავს მეუღლე და ერთი შვილი, 3 წლის ალექსანდრე. წარმოშობით თელავის რაიონ სოფელ რუისპირიდან ვარ. დავამთავრე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს, ჩემი პროფესიით არასოდეს არ მიმუშავია. ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი თელავის რეფერალური საავადმყოფოს მიმღების რეგისტრატურაში, შემდეგ იყო ლიბერთი და თიბისი ბანკები, სადაც გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობდი.
თუმცა ალექსანდრეს დაბადებამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვსულიყავი და ჩემი შვილი თვითონ გამეზარდა, ძიძის დახმარების გარეშე. სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა სურვილი მქონოდა ჩემი საქმე. ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება. ვწერდი ლექსებს, მიყვარდა ხატვა.
თავდაპირველად დავიწყე საახალწლო დეკორაციების და ხელნაკეთი ნაძვის ხეების დამზადება, თუმცა, როდესაც საახალწლო ფუსფუსმა გადაიარა, მე კვლავ საქმის გარეშე დავრჩი. შემდეგ დავიწყე ცელოფანის ფერადი პარკების დამუშავება და მათგან ხელოვნური ყვავილების დამზადება, თუმცა ხელოვნურ ყვავილებზე მოთხოვნა ნაკლებად არის და დავიწყე სხვა გზის ძიება.
ინტერნეტ სივრცეში ხშირად მხვდებოდა პოლიმერული თიხისგან დამზადებული ნაკეთობები, მე კი მინდოდა რაიმე სხვა ალტერნატივა მომეძებნა და შემთხვევით გადავაწყდი ,,ფოამირანს,’’ რაც ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის. ეს არის ანტიალერგიული, ანტიტოქსიკური მასალა, რომელზე მუშაობაც საოცარ სიამოვნებას მანიჭებს,’’-აცხადებს ანა.
ანა ამ დროისთვის სხვადასხვა ფორმისა და სირთულის თმის სამაგრებს, აბადოკებსა და გულსაბნევებს ამზადებს. იგი ასევე განმარტავს, რომ ყველაფერს საკუთარი დიზაინით და გემოვნებით ამზადებს, შემდეგ კი სამიზნე აუდიტორიას უზიარებს.
,,ჩემი პირველი ორი ნამუშევარი იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ დღემდე მაქვს და მათი გაყიდვა არც მიფიქრია, ერთ-ერთია ფერადი გვირილები წულის ქსოვილზე. ვამზადებ როგორც თმის სამაგრებს, ასევე აბადოკებს და გულსაბნევებს. ბოლო დროს ხშირად მთხოვენ გულსაბნევების დამზადებას. როდესაც რაიმეს ვაწყობ, ისე ვერთვები ამ პროცესში, რომ დროის შეგრძნებას სრულიად ვკარგავ.
თითოეულ დეტალს, ყვავილის ფურცელი იქნება ეს თუ ფოთოლი, ყველაფერს ხელით ვამუშავებ, ყოველგვარი ყალიბის გარეშე. ჩემი ხელნაკეთი თმის სამაგრები და გულსაბნევები ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. შევქმენი ფეისბუქ გვერდი ,,ჯორჯანას სახელოსნო“, სადაც გამომწერებს მუდმივად სიახლეებს ვთავაზობ. რეალიზაციასაც სწორედ ინტერნეტის მეშვეობით ვახდენ და მომხმარებელს საკურიერო მომსახურებას ვთავაზობ მთელი საქართველოს მასშტაბით,’’- აცხადებს ანა ბაბიშაშვილი.
როგორც ხელოვანი აცხადებს, მის ნამუშევრებზე მოთხოვნა მაღალია, რადგან მსგავსი ტექნოლოგიით ნივთებს ბევრი არ ამზადებს. ახალგაზრდა დამზადებულ ნივთებს ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
,,ჩემს ნამუშევრებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება კონკურენციას, ,,ფოამირანის’’ მასალისაგან დამზადებული მსგავსი ნაკეთობები პირადად მე არ შემხვედრია. ერთი წელი ხდება რაც ამ ხელოვნებით ვარ დაკავებული და მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
შეკვეთებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინტერნეტის საშუალებით ვიღებ, ნამუშევრების დიზაინს რაც შეეხება, თავისუალ დროს ბუნების ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, სწორედ ეს არის ჩემი ინსპირაციის წყარო. ჯერჯერობით არ მყავს დამხმარე და თვითონ ვართმევ თავს. ნამუშევრების დასამზადებლად საჭირო მასალას ინტერნეტ საიტებიდან ვიწერ და ამ მხრივ პრობლემა არ მექმნება. სამომავლოდ მინდა ,,ჯორჯანას სახელოსნოს‘’ პოპულარიზაცია.’’